სარეცხის მანქანაში რეცხვის ან საშრობის გამოყენების შემდეგ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტანსაცმელი ზომაში პატარავდება. ეს პრობლემა, ერთი შეხედვით, რთულად მოსაგვარებელია, თუმცა არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ქსოვილისთვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.
რატომ იცვლის ქსოვილი ფორმას და ზომას?
ყველაზე ხშირად ქსოვილის შეკუმშვა რეცხვის არასწორი რეჟიმის შერჩევის შემთხვევაში ხდება. ამ დროს წყლის ტემპერატურა საჭიროზე მაღალია ან არასათანადო საწმენდი საშუალებები არის გამოყენებული. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად კარგად უნდა გაეცნოთ ტანსაცმელზე დატანილ ეტიკეტებს, სადაც შესაბამისი რეკომენდაციებია მოცემული.
როგორ მოვიქცეთ თუ ტანსაცმელი დაპატარავდა?
შეკუმშული ქსოვილის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად რამდენიმე მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ.
გამოიყენეთ ბავშვის საპონი
აიღეთ ბავშვებისთვის რეკომენდებული საპონი ან შამპუნი, წაისვით ხელებზე და გაჭიმეთ ქსოვილი სასურველ ზომამდე. ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ და სულ ბოლოს ქსოვილი სუფთა წყლით გარეცხეთ. თუმცა გახსოვდეთ, როგორც კი მას სარეცხის მანქანაში დააბრუნებთ, ის კვლავ შეკუმშულ ფორმას მიიღებს.
გამოიყენეთ თმის კონდიციონერი
სასურველი ტანსაცმელი 5 წუთის განმავლობაში დაასველეთ კონდიციონერის ნარევში. მის მისაღებად 3 კოვზ კონდიციონერს შეურიეთ დაახლოებით ერთი ლიტრი თბილი წყალი. ამის შემდეგ ქსოვილი კარგად გაავლეთ სუფთა წყალში და დატოვეთ გასაშრობად.
გამოიყენეთ პირსახოცი
ბამბის ქსოვილებისთვის ყველაზე ეფექტური სწორედ ეს მეთოდია. დაპატარავებული ტანსაცმელი თბილ წყალში დაასველეთ, მოათავსეთ პირსახოცზე, გადაახვიეთ და გაჭიმეთ სასურველ ზომამდე.
გაჟღინთეთ წყლით
შეკუმშული ქსოვილი დაასველეთ ცივი წყლით, შემდეგ კი საჭიროებისამებრ გაჭიმეთ ის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
გამოიყენეთ ძმარი
აიღეთ 3 პროცენტიანი ძმარი, რომელსაც ქსოვილს ღრუბელის დახმარებით წაუსვამთ და დატოვეთ ნივთი გასაშრობად საკიდზე. მშრალი ტანსაცმელი გაავლეთ ცივ და სუფთა წყალში და ხელახლა გააშრეთ.
ეს მარტივი მეთოდები არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ თქვენი ტანსაცმელი სასურველ მდგომარეობას უმალვე დაუბრუნდება, თუმცა ისინი ნამდვილად დაგეხმარებიან ქსოვილის ზომების თავდაპირველ მდგომარეობასთან მიახლოებაში. გახსოვდეთ, თუ ეტიკეტებზე დატანილ წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, შეკუმშვისა და დეფორმირების პრობლემას სამუდამოდ მოიშორებთ თავიდან.