in

ახალაშენებული ბინის შეძენისას დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა

უძრავი ქონების შეძენა მეტად საპასუხისმგებლო საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამ პროცესისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. დღევანდელ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ შეცდომებზე ვისაუბრებთ, რასაც ყველაზე ხშირად უშვებენ მესაკუთრეები ახლად აშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას.

შეცდომა №1: ბინის შერჩევა მხოლოდ ფასზე დაყრდნობით

თუ ბინის არჩევისას მხოლოდ ფასით იხელმძღვანელებთ, შესაძლოა, საბოლოოდ ისეთი ვარიანტი შეარჩიოთ, რომელიც, რეალურად, თქვენს მოთხოვნებს არ შეესაბამება. იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული სხვადასხვა შეთავაზებები ერთმანეთს შეადაროთ, კრიტერიუმებში უნდა ერკვეოდეთ. აი, რამდენიმე მათგანი: სართულზე ბინების რაოდენობა, კედლების სისქე, უსაფრთხოება, პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების ხელმისაწვდომობა და ა. შ.

ეს ყველაფერი ფასზეა დამოკიდებული. რაც უფრო კარგია მახასიათებლები, მით უფრო ძვირია ბინა, ხოლო მასში ცხოვრება მეტად კომფორტული იქნება.

შეცდომა №2: მხოლოდ ბინის გეგმარებაზე ორიენტირება — გარემოს გათვალისწინების გარეშე

კერძო სახლისგან განსხვავებით, ბინა თავისთავად არ არსებობს. თუ სართულზე ბევრი ბინაა განთავსებული, მაშინ საცხოვრებელი შეიძლება ჰოსტელს დაემსგავსოს. ხშირად ასეთ ბინებს შემდგომი გაქირავების მიზნით ყიდულობენ, ეს ცალკე პრობლემაა, რადგან მოიჯარეების შემადგენლობის მუდმივად შეცვლასთან შეგუება მოგიწევთ. შეგაწუხებთ უწესრიგობა, გაჭუჭყიანებული კედლები, ხმაური. რომ აღარაფერი ვთქვათ ლიფტთან გაჩენილ რიგებზე. ბუნებრივია, ასეთ კორპუსში ბინა უფრო იაფი იქნება.

სწორედ ამიტომ, დაჟინებით მოითხოვეთ, რომ დეველოპერულმა კომპანიამ სრული სართულის გეგმა გაჩვენოთ.

შეცდომა №3: დასკვნა, რომ სააგენტოების ბაზაში ინფორმაცია ყველა ახალი შენობის შესახებ მოიპოვება

ადამიანები სააგენტოებს ხშირად დროის დაზოგვისა და ახალი შენობების შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიღების მიზნით უკავშირდებიან. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არცერთ სააგენტოს არ გააჩნია მონაცემთა ბაზა ყველა ახალი შენობის შესახებ. ბევრ დეველოპერულ კომპანიას აქვს საკუთარი გაყიდვების განყოფილება და ბინებს დამოუკიდებლად ყიდის.

შეცდომა №4: ვარაუდი, რომ ყველა დეველოპერული კომპანია ერთსა და იმავე სამშენებლო ტექნოლოგიას იყენებს

ორი, ერთი შეხედვით მსგავსი, შენობის სტრუქტურა შეიძლება, რეალურად, ძალიან განსხვავებული იყოს. მაგალითად, შესაძლოა ერთ შენობას ბევრად უფრო სქელი გარე კედლები ჰქონდეს, ვიდრე — მეორეს. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოიძიეთ კომპანია, რომელიც თანამედროვე, დახვეწილ სამშენებლო ტექნოლოგიას იყენებს.

შეცდომა №5: ბევრი სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენების შესახებ დეველოპერული კომპანიების დაპირებებზე დაყრდნობა

ახლა ბევრი დეველოპერული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ააშენებს სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კლინიკებს და ა.შ. ამ განცხადებებს უნდა დაერთოს დაწესებულების მიერ მომზადებული პროექტი, მშენებლობის ნებართვის აღება და სამშენებლო პროცესის დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლების ან საბავშვო ბაღების გამოჩენას არც უნდა ელოდოთ.

შეცდომა №6: დაპირებების დაჯერება, რომ პირველ სართულზე პოლიკლინიკები, ბანკები ან სხვა დაწესებულებები გაიხსნება

ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერული კომპანია შეინარჩუნებს კომერციულ ფართს და სათანადო მოიჯარეებს თავად შეარჩევს.

თუმცა, როგორც ცნობილია, დეველოპერული კომპანიების უმეტესობა ყიდის კომერციულ ფართებს და კარგავს შესაძლებლობას, ზეგავლენა იქონიოს მათ დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე. ახალი მფლობელები კი ფართს იყენებენ იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მაქსიმალურ მოგებას მოიტანს. ამ შემთხვევაში სასარგებლო და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მოლოდინი ნუ გექნებათ.

შეცდომა №7: ბინების მხოლოდ ფართობის მიხედვით შედარება

შესაძლოა ბინა დიდი, მაგრამ საცხოვრებლად არასაკმარისი იყოს. ვიწრო დერეფანში კარადა ვერ თავსდება, აბაზანაში სარეცხი მანქანა ვერ ეტევა და ა. შ. ასეთი ბინის შეძენის შემთხვევაში, დამატებითი კვადრატული მეტრებისთვის ზედმეტის გადახდა მოგიწევთ.

შეცდომა №8: ბინის შეძენა მისი ნახვის გარეშე

თუ თავად ქალაქში ან ქვეყანაში არ იმყოფებით და თქვენთვის ბინის შეძენა სხვა ადამიანს დაავალეთ, შეიძლება საბოლოოდ უკმაყოფილო დარჩეთ. ბინის შესაძენად მხოლოდ ფოტო/ვიდეო მასალის ნახვა და სხვისი რეკომენდაციების მოსმენა საკმარისი არ არის, რადგან სახლი არის ადგილი, რომელიც თავად უნდა შეიგრძნოთ. ამას კი მისი მონახულების გარეშე ვერ შეძლებთ.

შეცდომა №9: დეველოპერული კომპანიის მხოლოდ რეკლამების საფუძველზე ნდობა

კომპანიის ცნობადობა მის სანდოობას არ უნდა დაუკავშიროთ. პირველ მათგანს ბევრი რეკლამა (ანუ ფული) აყალიბებს, ხოლო მეორეს — კომპანიის ისტორია და რეპუტაცია. გაარკვიეთ, რამდენი წელია კომპანია ბაზარზე ოპერირებს, იცავდა თუ არა შენობების ექსპლუატაციაში ჩაშვების ვადებს, როგორი რეკომენდაციებით სარგებლობს ის და ა. შ.

შეცდომა №10: ბინის სესხით შეძენა შედეგებზე ფიქრის გარეშე

ბინის სესხით შეძენისას თქვენთვის იქმნება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თანხა ეტაპობრივად უნდა დაფაროთ. ამასთან, გარკვეულ დეველოპერულ კომპანიებს შიდა განვადების სერვისიც აქვს. ორივე შემთხვევაში აუცილებელია, პირობებს კარგად გაეცნოთ, დააზუსტოთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ მთლიანობაში, განსაზღვროთ, რამდენად შეძლებთ შედგენილი გრაფიკის მიხედვით თანხის დაფარვას, რა მოხდება მისი დარღვევის შემთხვევაში და ა. შ. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გაარკვიოთ, რათა შემდეგ უსიამოვნო მოულოდნელობის წინაშე არ აღმოჩნდეთ.

Electrics.ge როგორც დიზაინერებისა და ელექტრიკოსების სამოთხე – ინტერვიუ მარიამ ქუთათელაძესთან

ტური Camila Cabello-ს ლოს ანჯელესის სახლში