ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, აქტუალური ხდება რადიატორების შერჩევის საკითხი, რომელიც სახლების უმეტესობაში გათბობის მთავარი წყაროა. რადიატორი, გარდა შიდა სივრცეში შესაბამისი ტემპერატურის უზრუნველყოფისა, დიდ გავლენას ახდენს ენერგოეფექტურობის საკითხებზე და მაცხოვრებელთა კომუნალურ ხარჯებს განსაზღვრავს. ასევე, ის ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტიცაა, რომელიც სივრცის საერთო სურათზე ზემოქმედებს. მისი შეძენისას მომხმარებლები ხშირად შეცდომას უშვებენ და არასწორ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას, რაც გამოყენების პროცესში გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ დღევანდელ სტატიაში იმ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც სწორი რადიატორების შეძენასა და შეცდომების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.
თბოდანაკარგი და სივრცის ზომის უგულებელყოფა — უპირველესი შეცდომა, რომელსაც მომხმარებლები გათბობის სისტემის არჩევისას უშვებენ, თბოდანაკარგის კოეფიციენტის უგულებელყოფაა. აღნიშნული პარამეტრი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა: სივრცის მოცულობა, ბინის განლაგება, სართული, ფანჯრების რაოდენობა, თბოსაიზოლაციო მასალების ხარისხი და ჭერის სიმაღლე. თითოეული კომპონენტის დაჯამებით დგინდება თბოდანაკარგის კოეფიციენტი, რომლის საფუძველზე ირჩევა შესაბამისი სიმძლავრისა და ზომის რადიატორი, რომელიც სივრცეს ეფექტურად გაათბობს.
მასალის არასათანადოდ შერჩევა — რადიატორის ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს მასალა, რომელიც თბოგამტარობაზე ზემოქმედებს. არასწორად შერჩეულმა პროდუქტმა კი შესაძლოა ფინანსურ ზარალთან ერთად, ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დისკომფორტი შეგიქმნათ. მაგალითად, ფოლადისგან დამზადებული რადიატორი იაფი ჯდება, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია. ხოლო ალუმინის რადიატორი პირიქით, უფრო ძვირადღირებული პროდუქტია, მაგრამ მაღალი გამტარობით ხასიათდება და სივრცე სასურველ ტემპერატურას მალე აღწევს. ამასთანავე, ფოლადისგან განსხვავებით, ნაკლებ წყალსა და გაზს მოიხმარს და უფრო ენერგოეფექტურია.
ნაკლები ცოდნა რადიატორის ტიპების შესახებ — მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომას და რადიატორების ტიპების შესახებ ინფორმაციას არ იძიებენ, შესაბამისად, მოხმარების დროს გარკვეულ უკმაყოფილებას აწყდებიან. დღესდღეობით ბაზარზე, ძირითადად, არსებობს სამი ტიპის პროდუქტი: პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორი. მაგალითად, პანელურ რადიატორს, რომელიც ფოლადისგან მზადდება, ბაზარზე შედარებით დაბალი ღირებულება აქვს, მაგრამ ნაკლები ენერგოეფექტურობითა და სითბოს გამტარობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ ფაქტორის გათვალისწინება ყიდვის პროცესში აუცილებელია. სექციური რადიატორი კი ალუმინისგან დამზადებული, სექციებად დაყოფილი მოდელია, რომელიც მრავალფეროვანი დიზაინისაა და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. დეკორატიული რადიატორის მთავარი უპირატესობა მისი დიზაინი და მრავალფეროვანი ვიზუალური მხარეა, მუშაობის თვალსაზრისით კი შედარებით ნაკლები ეფექტურობით სარგებლობს.
დიზაინისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა — რადიატორების შეძენისას მომხმარებელთა უმეტესობა პროდუქტის ფუნქციურობაზე ამახვილებს ყურადღებას და მის ესთეტიკურ მახასიათებლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რაც არასწორია. მით უმეტეს, თანამედროვე დიზაინში, სადაც თითოეულ დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საერთო ესთეტიკა სხვადასხვა ელემენტის გაერთიანებით იქმნება. ამიტომ, შეძენამდე სასურველია, რადიატორი არა მხოლოდ მისი ფუნქციურობისა და ფასის მიხედვით შეარჩიოთ, არამედ ის თქვენი ინტერიერის სტილისტიკასა და დიზაინს მიუსადაგოთ.
რადიატორის არასწორი მონტაჟი — კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც მაცხოვრებლები უშვებენ, რადიატორის მონტაჟსა და მის სწორად განთავსებას უკავშირდება. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც რადიატორს ფანჯარასთან ახლოს ათავსებენ, ან ავეჯითა თუ დეკორაციით მისთვის ხელოვნურ ბარიერს ქმნიან. ეს, ცხადია, ხელს უშლის სითბოს სრულყოფილ გავრცელებას, თბოდანაკარგის ზრდას და ოთახი არასათანადოდ თბება.
ამგვარად, იმისათვის, რომ ეფექტური, ჩვენს სივრცეზე მორგებული რადიატორი შევიძინოთ და შეცდომები თავიდან ავიცილოთ — თბოდანაკარგის რაოდენობას, ოთახის მოცულობას, მონტაჟის სპეციფიკას, რადიატორის მასალას, ტიპსა და დიზაინს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
რუბრიკის წარმომდგენია მაქსთერმი