in

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ ცალკე მდგომი აბაზანა?

ცალკე მდგომ აბაზანას ინტერიერში მრავალფეროვანი ხასიათი შემოაქვს. დახვეწილი გარეგნობის წყალობით, ამ ტიპის აბაზანა მუდმივად პოპულარულია და მასზე მოთხოვნა არ წყდება. მართალია, შერჩევის პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ, რამაც შეიძლება ყიდვის პროცესში დაგაეჭვოთ, თუმცა ექსპერტები გვაძლევენ რამდენიმე რეკომენდაციას, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგვეხმარება.

ცალკე მდგომ აბაზანას აქვს რამდენიმე უპირატესობა. გამორჩეული დიზაინის გარდა, მოწყობილობაში დაფარულია მილები და სანტექნიკის ძირითადი ნაწილი. ამასთანავე, მისი დამონტაჟება შესაძლებელია აბაზანის ნებისმიერ ნაწილში, თუნდაც მის ცენტრში.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, პირველ რიგში, ცალკე მდგომი აბაზანის ღირებულება შედარებით მაღალია, ვიდრე სტანდარტული მოდელის. ამასთან, მას უფრო რთული და კომპლექსური მონტაჟის სპეციფიკა აქვს და ზოგჯერ მილების დასამალად წინასწარი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაც კი ხდება საჭირო.

ყოველივე ამის შემდეგ, შეგიძლიათ გადახვიდეთ სასურველი მასალის შერჩევის პროცესზე. ცალკე მდგომ აბაზანას, ძირითადად, რამდენიმე მასალისგან ამზადებენ.

აკრილის აბაზანა ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვა მოდელები, რადგან ის შედარებით ხელმისაწვდომია, აქვს მინიმალური წონა და თბოგამტარობა. მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ აკრილზე საკმაოდ მარტივად ჩნდება ნაკაწრები და კვალი შეიძლება ქიმიურმა საწმენდმა პროდუქტებმაც კი დატოვოს.

ფოლადის ცალკე მდგომი აბაზანა შედარებით გამძლეა, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანიც, რადგან წყლის ნაკადი დიდი ძალით ეცემა ზედაპირზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მინანქრის საფარი შეიძლება დეფორმირდეს, რადგან ფოლადი მარტივად იცვლის ფორმას დატვირთვის შედეგად.

თუჯის აბაზანა კლასიკური მოდელია, თუმცა მისი შეძენა ყოველთვის გამართლებული არ არის. თუჯი ბინებში იშვიათად გამოიყენება, რადგან ძალიან მძიმეა. მიუხედავად ამისა, გამოირჩევა გამძლეობითა და კომფორტულობით.

მარმარილო აბაზანას საშუალებას აძლევს, რომ გამოავლინოს თავისი საუკეთესო მხარეები, პირველ რიგში, ის ძალიან ელეგანტური და დახვეწილია, გარდა ამისა, კარგად ინარჩუნებს სითბოს და საკმაოდ გამძლეა.

ცალკე მდგომი აბაზანა ძირითადად გამოიყენება დიდი ზომის სივრცეებში. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ კომპაქტური მოდელებიც, რომელთა ზომებიც გაცილებით ნაკლებია.

რაც შეეხება ონკანს, რომელიც აბაზანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი არჩევა ხდება სამი ძირითადი კატეგორიიდან:

გრძელ ღერძზე დამაგრებული ონკანი – საკმაოდ ლამაზი და დახვეწილია, თუმცა მისი მონტაჟი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

გვერდითი ონკანი – არის კომპაქტური და მარტივი გამოსაყენებელი, გააჩნია სარქველები, ბერკეტი ან თერმოსტატი, მაგრამ აუცილებელია, რომ აბაზანას ჰქონდეს შესაბამისი წერტილები ასეთი მოდელის დასაყენებლად.

კედელში ჩაშენებული ონკანი – მიმზიდველია მისი ღირებულების გამო, თუმცა მოითხოვს, რომ ცალკე მდგომი აბაზანა უშუალოდ კედლის სიახლოვეს იყოს დამონტაჟებული.

შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცალკე მდგომი აბაზანა ელეგანტური და დახვეწილი მოდელია, რომელიც შესაფერისია დიდი ზომის სააბაზანოებისთვის. მისი მონტაჟი გარკვეულ თავისებურებებთან არის დაკავშირებული და გასათვალისწინებელია ღირებულებაც, თუმცა თუ არჩევანს ამ ტიპის პროდუქტზე გააკეთებთ, აბაზანაში კომფორტული და მყუდრო გარემო გარანტირებული გექნებათ.

ბინა დიდი ვიტრაჟებით და ხელნაკეთი ნივთებით – “ჩანჩიკას” ინტერიერი ბაგებში

დომინანტური მწვანე და წითელი ინტერიერში – სახლი ინგლისში