in

5 რჩევა სივრცის სწორი გეგმარებისთვის — შორენა ოქროპირიძის გზამკვლევი

სივრცის გეგმარება საცხოვრებელი სახლის მოწყობისას უმთავრეს როლს ასრულებს, სწორედ მისი მეშვეობით ეძლევა ინტერიერს სასურველი სახე. დიზაინერი შორენა ოქროპირიძე დღევანდელ სტატიაში გვიზიარებს საინტერესო რჩევებს გეგმარებასთან დაკავშირებით და მის ძირითად პრინციპებზე გვესაუბრება.

„კომფორტული ბინის მისაღებად, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი, სივრცის სწორად დაგეგმარებაა. სახლი ის ადგილია, სადაც დატვირთული დღის შემდეგ თავს კომფორტულად და მშვიდად უნდა გრძნობდე, ამიტომ თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა“, — აღნიშნავს შორენა.

ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინება

დიზაინერი გვესაუბრება საერთო სივრცის დაგეგმარების მნიშვნელობაზე, რადგან სწორედ აქ ვატარებთ ყველაზე დიდ დროს. ამასთანავე, სახლის მოწყობისას აუცილებელია თითოეული ოჯახის წევრის ინტერესისა თუ გემოვნების გათვალისწინება, რათა მაცხოვრებლებმა თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნონ.

„პირველ რიგში, სწორად უნდა დაიგეგმოს საერთო სივრცე, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ პირად სივრცეებზეც, სადაც დატვირთული დღის შემდეგ ვისვენებთ. იმის გამო, რომ სახლში განსხვავებული ხასიათების ადამიანები ცხოვრობენ, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს თითოეული მათგანის ინტერესი. ამასთანავე, უნდა განისაზღვროს მაცხოვრებლების კომფორტული ზონები,  დღის რა მონაკვეთში უწევთ მათ სახლში ყოფნა. თითოეული დეტალის წინასწარ გათვლა  ყველასათვის სასურველი სივრცისა და კომფორტული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ“.

ფერები

ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, რომ ფერები სახლის ფართობის მიხედვითაც შევარჩიოთ, რადგან ისინი დიდ გავლენას ახდენს სივრცის აღქმაზე.

„თუ ბინა შედარებით პატარაა, სასურველია, გამოიყენოთ მშვიდი, ღია პასტელური ფერები, რათა სივრცის აღქმა გაზარდოთ. დიდი ბინის შემთხვევაში, შედარებით ნაკლებად ხართ შეზღუდული მასალების შერჩევაში, მაგრამ რეკომენდებულია აქაც ნაკლებად დატვირთოთ ოთახი მკვეთრი, მუქი ფერებით, რადგან თავიდან აიცილოთ რემონტის განახლებაზე ფიქრი“.

დიზაინერის აზრით, ფერების შემოსატანად იდეალური გზაა აქცენტირებული დეტალების გამოყენება, რომლებიც მობეზრების შემთხვევაში მარტივად შეცვლადია.

განათება

სივრცეში განსაკუთრებულ ეფექტს განათება ქმნის, ამიტომ შორენა ამ დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას და სახლში თბილი განათების გამოყენებას გვირჩევს.

„ბინაში დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ბუნებრივ, ასევე, ხელოვნურად შექმნილ განათებას. ამიტომ, უმჯობესია სახლში თბილი ტონის სანათები გამოვიყენოთ, რომლებიც სასიამოვნო გარემოს ქმნის და სივრცეს მყუდროებას მატებს“.

ავეჯი 

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ავეჯი დიზაინის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუმცა ინტერიერის შექმნის პროცესში უნდა გვახსოვდეს ზომიერება, რათა სახლი არ გადავტვირთოთ და მაქსიმალურად ფუნქციური, კომფორტული ავეჯი შევარჩიოთ. შეგვიძლია განსხვავებული ფერების გამოყენებაც, მთავარია ყველა დეტალი ერთმანეთს უხდებოდეს, ერთობლივად ქმნიდეს ინტერიერის საერთო ხასიათს და მაცხოვრებლებს გამოხატავდეს.

აქსესუარები

სივრცეს საინტერესო იერს აქსესუარები და დეკორატიული ელემენტები სძენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბინა მიმზიდველი ობიექტებით გავამდიდროთ და გავამრავალფეროვნოთ.

„სასურველია, ინტერიერის მშვიდი და ნეიტრალური პალიტრა სხვადასხვა აქცენტირებული ნივთით — ნახატებით, წიგნებით, დეკორით, ფერადი ტექსტილით შევავსოთ, რათა სივრცე უფრო საინტერესო გახდეს. ასევე, სახლში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცენარეებს, რომლებიც ოთახს ალამაზებს და ინტერიერს დასრულებულ სახეს სძენს“. 

ავტორი: მეკო მეტრეველი

სკანდინავიური ინტერიერი კლასიკური დეტალებით

რა უნდა გავითვალისწინოთ შპალერის გადაღებვისას? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების პროფესიული რჩევები