in

შოთიკო აფციაურისა და “Rooms Studio-ს” კოლაბორაციით შექმნილი ობიექტების სერია – Sacral Geometry

თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები ხშირად დგას ხელოვნებისა და დიზაინის ზღვარზე. ის, რასაც ჩვენ სკულპტურებს ვუწოდებთ, თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ ამა თუ იმ ინტერიერის ნაწილად. ალბათ სწორედ ამ კავშირმა უბიძგა ხელოვან შოთიკო აფციაურსა და “Rooms Studio-ს” ერთობლივად შეექმნათ ობიექტების სერია, სახელწოდებით “საკრალური გეომეტრია (Sacral Geometry)”. 

უფრო დეტალურად ამ სერიის შესახებ შოთიკო აფციაურს გავესაუბრეთ:

ფოტო: გიკო დადიანი

– პირველ რიგში, გვიამბეთ, როგორ შედგა კოლაბორაცია თქვენსა და Rooms Studio-ს შორის? და რა წინაპირობები უძღოდა ამ თანამშრომლობას?

ამ თანამშრომლობას წინ დიდხნიანი სურვილი უძღოდა, რომ ერთად შეგვექმნა რაიმე. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა იდეა გვქონდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად რაზეც შევჯერდით და რისი გაკეთებაც განსაკუთრებით მოგვინდა, ეს ნამუშევრებია.

ფოტო: თინა ასათიანი

– როგორი იყო დავალება? რა მისია დაგეკისრათ და რა უნდა შეგექმნათ?

ამ სერიაზე Rooms Studio-მ და მე თანაბარმნიშვნელოვან გარემოში ვიმუშავეთ.

ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, რაც შეიძლება თავისუფლად გვეგრძნო თავი, არ შევზღუდულიყავით ფორმაში, შინაარსში, მასალაში, რაც, ვფიქრობ, საბოლოოდ კარგად აისახა. მისია ან დავალება შემოქმედებით პროცესს ხშირად მოსაწყენს ხდის და საბოლოო შედეგს სიცოცხლეს უკარგავს. ჩვენ ვმუშაობდით მაქსიმალურად გახსნილად ერთმანეთის გამოცდილებების, იმპულსების და ვიზუალური შეგრძნებების გათვალისწინებით.

ფოტო: თინა ასათიანი

– ინტერიერის ობიექტები ხშირად ავტომატურად არიან არტ-ობიექტები, რაც თქვენთვის ძალიან ახლობელია, თუმცა მაინც – მგონი რომ ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო თქვენი, ინტერიერისთვის შეგექმნათ ნამუშევრები. გვიამბეთ ამ პროცესის შესახებ – როგორი გამოცდილება იყო? რაიმე სირთულეებს ხომ არ წააწყდით?

Rooms Studio-ს კოლექციები ხშირად იფინება სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე ძალიან კარგი არტისტების გვერდით. მათი ობიექტები სკულპტურულია და დიზაინის და ხელოვნების ზღვარზეა; სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მათთან მუშაობა ძალიან ცოცხალი და საინტერესო იყო ჩემთვის. სამუშაო პროცესში ჩემი ზოგადი პრაქტიკისგან განსხვავება ის იყო, რომ ობიექტებს ფუნქციური დატვირთვა უნდა მინიჭებოდათ. ამისთვის მათთან ერთად ნამუშევრის მასალაში სტრუქტურული ცვლილებები შევიტანეთ, რათა უფრო მყარი და რეზისტენტული გამხდარიყო, ასევე დავაბალანსეთ პროპორციები და ფორმები.

ფოტო: თინა ასათიანი

– უნდა გკითხოთ შთაგონებაზეც – თქვენი ნამუშევრები თანხვედრაში უნდა მოსულიყო Rooms Studio-ს პრაქტიკასთან. როგორ მოახერხეთ ეს და რა გაძლევდათ ამ პერიოდში შთაგონებას?

როდესაც ასეთ თანამშრომლობაში შედიხარ სხვა ადამიანებთან, ამისათვის ერთმანეთის პროფესიული ცოდნის მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს. ეს ნდობა ბუნებრივად აბალანსებს სამუშაო პროცესს და საბოლოო შედეგს. შთაგონება ამ პროცესში, როგორც ყველა სხვა პროცესში, ყოველდღიური გამოცდილებები და ამ გამოცდილებებზე დაკვირვება იყო.

ფოტო: თინა ასათიანი

– გვესაუბრეთ აწ უკვე განხორციელებულ სერიაზე “საკრალური გეომეტრია” – მოგვიყევით მისი კონცეფცის შესახებ, ასევე, რა ნივთებს აერთიანებს ეს სერია დღეს და რა მასალისგანაა დამზადებული ისინი?

ეს ერთიანობა სანთლისგან ჩამოსხმული და გათლილი 4 ფუნქციური, საკოლექციო ობიექტისგან შედგება: მაგიდა, ორი სკამი და შანდალი (თიხა, სანთელი). “საკრალური გეომეტრია” მყარი ბაზისური ფორმებით და დნობადი არამყარი მასალით წინააღდეგობას ქმნის საკუთარ თავთან. ეს ერთგვარი პროვოკაციული რიტუალია. ეს სერია ადამიანის კონფლიქტის ვიზუალური და შინაარსობრივი გამოვლინებაა, რომელიც მუდმივად ებრძვის წარმავლობას. “საკრალური გეომეტრია” მცდელობაა ყველაზე არამდგრადი მასალისგან ისეთი ობიექტების შექმნის, რომელიც დროს გაუძლებს და საკუთარი მყარი ფორმებისა და სტრუქტურული ცვლილებების მეშვეობით თავის ქიმიურ ბუნებასთან მიმართებაში ახალ ფორმად ჩამოყალიბდება.

ფოტო: თინა ასათიანი

– რამდენად დაემთხვა თქვენი მოლოდინი (მუშობის დაწყებამდე) შედეგს?

მუშაობისას მოლოდინებს მაქსიმალურად თავს ვარიდებ, რათა პროცესს მეტი ინტერესი და სიცოცხლე ჰქონდეს. ამ სერიაზე მუშაობის პროცესი მრავლისმომცემი და სიცოცხლით სავსე იყო, რაც უკვე კარგის ნიშანია. რაც შეეხება შედეგს, ამას დრო განსაზღვრავს.

– სამომავლოდ კიდევ რაიმეს ხომ არ გეგმავთ თქვენ და Rooms Studio-თან ერთად?

აპრილში ბაზალეთზე Rooms Studio-თან ერთად ამ სერიის პრეზენტაციას ვგეგმავთ. ამ გამოფენაზე ასევე სალომე ჩიგილაშვილის, მარიანა ჭყონიას და რუმს სტუდიოს მათთან თანამშრომლობის პირობებში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. 

ფოტო: თინა ასათიანი

წარსულის ნოსტალგიით გაჯერებული სანათები – ინტერვიუ გიორგი ამირანაშვილთან

ლუის ბარაგანი – აჟღერებული ფერების გენიალური არქიტექტორი