ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს ახლი სივრცე, სადაც პრემიუმ ბრენდების მაღაზია უბრალოდ სავაჭრო ზონა არ არის — ეს არის გარემო, რომელიც სიმშვიდისა და ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელია.
პროექტის ინტერიერის დიზაინზე არქიტექტორებმა ქეთი ასათიანმა და ნუკა კორინთელმა იმუშავეს. აქ არ გხვდება გადატვირთული დეტალები ან ყურადღების მომთხოვნი დეკორაციები. პირიქით — ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, რომ სივრცე არ გკარნახობს, რას უნდა მიაქციო ყურადღება, არამედ თავად გიბიძგებს დაკვირვებისკენ.
როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, ბათუმის ზღვისპირა გარემომ მათ დიზაინს ძირითადი ტონი მისცა. იდეა მარტივია, მაგრამ ძლიერი: შეიქმნას სივრცე, რომელიც ქვიშის სითბოს, ქვის სიმტკიცეს და ჰაერის სიმსუბუქეს ატარებს. ამიტომ გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალები, რბილი, მიწისფერი პალიტრა, მსუბუქი განათება და ღია ტექსტურები. ეს ყველაფერი სივრცეს მსუნთქავ, მშვიდ და ღირებულ ელფერს სძენს.
პროექტის ამოცანა მხოლოდ ესთეტიკურად დახვეწილი სივრცის შექმნა არ ყოფილა. ვინაიდან ობიექტი წარმოადგენს პრემიუმ ბრენდების მაღაზიას, მასში ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის საპრეზენტაციო ზონები, თითოეული განსხვავებული ბრენდის მოთხოვნის გათვალისწინებით. ამ გამოწვევაზე პასუხად, სტუდია “Objects”-ში შემუშავდა დიზაინი, რომელიც თითოეულ ბრენდს აძლევს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს საერთო არქიტექტურულ რიტმს — არცერთი ზონა არ იკარგება, არცერთი არ ჭარბობს.
ინტერიერში ყველაფერი ფაქიზად დაგეგმილია, თუმცა რამდენიმე დეტალი განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას:
იატაკის საფარი, შექმნილი პატარა კენჭებისგან, რომლებიც დაფარულია ეპოქსიდური ფენით, რაც იატაკს უჩვეულო და სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს.
ქართული ტუფისგან დამზადებული დიდი კუნძული, რომელიც ერთდროულად არის ფუნქციურიც და ვიზუალურად მიმზიდველი.
მრგვალი ფანჯრები უკანა სივრცეებში, რომლებიც გემის ილუმინატორებს გვახსენებს და ინტერიერს კიდევ ერთხელ აახლოებს ზღვის თემატიკასთან.
ფაქტურათა თამაში – უხეში ზედაპირები ბუნებრივი ქვისგან და მბზინავი, ამრეკლი დეტალები უჟანგავი ფოლადით ქმნის კონტრასტს, რომელიც ელეგანტურობის ახალ ფორმას გვიჩვენებს.
ნუკა კორინთელისა და ქეთი ასათიანის მიერ შექმნილი ეს ინტერიერი საინტერესოდ გადმოსცემს პროექტის ავტორების ხედვასა და დიზაინ ფილოსოფიას. ეს არის არქიტექტურულად საინტერესო, ნათელი, მშვიდი, დაბალანსებული და ამავდროულად ცოცხალი სივრცე, რომელიც პირველივე წამიდან იპყრობს მნახველის ყურადღებას.
პროექტის ავტორები: ქეთი ასათიანი, ნუკა კორინთელი
დიზაინ სტუდია: Objects