ნისლიანი პეიზაჟები, ყვავილები, ზოლი და გეომეტრიული ორნამენტები. დღეს სასტუმროსთვის შპალერის იდეალური ვარიანტის შერჩევას შევეცდებით.
არტ-დეკო
არტ-დეკოს სტილისთვის ნათელი ელფერები, მდიდრული ფაქტურა, აფრიკული და ინდური მოტივებია დამახასიათებელი. ტროპიკულ მცენარეებსა და ეგზოტიკურ ცხოველებს ინტერიერში ფუფუნებისა და მყვირალა ოციანი წლების ნოტები შემოაქვს.
პეიზაჟი
პანორამული შპალერი სივრცის ზონირების ერთ-ერთი ეფექტური ელემენტია. მაგალითად, მისი მეშვეობით სტუდიოს ტიპის სივრცეში დივნის ზონის ხაზგასმა და ოთახის ვიზუალური გადიდებაა შესაძლებელი.
რეტრო
1960-იანი წლების სტილში შესრულებული ფერადი გეომეტრიული ორნამენტების მქონე შპალერი ინტერიერს დინამიურობასა და მოცულობას მატებს. სივრცე ჰარმონიულობას შეინარჩუნებს, თუ ეფექტური პრინტები იმავე ეპოქის ავეჯსა და დეკორის ელემენტებს შეხმატკბილებულად შეერწყმება.
მცენარეული მოტივები
ინტერიერში მცენარეული მოტივების გამოყენება დიზაინერების კლასიკური ილეთია, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს შეინარჩუნებს პოზიციებს. ტრადიციული ყვავილებიანი შპალერის გარდა, დღეს არჩევანის ფართო დიაპაზონია – პიონების, პალმებისა და ლილიების რეალისტური გამოსახულებებიდან ზღაპრული კომპოზიციებისა და ტროპიკული პრინტების ჩათვლით.
ზოლები
კიდევ ერთი უბერებელი პრინტი, რომელსაც ნებისმიერი სტილის ინტერიერი მოიხდენს. გარდა ამისა, ეს მარტივი ორნამენტი სივრცის არასრულყოფილების დაფარვის მშვენიერი საშუალებაა: ვერტიკალური ზოლები ჭერის ვიზუალურ სიმაღლეს, ჰორიზონტალური კი სივრცის საზღვრებს ზრდის.
მინიმალიზმი
ერთ ტონიანი შპალერი და გამოხატული ტექსტურის მქონე ტექსტილი სასტუმროში მყუდრო ატმოსფეროს შექმნის და ინტერიერს არ გადატვირთავს. გარდა ამისა, ლაკონიური ფონი გარემოს გადახალისების საშუალებას იძლევა, მაგალითად, სეზონების ცვლილებების დროს.