სტუდია „Takk“-მა უჩვეულო პროექტი შეიმუშავა, რომელშიც ყველა ელემენტი ენერგიის დაზოგვაზე მუშაობს.
მადრიდში მდებარე ამ უჩვეულო ლოფტის მესაკუთრეები სკოლამდელი გოგონას მშობლებია, რომლებსაც დიდ ქალაქში მოხერხებული, თანამედროვე და ეკოლოგიური ბინის ქონა სურდათ. მათი ჩანაფიქრის ხორცშესხმას ესპანური სტუდია „Takk“ შეუდგა. სახელოსნომ ღია გეგმარების უჩვეულო პროექტი შეიმუშავა. აქ თანამედროვე დიზაინი და ენერგოეფექტურობა ერთმანეთს მაქსიმალურად ჰარმონიულად ერწყმის.
სივრცის ფართი 110 კვადრატული მეტრია და ის ორადაა გაყოფილი: ეგრეთწოდებული „ზამთრის სახლი“, რომელშიც შედის სამზარეულო, მისაღები, ხის სადგამებიან შუშის კუბში მოთავსებული საძინებელი და „ზაფხულის სახლი“.
„ზამთრის სახლში“ კედლები თბოსაიზოლაციო მასალებითაა მოპირკეთებული: ხის ჩარჩოები ფიჭვით, ჭერი გამომწვარი კორპით. „ზაფხულის სახლი“ ყოფილი ტერასის ნაწილს იკავებს და „ზამთრისას“ შუშის კარით უერთდება. არქიტექტორების თქმით, ეს პროექტი და მისი უჩვეულო გეგმარება ერთგვარი სატესტო მოდელია. მომავალში ისინი ენერგომოხმარების მინიმიზაციაზე მუშაობას გეგმავენ.
ხის სადგამებიან შუშის კუბში მოთავსებული საძინებელი „ზამთრის სახლში“ ყველაზე თბილი ადგილია. ის არა მარტო კორპით, არამედ ხის ჩარჩოზე მიკერებული ბუმბულის ლეიბებითაცაა გამოყოფილი. ჩარჩოს ზედა ნაწილზე ქვები სპეციალურად მიამაგრეს, ამ გზით თხელი ხის ფილები გაამყარეს.
საძინებელი ორ დონედაა დაყოფილი და მთელ ოჯახს აქ ერთად სძინავს. პროექტის ავტორების თქმით, ეს არა მარტო ენერგიას ზოგავს, არამედ ემოციურ კავშირებსაც ამყარებს.