სტოკჰოლმის ქალაქის ცენტრში, მერიის გვერდით, დგას მშვენიერი ერთოთახიანი სახლი მაღალი ჭერით და ღია აგურის კედლით. ამ 43 კვადრატული მეტრის ბინაში გაერთიანებულია სკანდინავიური და ნიუ-იორკის სტილის ინტერიერი. მაღალი ჭერი და მისაღები ოთახი ამერიკულ ხმაურიან ქუჩებს აცოცხლებს, თანამედროვე ავეჯი, ღია ფერები და მშვიდი აქცენტები კი ძალიან შვედურია.
მისაღებ ოთახში რბილ ატმოსფეროს ქმნის Ligne Roset Togo დივნის რბილი ფერი და ტექსტურა. სივრცეს ასევე ამშვენეს ‘Screen Cannage’-ს ცნობილი ჭაღი.
შესასვლელი კარი უკავშირდება მისაღებ ოთახს, თუმცა აქვეა მინის კარიც, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთისგან გამოყოფს.
სასადილო ოთახი მოწყობილია მარმარილოს დახვეწილი მაგიდით და Pholc-ის ორი ჭაღით, რომლებიც Donna-ს სახელით არის ცნობილი.
სამზარეულო გარემონტდა რამდენიმე წლის წინ და დაემატა მუქი მუხის დეტალები. მთლიანობაში ეს ოთახი არის სკანდინავიური სტილისა და ინდუსტრიული დიზაინის საინტერესო ნაზავი. როდესაც ბინა რესტავრირდა, ინტერიერი მონოქრომულ სტილში, ნაცრისფერი და ლურჯი ტონებით იყო გადაწყვეტილი, მოგვიანებით კი ახალმა მფლობელებმა უფრო რბილი ფერები დაამატეს და შეცვალეს სამზარეულოს დიზაინიც. ახლა სამზარეულოს კარადები სასიამოვნო კონტრასტს ქმნის აგურის კედლებსა და ბეტონის იატაკთან მიმართებაში.
მისაღები ოთახიდან რამდენიმე საფეხურით ქვემოთ განთავსებულია საძინებელი, რომელიც მშვენიერი მშვიდი სივრცეა მდიდარი ბუნებრივი განათებით, ღია ნაცრისფერი კედლებითა და ხალიჩით. მდებარეობის მიუხედავად, საძინებელი საკმაოდ მსუბუქი და ჰაეროვანია, ჭერის სიმაღლე კი 2,2 მეტრია.
აბაზანა დაკომპლექტებულია მრგვალი ნიჟარითა და სპილენძის დეტალებით. აქვეა საშხაპე და სარეცხი და საშრობი მანქანები.
მთლიანობაში ინტერიერი ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია. სადა და ამავდროულად კონტრასტული დეტალები ქმნის ფუნქციურ და კომფორტულ სივრცეებს საცხოვრებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.