სტოკჰოლმში მდებარე მომხიბლავი ბინა ე.წ. Mid-century (1940-60იანი წლების დიზაინი) სტილშია გადაწყვეტილი. მისი საერთო ფართობი 48 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის საკმაოდ საინტერესო გეგმარებით გამოირჩევა. სახლი მოიცავს წინა ნაწილში მდებარე მისაღებ ოთახს, შუაში განთავსებულ სამზარეულოსა და საძინებელს, რომელიც ბინის უკანა მხარეს გვხვდება.
ბინა ღია ტონებშია გადაწყვეტილი, იატაკი და კედლები თეთრისა და ღია ნაცრისფერის ნაზავით არის წარმოდგენილი, თუმცა კონტრასტის შესაქმნელად და განსხვავებული ხასიათის შემოსატანად ფერების აქცენტირება მწვანე სავარძლებითა და წიგნების კარადით, იატაკის ფერადი ხალიჩითა და აქსესუარებით ხდება.
სიმსუბუქისა და სინათლის მისანიჭებლად, შიდა კარებისა და კედლების მასალად სახლის რამდენიმე ნაწილში გამოყენებულია ხე და მინა. მაგალითად, სამზარეულოსა და საძინებელს შორის არსებული შუშის ტიხარი პატარა სამზარეულოში სინათლის შემოდინებას უზრუნველყოფს და ოთახს ნათელსა და მოცულობითს წარმოაჩენს.
სივრცეში შესვლისთანავე ვიზიტორის ყურადღებას ორიგინალური მისაღები ოთახი იქცევს, რომელიც ფართის სიმცირის მიუხედავად, რამდენიმე ზონად იყოფა. პირველ რიგში, ეს არის მოსასვენებელი ნაწილი, სადაც პატარა მაგიდა, მოხერხებული ნაცრისფერი დივანი და მიმზიდველი მუქი მწვანე ფერის სავარძლები დგას. ისინი ოთახში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან, სიცოცხლე და სიხალისე შემოაქვთ და ჰარმონიულად ეხამებიან კედელზე ჩაშენებულ ღია მწვანე თაროებს, რომელზეც წიგნები და აქსესუარებია განთავსებული. მისაღები ასევე სასადილო და სამუშაო სივრცედ ნაწილდება, სადაც მსგავსი დიზაინის ხის ორი მაგიდა გვხვდება. ოთახს განსაკუთრებულობას სძენს შავი ფორტეპიანო და საინტერესო ნახატებით გაფორმებული კედლები, რომლებიც გამორჩეულ შტრიხებს მატებს ინტერიერს.
აპარტამენტის შუაგულში, პატარა სამზარეულო მდებარეობს, რომელიც კარგად ინტეგრირდება საერთო სივრცესთან და Mid-century სტილით არის შთაგონებული. პატარა ზომის მიუხედავად, ადგილი სრულყოფილად არის ათვისებული და პრაქტიკულ, ფუნქციურ გარემოს ქმნის, სადაც არაერთი სათავსოა განთავსებული. მწვანე კარადა, თაროები, ფარდით დაფარული სათავსოები, რომელიც კარის ფუნქციას ასრულებს, კარგ კომბინაციას ქმნის და სამზარეულოს მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობას იძლევა.
გაზქურა და ნიჟარა კედლის ერთ მხარესაა დამონტაჟებული, სადაც უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებული მწვანე კარადები გვხვდება. სამზარეულოსა და საძინებელს შორის არსებული შუშის ტიხარი, რომლის ჩარჩო ხისგანაა დამზადებული, ოთახს უფრო ნათელსა და დიდს წარმოაჩენს.
პატარა საძინებელი სახლის უკანა მხარეს მდებარეობს. ადგილის სიმცირის მიუხედავად, აქ კარგად ეტევა ორადგილიანი საწოლი და ხის სამუშაო მაგიდა. მსგავსად ინტერიერის სხვა ნაწილისა, აქაც კედლები ღია ნაცრისფრადაა შეღებილი, აქცენტი კი პატარა ცისფერ სკამზე კეთდება, რომელსაც სასიამოვნო განწყობა შემოაქვს. პატარა საგარდერობო სივრცე ოთახის გვერდითა ნაწილშია გამოყოფილი, რომელსაც ფარდა ფარავს. სამზარეულოს მსგავსად, აქაც ჭკვიანურადაა გადაწყვეტილი კარის მაგივრად ფარდის გამოყენება, რადგან ის პატარა სივრცეში ზედმეტ ადგილის იკავებს. სახლის სხვადასხვა ზონას ერთმანეთთან მინიმალისტურ სტილში გაფორმებული შემოსასვლელი ოთახი აკავშირებს, სადაც სათავსოებია განლაგებული.
ადგილის სიმცირის მიუხედავად, ფართი მაქსიმალურად ათვისებულია და ქმნის ძალიან კომფორტულ, მყუდრო და ფუნქციურ საცხოვრებელს, რომელიც Mid-century სტილითაა შთაგონებული. ინტერიერი სადა, ნათელი ტონალობით ხასიათდება, სადაც აქცენტის სახით მწვანე ფერია გამოყენებული და ფოკუსი აქსესუარებსა და ნახატებზე კეთდება. ძირითად მასალად გამოყენებულ ხეს, მცენარეებით გაფორმებულ ოთახებსა და ბუნებრივ განათებას კი სკანდინავიური სტილის ატმოსფერო შემოაქვს და ძველისა და ახლის იდეალურ ნაზავს გვთავაზობს.