in

სიმარტივე და ხარისხი – Ceramic Studio 1300

Ceramic Studio 1300 ირინე ჯიბუტის და ტასო გომელაურის 2015 წელს დაარსებული კერამიკის სტუდია და კონცეპტუალური გელერეაა. 1300 იმიტომ, რომ კერამიკის ქურის მაქსიმალური ტემპერატურა სწორედ 1300 ცელსიუსია. სტუდიაში 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ქმნის ულამაზეს, ფერად კერამიკის ჭურჭელს – ჭიქებს, განსხვავებული ფორმის თეფშებს, კერამიკულ ფილებს, პანოებს, სანათებს, ლარნაკებს, არტ ობიექტებს და სხვა ფუნქციურ, კონცეპტუალურ ჭურჭელს. მათ ასევე ხშირად აქვთ კოლაბორაციები სხვადასხვა არტისტებთან და იღებენ მონაწილეობას გამოფენებში. სტუდიას ასევე აქვს ღია ვორქშოფები, სადაც დასწრება და პროცესის შესწავლაა შესაძლებელი.

სტატიაში გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ დამფუძნებელ ტასო გომელაურთან

როგორ მოხვდით პროდუქტის დიზაინის სფეროში და რატომ კერამიკა?

2010 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე. შემდეგ ავირჩიე კერამიკის განხრა. ძალიან გამიმართლა, ამ შემთხვევითი არჩევანის გაკეთებაში. შემთხვევითს იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა იყო კერამიკა.

როგორია მუშა პროცესი თქვენს სტუდიაში, დიზაინის შექმნიდან შესრულებამდე?

მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო და შრომატევადია.თიხასთან მუშაობა მოითხოვს ბევრი საფეხურის გავლას, გამოძერწვიდან, გამოწვამდე, რაც მინიმუმ 10 დღემდე გრძელდება. რათქმაუნდა ნამუშევრის ფორმას და ზომას გააჩნია. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ფიქრობს დიზაინზე და მის განხორციელებაზე, ფეხდაფეხ მივყვებით “თიხის წესებს”

რა არის თქვენი ბრენდის კონცეფცია?

ჩვენი ბრენდის კონცეფციაა “სიმარტივე და ხარისხი”.

როგორ პოულობთ ინსპირაციას?

ინსპირაციას ვიღებ ყოველდღიურობიდან და მუშაობის პროცესში ჩართულობიდან.

რა ტიპის მასალაა კერამიკა და როგორ ხდება მისგან ჭურჭლის დამზადება? რა ტექნოლოგიას იყენებს კონკრეტულად თქვენი სტუდია?

კერამიკა ჰქვია დასრულებული თიხის ნამუშევარს. გამოიყენება სხვადასხვა ტიპის თიხები. ჩვენი სახელოსნო მუშაობს როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული თიხით.

არსებობს თუ არა რაიმე სტანდარტები ან ნორმები ამ სფეროში?

გამოყენებით კერამიკაში არსებობს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ისეთი ქიმიური ნივთიერების გამოყენება, რომელიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ჩვენი სახელოსნოც რა თქმა უნდა, იცავს ამ ნორმებს.

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დიზაინს ჩვენს ცხოვრებაში?

დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ყველა სფეროში. ასევე კერამიკაც დიზაინის ნაწილია. როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის.

რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი როდესაც მომხმარებელი არჩევს ჭურჭელს?

ჭურჭელი უნდა იყოს ხარისხიანი და კომფორტული ყოველდღიური გამოყენებისთვის.

 

 

 

 

ვაბი-საბი – არასრულყოფილების სილამაზე

რა უნდა ვიცოდეთ ლიფტების შესახებ – GLC გირჩევთ