in

განათება როგორც არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტი

განათების არჩევის საკითხი ყველას შეხებია. არა აქვს მნიშვნელობა რა მიზანი გვაქვს – მაგიდის ლამფის არჩევა თუ სახლის განათების პროექტირება – ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უპირატესი ჯანმრთელობაა. შუქის ხარისხზე პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებისეული კომფორტი და ჯანმრთელობა.

უმრავლესობა მხოლოდ სამუშო ან სამეცადინო სივრცის სწორ განათებაზე ვფიქრობთ, დანარჩენი სივრცეების განათებას კი მხოლოდ დეკორატიული მიზნებისთვის ვიყენებთ. მაგრამ რამდენად სწორია ეს მიდგომა? მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნებისმიერი განათების წყარო ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს, ამიტომ ამ საკითხისადმი მეტი ყურადღებისა და დანახარჯის გაღებაა საჭირო. დღევანდელი სწორი გადაწყვეტილება მომავალში კომფორტულ და ენერგოეფექტურ გარემოს უზრუნველყოფს.

წამყვანი კომპანიები, პირველ რიგში, სინათლის ტექნიკური გაანგარიშების გაკეთების რეკომენდაციას იძლევიან. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით, შესაძლებელია სწორი განათების შერჩევა.

განათების ტექნიკური გაანგარიშება აჩვენებს:

  • რა სახის და რამდენი სანათია საჭირო;
  • სად განვათავსოთ ისინი და როგორ დავაკორექტიროთ უკვე არსებული სანათების განლაგება;
  • საკმარისი იქნება თუ არა განათება;
  • როგორი ფორმის, რა სიმძლავრისა და ენერგოეფექტურობის უნდა იყოს სანათები;

შემდეგი ეტაპი – სივრცის ფუნქციონალურობიდან გამომდინარე, ფერთა ტემპერატურის არჩევაა. ფერთა ტემპერატურა სანათის ნათების ფერით განისაზღვრება. მასზე ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა დამოკიდებული. ვარვარა სანათებს მხოლოდ თბილი ნათება აქვთ, შუქდიოდებს კი თბილი, ნეიტრალური და ცივი.

თბილი ნათება მყუდრო და მოსადუნებელ ატმოსფეროს ქმნის. ნეიტრალური შუქი ადამიანს აქტიურობისკენ უბიძგებს, ზრდის ყურადღების კონცენტრირების უნარსა და პროდუქტიულობას. ცივი ნათება ასევე გამამხნევებელია, თუმცა მალე იწვევს დაღლას. მისი გამოყენება რეკომენდებულია იქ, სადაც ფერთა გარჩევადობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

სინათლის ტემპერატურის არჩევა სივრცის დანიშნულებისა და გამოყენების ინტერვალების მიხედვით ხდება. მაგალითისთვის, თბილი ნათება საძინებელსა და სასტუმრო ოთახებს იდეალურად უხდება. სწორი განათება – ორგანიზმის დასვენებაა, ეს კი ზრდის იმუნიტეტს და აუმჯობესებს გარეგნობას. ჩვენი ორგანიზმის გაღიზიანება პირდაპირ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე აისახება.

აღსანიშნავია ასევე შუქის საშუალებით  მიღწეული ბრწყინვალე ვიზუალური ეფექტი. აღტაცება, რომელიც დიზაინერების ოსტატური გადაწყვეტილებების შედეგად გვეწვევა, აღფრთოვანებით იცვლება. განათების სცენარების ცვლილება სივრცეში სხვადასხვა განათების სახეების მეშვეობით ხდება (ცენტრალური, ზონირებადი და აქცენტური). შეიძლება ძირითადი სცენარების შექმნა, რომლებითაც ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ და პერსონალურის, რომელიც კონკრეტულ განწყობას და შემთხვევას უხდება.

განათების დიზაინი – დიზაინერის ჯადოსნური ჯოხია. ატმოსფერულობა, შუქჩრდილების ილუზია, არქიტექტურული ფორმებითა და ნაკვთებით თამაში – ეს ყველაფერი შუქია. ხარისხიანი განათება უკვე შეიძლება სრულყოფილ დიზაინერულ სამყაროდ ჩაითვალოს, რომლის მეშვეობით შესაძლებელია შემოქმედება და მაყურებლის მონუსხვა. შუქის ტექნიკური გაანგარიშება გვაძლევს ინფორმაციას, რომლის გარეშეც შეუძლებელია კომფორტული ინტერიერის შექმნა.

ოფისი მონასტრის ძველ შენობაში – დევიდ ჩიპერფილდის ახალი პროექტი

საზღვაო კონტეინერებისგან შექმნილი მოგზაური სახლები საქართველოდან