შეღებვის სწორმა ხრიკებმა შეიძლება მცირე ზომის ოთახი საგრძნობლად შეცვალოს. შეღებვის ტექნიკების გამოყენებით, მარტივად არის შესაძლებელში ოთახის ვიზუალურად გაზრდა. გახსოვდეთ, საღებავი ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზაა იმისთვის, რომ თქვენი მცირე ინტერიერი განსაკუთრებულად აქციოთ. ამის გათვალისწინებით, ინტერიერის დიზაინერები რამდენიმე ხრიკს გვიზიარებენ იმისთვის, რომ ჩვენი საცხოვრებელი კიდევ უფრო ფართო და საინტერესო გავხადოთ.
შექმენით სიმაღლის ილუზია
ზოლიან კედლებსა და ჭერს ნამდვილად შეუძლია ჭერის ამაღლება და ოთახის ვიზუალურად გადიდება. ისინი ქმნიან ილუზიას, რომ ოთახი უფრო ღრმა და ვრცელია. ეს შესანიშნავი გზაა არა მხოლოდ სივრცის გაზრდისთვის, არამედ ინტერიერში საინტერესო შტრიხების შემოტანადაც. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს განათებაც, რადგან ადეკვატური განათება აუცილებელია ზოლიანი ტექსტურის ეფექტურად წარმოჩენისთვის.
ჭერი და კედლები ერთ ფერში შეღებეთ
პატარა საძინებლისთვის შესანიშნავი იდეაა ჭერისა და კედლების ერთი და იმავე ფერით შეღებვა, რამაც შეიძლება მისი გარეგნობა სრულიად შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ ხშირად ოთახში თეთრი ფერის ჭერს ვიყენებთ, თუმცა დიზაინერები გვასწავლიან, რომ გამორჩეული და საინტერესო ინტერიერის შესაქმნელად ერთი ფერის საღებავების გამოყენება სჯობს.
საღებავის სტრატეგიულად გამოყენება ხელს უწყობს იმას, რომ ჭერსა და კედელს შორის უწყვეტი გადასვლა იქმნება, რაც თავისთავად აფართოებს ოთახს. ჭერისთვის გვირჩევენ პრიალა საფარის გამოყენებასაც, რადგან ის უფრო მეტ სინათლეს ქმნის.
გამოყავით ერთი კედელი
აქცენტიანი კედლის გამოყოფა დაგეხმარებათ იმაში, რომ სივრცეს მეტი სიღრმე მიეცეს. ეს კედელი არ უნდა დაიფაროს ნახატებით, დეკორაციებითა და მაღალი ავეჯით. აქცენტირებული კედელი ქმნის ისეთ განწყობას, თითქოს, ის შედარებით უკან არის დახეული, რაც სივრცეს იდეალურად აფართოებს.
შეინარჩუნეთ სინათლე
როგორც წესი, პატარა და ბნელი ოთახის შემთხვევაში, მას თეთრად ვღებავთ, რაც შესაძლოა, ცუდი იდეა სულაც არ იყოს, რადგან ისეთი ტონები როგორიცაა თეთრი ან კრემისფერი, შესანიშნავი გზაა სივრცის გასაზრდელად. ისინი არა მხოლოდ ნათელ ინტერიერს ქმნიან, არამედ იდეალურად ირეკლავენ გარედან შემოსულ სინათლეს ან ხელოვნურ განათებასაც. შედეგად, იქმნება თბილი ფონი, რომელიც იძლევა ვრცელი და მყუდრო ინტერიერის განწყობას.
გამოიყენეთ მუქი ფერები
თუ თეთრი და ნათელი ინტერიერი არ გსურთ, გააკეთეთ არჩევანი მუქი ტონებისკენ. ბევრი ინტერიერის დიზაინერი ახლა უფრო დრამატული და ელეგანტური სივრცის შექმნისკენ იხრება. აირჩიეთ მუქი ფერები და ჩრდილები, შეღებეთ კედლები და ჭერი ერთ ფერში, შედეგად, ჭერი უფრო “ამაღლდება” და ოთახი ვიზუალურად გაფართოვდება.
შეარჩიეთ მუქი კედლებისა და თეთრი ჭერის კომბინაცია
როდესაც ოთახში სივრცის გაზრდას ვცდილობთ, სასურველია, ფიქრის პროცესი ჭერიდან დავიწყოთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კედლები საკმაოდ მუქი ფერისაა, აუცილებელი სულაც არ არის, რომ ჭერიც ამავე ტონში იყოს. სანაცვლოდ, შეგიძლიათ თეთრი ჭერი თეთრ ავეჯთან ან ფანჯრების ჩარჩოებთან შეახამოთ, რაც ოთახს უფრო ჰაეროვანს გახდის.
გამოიყენეთ ორი ფერი კედლებზე
თუ თქვენ განიხილავთ ნახევრად შეღებილ კედელს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ მოქმედებს შერჩეული სიმაღლე ოთახის ზომებზე. ინტერიერის დიზაინერები გვარწმუნებენ, რომ სხვადასხვა საღებავის გამოყენების შემთხვევაში, მუქი ფერის გამოყენება სასურველია კედლის ერთ მესამედზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი სჯობს უფრო ღია ფერის საღებავით შეიღებოს, როგორიცაა, მაგალითად, თეთრი.
შენიღბეთ არქიტექტურული ნაკლოვანებები
პატარა ოთახებს ხშირად აქვთ ნაკლოვანებები, მაგრამ თითოეული მათგანის შენიღბვა შესაძლებელია. მაგალითად, კუთხის ბუხარი, რომელიც არასწორად არის დაპროექტებული ან შესაძლოა არამიმზიდველად გამოიყურება, მარტივად “გაქრება” თუ მის ჩარჩოს კედლის მსგავსი საღებავით შეღებავთ. ამგვარი ტექნიკით შეგიძლიათ ასიმეტრიის შემცირებაც, რაც ოთახში სიგანის ან სიმაღლის ილუზიას შექმნის.
შეახამეთ კედლებისა და ავეჯის ფერები
ადამიანები ეძებენ ნათელ შეგრძნებას საკუთარ სახლებში და სურთ, რომ განათება თბილი, მყუდრო და მიმზიდველი იყოს. იმისთვის, რომ ინტერიერი უფრო მსუბუქი გახდეს, უმჯობესია ავეჯი და კედლები ერთ ტონალობაში იყოს შეღებილი. ასეთი მიდგომით სახლში ჰარმონიული ბალანსი იქმნება, რაც თავის მხრივ, კარგი საშუალებაა მცირე სივრცის გასადიდებლად.
შეღებეთ კარი
უნდა იყოს თუ არა კარიც კედლების მსგავს ფერში შეღებილი? ამ შეკითხვაზე პასუხი დადებითია იმ შემთხვევაში, თუ საქმე პატარა სივრცესთან გვაქვს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ოთახში ვიზუალური არეულობის მოწესრიგებას და მის ვიზუალურად გაზრდას.
გამოიყენეთ ამრეკლავი საღებავები
ამრეკლავი ტიპის საღებავი შეიძლება დაეხმაროს სივრცეს არა მხოლოდ სინათლის შექმნაში, არამედ მას სიღრმის შეგრძნებაც მისცეს. ნახევრად პრიალა საღებავს მარტივად შეუძლია ოთახის გაფართოება ისე, რომ გადატვირთული და ქაოსური ინტერიერი არ შექმნეს. განიხილეთ მეტალის საღებავიც, რომელიც შედარებით უფრო თამამი და ექსპერიმენტული გადაწყვეტილებაა.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი