Diller Scofidio + Renfro არის ნიუ-იურკში 1981 წელს არქიტექტორი ცოლ-ქმარის, ელიზაბეტ დილერის და რიკარდო სკოფიდიოს მიერ დაარსებული სტუდია. კომპანიას 1977 წელს შემოუერთდა ჩარლს რენფრო, რომელიც 2004 წელს მათი პარტნიორი გახდა. 2015 წელს სტუდიას კიდევ ერთი პარტნიორი – ბენჯამინ გილმარტინი შეემატა. დღესდღეობით Diller Scofidio + Renfro ნიუ-იორკის არქიტექტურულ სამყაროში აღიარებულია ერთ-ერთ გავლენიან და ცნობილ პრაქტიკად, ისინი არ მისდევენ ტრადიციულ არქიტექტურას, არამედ ქმნიან მოდერნისტული სტილის არტისტულ პროექტებს, რომლებიც არქიტექტურის გარდა მოიცავს ხელოვნების ინსტალაციებს, ქანდაკებებს და თეატრის სცენებს. ელიზაბეტ დილერი ადრე კონცეფტუალური მხატვარი იყო, პოლონეთში დაბადებული არქიტექტორი 6 წლის ასაკში ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018 წელს კი ჟურნალმა TIME-მა მეორედ შეიყვანა იგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში. გამოცემა ერთადერთ არქიტექტორს ამ სიაში უწოდებდა “ოსტატს, რომლის წარმოდგენაში არსებულს ჩვენ მხოლოდ ნახვის შემდეგ ვიჯერებთ, ის ხედავს შესაძლებლობებს იქ, სადაც სხვები გამოწვევებს”
აღსანიშნავია მათი ერთ-ერთი ადრეული პროექტი – 24 საათიანი ინსტალაცია Traffic, რომელიც 2500 მოძრავ კონუსს მოიცავდა და საგზაო მოძრაობაზე ყურადღების მიქცევას ისახავდა მიზნად, ეს ინსტალაცია მათ ნიუ იორკში 1981 წელს გააკეთეს. 1989 წელს სტუდიამ ასევე შექმნა ცნობილი ინსტალაცია MoMA-სთვის – Para-site, რომლის იდეაც მიშელ სერეს პარაზიტის სამი განმარტებაა: ბიოლოგიური პარაზიტი, სოციალური პარაზიტი და ტექნოლოგიური პარაზიტი. 90-იანი წლების განმავლობაში მათი არტისტული ნამუშევრები ხვდებოდა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო დაწესებულებებში. ამ თავდაპირველმა გამოცდილებამ და ხელოვნების სოციალურ ეფექტებზე დაკვირვებამ განაპირობა მათი ინტერდისციპლინარული მიდგომა არქიტექტურისადმი, რომელიც არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ძალიან მრავალფეროვანია როგორც იდეიურად, ასევე ტექნოლოგიურადაც. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს გახდა ამ სტუდიის ნიშანი და მათ საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.
ერთ-ერთი პირველი მათი წარმატებული არქიტექტურული პროექტი Blur Building 2002 წელს აშენდა. ეს არის ლითონის კონსტრუქცია, რომელიც შვეიცარიაში, ნეიშატელის ტბაზე მდებარეობს. შენობა ტბიდან წყალს აორთქლებდა და ღრუბლად აქცევდა. ამის შემდეგ სტუდიამ განახორციელა პროექტები საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა სექტორში. მათი ხელწერაა სანახაობრივი სტრუქტურები და ინტერიერი, რომელიც მაქსიმალურად ერგება თავის ფუნქციას და სივრცეს. მათ ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტებად შესაძლებელია ჩაითვალოს Lincoln Center for the Performing Arts in New York, Alice Tully Hall, Juilliard School, School of American Ballet, New York State Theater, Hypar Pavilion restaurant. ეს პროექტები მოიცავს რესტავრაციებსა და რეკონსტრუქციებსაც.
Lincoln Center for the Performing Arts
დიზაინის სტუდიის ერთ-ერთი საყურადღებო პროექტი იყო ასევე High Line მანჰეტენში, ყოფილი სარკინიგზო ხაზი, რომელიც პროექტის ფარგლებში გადაკეთდებოდა ხაზოვან პარკად. პროექტი რამდენიმე ეტაპად შენდებოდა 2009 წლიდან 2019 წლამდე. DS + R დიზაინის სტუდიამ ეს ხაზი გადააქცია ბუნების მოყვარულთა საყვარელ ადგილად და ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნიუ-იორკის ურბანული განახლების პროცესზეც. მათ ბოლო პროექტებს შორის არის ასევე მოსკოვის Zaryadye Park, რომელიც 2017 წელს განხორციელდა როგორც საერთაშორისო კონსორციუმის ნაწილი. ეს 13 ჰექტარი ურბანული სივრცე პარკის გარდა არის სოციალური, საზოგადოებრივი ზონა მოსკოვის მაცხოვრებლებისთვის.