სიზმართმჭერების კულტურა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და ისინი არა მარტო ოთახის დეკორად, არამედ სხვა, განსაკუთრებული მიზნებისთვისაც გამოიყენება, რის შესახებაც სახლის მეპატრონეების უმრავლესობას მცდარი წარმოდგენები აქვს. ერთი შეხედვით უბრალო და ხელით ნაქსოვი ნივთები ოთახში დადებითი აურის შექმნასა და ძილის რეჟიმის დარეგულირებაში დიდ როლს თამაშობენ.
მათ შემქმნელებს სჯერათ, რომ სიზმართმჭერები მხოლოდ ცუდ სიზმრებს „იჭერენ“ და გონებას ამშვიდებენ იმდენად, რომ ძილის დროს ადამიანები მხოლოდ კარგ მოგონებებზე ამახვილებენ ყურადღებას და შესაბამისად, კოშმარებს თითქმის არასდროს ნახულობენ.
ოთახისთვის სიზმართმჭერის არჩევის პროცესში ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. მნიშვნელობა არა მხოლოდ ნივთის ფერს, არამედ მის ფორმასა და ზომასაც აქვს. მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ მისი ფორმა ობობას ნაქსოვ ბადეს უნდა ჰგავდეს და ბადის ცენტრი ის ადგილია, სადაც სიზმართმჭერი თქვენს ცუდ სიზმრებს ინახავს.
ეს ნივთი პირველად 1929 წელს გამოჩნდა და იდეა ერთ-ერთ ამერიკულ ტომს ეკუთვნის. ლეგენდა ამბობს, რომ ობობას გარეგნობის მქონე ქალი მისი შვილების ცუდი სიზმრებისგან დაცვას ხელით ნაქსოვი ბადის დახმარებით ახერხებდა, სიზმრებს იჭერდა და ქსელებს შორის ათავსებდა.
რაც შეეხება მის ზომას, ბადეში რგოლების რაოდენობა სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს, 6 რგოლი თავდაჯერებულობას ნიშნავს, ხოლო 8 – წარმატებასა და ბედნიერებას.
სიზმართმჭერის ბოლოში განთავსებული ბუმბულები ობობას სიმბოლოა, შესაბამისად, რაც უფრო მეტი ბუმბული აქვს თავად ნივთს, მით უფრო კარგად ახერხებს ის თქვენ ნეგატიური ენერგიებისგან დაცვას.
თავდაპირველად ამერიკელები ნივთს ისეთი ქსოვილით ქმნიდნენ, რომელიც მალე ქრება ან იშლება და ამით შვილებს ასწავლიდნენ იმას, რომ სამუდამო არაფერია, და ადამიანებმა უნდა დააფასონ ის, რაც აქვთ.
სხვა დეტალებთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოთახში სიზმართმჭერების ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ისინი კედელზე ან კარის სახელურზე ისე უნდა იყვნენ განლაგებულნი, რომ მზის სხივები პირდაპირ ხვდებოდნენ, რადგან სიზმართმჭერების შემქმნელებს სჯეროდათ, რომ ბოროტი ენერგია სახლიდან სწორედ მზის სხივების გავლით განიდევნებოდა.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ღამით ნივთთან შეხება აკრძალულია, რადგან ამ დროს მასში დაგროვილი კოშმარები და ნეგატივი ადამიანზე გადადის. მაგრამ მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ლეგენდების, ერთი რამ ცხადია – სიზმართმჭერები თქვენს ოთახს განსაკუთრებულ სილამაზესა და განსხვავებულ სტილს სძენენ.