სკანდინავიური დიზაინის მქონე სახლები განსაკუთრებული მომხიბვლელობით, სისადავით, პრაქტიკულობითა და ფუნქციონალურობით გამოირჩევა. ამ სტილისთვის დამახასიათებელია სიმარტივე, მინიმალიზმი, ბუნებისაკენ სწრაფვა, ღია ტონალობები და ბუნებრივი სინათლის სიუხვე, რაც ერთობლივად ჰარმონიულ გარემოს და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს. აღნიშნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სკანდინავიური დიზაინის მოყვარულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ დიზაინერები და მაცხოვრებლები სწორედ ამ მიმდინარეობას ანიჭებენ დიდ უპირატესობას და ინტერიერს ჩრდილოური დიზაინისთვის დამახასიათებელი პრინციპებით აწყობენ. დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, გაგიზიაროთ რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც თქვენი სივრცე კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება სკანდინავიურ საცხოვრებელს.
დღის შუქით თამაში და ღია ფერების გამოყენება
სკანდინავიურ დიზაინში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ განათებას, მზის შუქს და შუქ-ჩრდილებით თამაშს. დღის განათების სიუხვე სივრცეს ჰაეროვნებას, ჰარმონიულ იერსახეს და სისადავეს სძენს, ამავდროულად ხელს უწყობს მის ვიზუალურ გაფართოებას და დასვენებისა თუ პროდუქტიული მუშაობისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ამიტომ, კარგი იქნება თუ სივრცეში ვიტრაჟებსა და დიდი ზომის ფანჯრებს დაამონტაჟებთ. ასევე, სივრცის სიმსუბუქის გასაზრდელად და ნათელი ინტერიერის მისაღებად უმჯობესია ღია, ნეიტრალური ფერების გამოყენება, განსაკუთრებით კედლებსა და იატაკზე, აქცენტის სახით კი მსუბუქად ფერადი ავეჯისა და დეკორაციის შემოტანა.
ფუნქციური, მინიმალისტური ავეჯის გამოყენება
ინტერიერის განახლების ყველაზე სწრაფი, მარტივი და ამავდროულად ეფექტური გზა ავეჯის განახლებაა. სკანდინავიურ დიზაინში დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯის თითოეულ ელემენტს, ამიტომ მათი შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს. აღნიშნულ მიმდინარეობაში უპირატესობა ბუნებრივ მასალებს, განსაკუთრებით კი ხეს ენიჭება, ამიტომ უმჯობესია ავეჯზე ეს ფაქტურა დომინირებდეს. ასევე, ნაკლებად მიზანშეწონილია გადატვირთული, მასიური ელემენტების გამოყენება. სასურველია მსუბუქი, მინიმალისტური და რაც მთავარია, ფუნქციური ავეჯის შეძენა, რათა ხელი შევუწყოთ ჩრდილოური ინტერიერის მიღებას.
ბუნებრივი მასალები და მცირე რაოდენობის ფაქტურების გამოყენება
სკანდინავიური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ბუნებრივი მასალები და ჯანსაღი გარემოა, რასაც ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ბუნების ელემენტები, დღის უხვი განათება და ღია ტონალობები ქმნის. შესაბამისად, ინტერიერში ბუნებრივი ფაქტურები არა მხოლოდ ავეჯსა და დეკორაციაზე, არამედ სივრცის ყოველ წერტილში გვხვდება. მაგალითად, ხშირია ხის იატაკის, ხის კედლის პანელებისა თუ კიბის გამოყენება. ასევე უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ქვებს, მეტალსა და მინას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოურ სტილში რეკომენდებული არაა მრავალფეროვანი მასალების ხმარება, ამიტომ დიზაინერები უმეტესად რამდენიმე ძირითად ფაქტურას ირჩევენ და მას სივრცის სხვადასხვა წერტილებსა თუ ელემენტებზე იყენებენ.
ფუნქციონალიზმის და ესთეტიკურობის ხაზგასმა
სკანდინავიურ დიზაინში თითოეულ ნივთს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, ამიტომ ჩრდილოური ინტერიერის მისაღებად შეარჩიეთ მაქსიმალურად პრაქტიკული, ფუნქციური ობიექტები, რომლებიც ამასთანავე ესთეტიკურად მიმზიდველი იქნება. იმის გამო, რომ სკანდინავიური სივრცე არასაჭირო დეკორითა თუ უფუნქციო ნივთებით გადატვირთული არ არის, სახლში სიმსუბუქე იგრძნობა და ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამგვარი მინიმალისტური გადაწყვეტილებები კი სკანდინავიური ინტერიერის მიღებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
გამწვანება
ჩრდილოური ესთეტიკის კიდევ ერთი მახასიათებელი გარემოსთან სიახლოვე და ბუნებრივი ელემენტების აქტიური გამოყენებაა. გარე სამყაროსთან კავშირის გასაძლიერებლად საუკეთესო გზა ინტერიერში ბუნებრივი გამწვანების შემოტანაა, რაც ერთი მხრივ, სასიამოვნო, ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის, მეორე მხრივ კი სივრცეს აახალისებს, ფერადოვნებას მატებს და ბევრად მიმზიდველსა და ეფექტურს აჩენს.
რუბრიკის წარმდგენია Mysa