in

ფერთა ბალანსით შექმნილი სკანდინავიური სტილის ინტერიერი სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

ეს ელეგანტური ბინა სტოკჰოლმში, ერთ-ერთ ძველ კორპუსში მდებარეობს და თავისი დახვეწილი გეგმარირებითა და ინტერიერით გამოირჩევა. პროექტი მთლიანად სკანდინავიური სტილის პრინციპებით არის შექმნილი, მუქი ფერის კედლებით, წიგნების თაროებითა და ვინტაჟური ავეჯით. მთლიანობაში ბინა ძალიან მყუდრო და კომფორტულია, რასაც ნათელი სივრცეები, ერთიანი ხის იატაკის საფარი და კარგად შერჩეული ფერთა სისტემა უზრუნველყოფს.

სასადილო ოთახს საკმაოდ არასტანდარტული განლაგება აქვს. ეს ოთახი ყველაზე მეტად აღვიძებს სიმსუბუქისა და სიმშვიდის განწყობას, მაგრამ ახასიათებს ექსპრესიული აქცენტებიც. სკანდინავიური სტილი ფანჯრების გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად, ოთახში სინათლის შემოსვლაზე სწორედ დიდი ზომის ფანჯრებია პასუხისმგებელი. კონტრასტულ შეგრძნებას გვიქმნის მაგიდის სანათის ფერებიც, რომელიც მთლიანობაში სამზარეულოს ნაწილს ეხამება და სახლის ამ ორ ნაწილს შორის ერთიანობის შეგრძნებას აღვიძებს. სახლის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ოთახის მცენარეები, რომელთა გარეშეც სკანდინავიური სტილის ინტერიერი იშვიათია.

სასადილო ოთახთან არის გაერთიანებული სამზარეულო, რომელიც ფერადი აქცენტებითა და თამამი დეტალებით არის გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ სკანდინავიურ სტილს ფერთა მრავალფეროვნება არ ახასიათებს, ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფერის ავეჯი იდეალურად არის დაბალანსებული სახლის სხვა ოთახებთან და მთლიანობაში ერთიან, ჰარმონიულ სტილს ქმნის.

საცხოვრებელის ცენტრალურ ნაწილს ბიბლიოთეკა წარმოადგენს, სადაც მუქი ფერის კედლები სიძველისა და სიმდიდრის ხასიათს აღვიძებს. როგორც წესი, სკანდინავიური სტილის ინტერიერები ხის მასალის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ყველაზე უკეთ სახლის ამ ნაწილში იგრძნობა. სხვა ოთახების მსგავსად, განსხვავებული განწყობის გასაღვიძებლად აქაც სხვადასხვა სახის დეკორაციებია გამოყენებული. მრავლად ვხვდებით კედლის ნახატებს, კერამიკის ნივთებსა და ლარნაკებს.

მთავარი საძინებელიც სინათლის უხვი რაოდენობით გამოირჩევა, რასაც, სასადილო ნაწილის მსგავსად, დიდი ზომის ფანჯრები უზრუნველყოფს. საინტერესო და განსხვავებულ განწყობას ქმნის ჭაღის დიზაინიც, რომლის ფერიც ოთახში არსებულ ქსოვილებთან არის შეხამებული. როგორც წესი, ცივი ამინდების დაბალანსება სკანდინავიურ ინტერიერებში ტექსტილის მრავალფეროვნებით ხდება, შესაბამისად, ნაქსოვი გადასაფარებლები, სქელი ხალიჩები და ბეწვის ქსოვილები ამ შემთხვევაშიც მყუდროებისა და სითბოს შთაბეჭდილებას ქმნის.

ბავშვების ოთახი შედარებით განსხვავებულ სტილსა და ფერებშია გადაწყვეტილი. მუქი კედლებისგან განსხვავებით, აქ უფრო თბილი და ღია ტონალობები გვხვდება. ოთახის მცირე ზომის მიუხედავად, მთავარი აქცენტი ნივთების ფუნქციურობაზეა გაკეთებული, რაც წესრიგსა და კომფორტს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება სააბაზანოს, პროექტის ეს ნაწილიც საკმაოდ თბილ, მოვარდისფრო ფერებშია მოწყობილი. თანამედროვე ავეჯი და აღჭურვილობა სივრცეში ელეგანტურ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის. ცალკე აღნიშვნის ღირსია იატაკის საფარისთვის გამოყენებული კერამიკული ფილებიც, რომლებიც, ერთი მხრივ, იდეალურად ეხამება სააბაზანოს ფერებს, მეორე მხრივ კი ფერთა სისტემაში განსხვავებული აქცენტი შემოაქვს.

მთლიანობაში, პროექტი საკმაოდ მყუდრო და საინტერესოა. ინტერიერში უმნიშვნელოვანეს როლს ფერები თამაშობს, რომელთა სწორი ბალანსით ჰარმონიული გარემო მიიღწევა. სივრცეები ძალიან მყუდრო და მშვიდია, ოთახები არ არის გადატვირთული და იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად ან დროის ოჯახთან ერთად გასატარებლად.

5 მარადიული ფერი აბაზანისთვის, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა

8 ადგილი თბილისში, სადაც დაწნულ კალათას შეიძენთ