in

სკანდინავიურ სტილში მოწყობილი მყუდრო სახლი სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 67 კვადრატული მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი, რომელშიც სახლი მდებარეობს, მუქი ფერის ფასადითა და ექსტერიერით გამოირჩევა, სახლის დიზაინი სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი და ნათელი, ღია ფერები მწვანე და შავ დეტალებთანაა შეხამებული.

სახლის ყველა ოთახში ერთი მასალის იატაკს ვხვდებით, რაც მას დამატებითი სივრცისა და ერთიანობის ეფექტს უქმნის. მისაღებისა და სამზარეულოს ნაწილი გაერთიანებულია და ისევე როგორც სხვა ოთახებში, კედლები აქაც თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.

მისაღებ ოთახში ვხვდებით ხის მაგიდასა და სკამებს, რომლებიც თეთრი ფერის დივანს, კარადებსა და ფანჯრებს ეხამება, ხოლო მუქი და ღია ფერების ბალანსისთვის სახლის მეპატრონემ მწვანე მცენარეები და შავი ფერის დეკორაციები, მათ შორის შავი ქოთნები გამოიყენა. აქვეა წიგნების კარადაც, რომელიც ასევე სხვადასხვა ფერის წიგნებითა და მცენარეებითაა შევსებული.

სამზარეულოს ნაწილი მთლიანად თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და აქ უფრო მეტად მუქი ფერის ავეჯი და დეკორაციებია გამოყენებული. მისაღების მსგავსად, ფერების დასაბალანსებლად აქაც მწვანე მცენარეებსა და სხვადასხვა ფერის წიგნებს ვხვდებით, რომლებსაც ღია ფერის ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები ეხამება.

პირველი და მეორე სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდება, რომელიც შემოსასვლელი კარის ფერთანაა შეხამებული. დერეფანში ვხვდებით ფეხსაცმლის პატარა კარადას, ხალიჩას და სარკესაც, რომლებიც სადა და მინიმალისტურ ფერებშია შერჩეული. სახლის მეპატრონეს მწვანე მცენარეები არც ამ ნაწილში გამორჩენია.

რაც შეეხება საძინებელს, აქ სხვა ოთახებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ კედლები, არამედ ავეჯი და კარადაც თეთრი ფერისაა, რომელსაც ასევე თეთრი ჭაღი და საწოლის გადასაფარებლები ეხამება. საძინებლის ღია ფერები დაბალანსებულია მუქი ლურჯი ხალიჩისა და კარადის ოქროსფერი სახელურების დახმარებით, რომლებსაც ნახატები და ფერადი ბალიშები ეხამება.

საძინებლის მსგავს ფერებშია მოწყობილი აბაზანაც, რომელიც მთლიანად თეთრი და ნაცრისფერი ფერების კომბინაციითაა შექმნილი და მწვანე მცენარეები და ღია ყავისფერი დეტალები ეხამება. სახლის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, აბაზანაში შავი ფერის კერამიკული ფილებია გამოყენებული.

საბოლოო ჯამში, მეპატრონის ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი სახლის ინტერიერი და მასში გამოყენებული ნათელი და სადა ფერები, რომლებიც ძირითადად მწვანე და შავ ფერებთანაა ბალანსში, სახლში სიმყუდროვისა და სიმდიდრის ეფექტს ქმნის.

მყუდრო ბინა შროშის ქუჩაზე — შორენა კიკალეიშვილის ინტერიერი

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი – ნინო იმნაძის ხედვა