გიოტებურგის ისტორიულ უბანში 1910 წელს აშენებული ეს სახლი, ძველ ბინაში თანამედროვე სკანდინავიური ინტერიერის შექმნის შესაძლებლობის თვალსაჩინო მაგალითია.
ლინნესტადენი ან უბრალოდ ლინნე, როგორც მას შვედები უწოდებენ, გიოტებურგის ცენტრის პოპულარული ტურისტული უბანია. აქ ქალაქური ცხოვრება თუხთუხებს. დღისით ირგვლივ უამრავი პატარა მაღაზია, დახლი და კაფეა გახსნილი, ღამე კი მოქმედება ბარებსა და რესტორნებში ინაცვლებს, რომლებიც აქ ასევე უხვადაა.
ერთ-ერთ ასეთ ცოცხალ, პატარა ქუჩაზე დგას 1910 წლის ნაგებობა, რომელშიც ეს 62 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ოროთახიანი ბინაა მოთავსებული.
დიზაინერებმა, რომლებიც აპარტამენტების რენოვაციაზე მუშაობდნენ, მემკვიდრეობად საკმაოდ მდიდარი „მასალა“ მიიღეს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეებით. დადებითიდან სახლის ადგილმდებარეობა, მაღალი სამ მეტრიანი ჭერები, კარგად შენარჩუნებული ხის იატაკი, კარი, ფანჯრები და ჭერის ორნამენტებია აღსანიშნავი.
სუსტი მხარეებიდან კი საგულისხმოა მოუხერხებელი გეგმარება – ყველა ოთახის ერთ რიგში განლაგება, მრავალი „ზედმეტი“ კუთხე, ფანჯრების მხოლოდ ერთ მხარეს მდებარეობა და ერთ-ერთი ოთახის (სადაც ამჟამად მასპინძლების საძინებელია) ტრაპეციული ფორმა.
ნაკლების დაფარვა დიზაინერული ხერხების მეშვეობით მოხერხდა. მაგალითად, სასტუმრო ოთახის უსწორმასწორო კედლებზე „Boråstapeter“-ის ლურჯი შპალერი გაიკრა, რომელიც დანარჩენი სივრცის თეთრი ინტერიერის ფონზე ყურადრებას მომენტალურად იპყრობს და ხარვეზებს აბათილებს. აქ მთავარი მორთულობა „Zettel’z“-ის იაპონური ქაღალდის ფოთლების სანათია, რომელიც გერმანელი განათების დიზაინის „გურუს“, ინგო მაურერის (Ingo Maurer) შემოქმედებაა. სხვათაშორის სანათს სუფთა ფურცლებიც მოჰყვება, რომელზეც მეპატრონეებს თავიანთი ისტორიის დაწერა და ამგვარად სტუმრებისთვის გზავნილის დატოვება შეუძლიათ.
საძინებელს ტრაპეციის ფორმა და მახვილი კუთხე აქვს, სადაც ვიწრო ფანჯარაა მოთავსებული. აქ კომპაქტური მაგიდითა და დამატებითი სანათით მომცრო სამუშაო ზონა მოაწყვეს, რომელსაც ტრადიციული სამაგიდე ლამფის ნაცვლად, კედელზე მიმაგრებული ბრის ფორმა აქვს. ასე მაგიდის სიმცირის გამო მოიქცნენ.
მოპირდაპირე ფართო კედელთან მოთავსდა ორადგილიანი საწოლი პატარა მაგიდებთან ერთად, ნიშაში კი წიგნებისთვის თვითნაკეთი თაროები განლაგდა.
საძინებელში „ИКЕА“-ს ტევადი კომოდი და ყოველდღიური ტანსაცმლისთვის საწოლთან არსებული საკიდია გათვალისწინებული, რომელიც მოხერხებულიცაა და ერთგვარ დეკორსაც წარმოადგენს.
სამზარეულო სასადილოსთანაა ინტეგრირებული. უკანასკნელი იატაკის ხალიჩით, შუშის სანათითა და კედლის ფოტოებითაა ზონირებული.
ეს შტრიხები ამ სივრცეს მყუდრო და ცოცხალ იერს აძლევს და სამზარეულოს სამუშაო ზონიდან გამოყოფს. იატაკის ფიცრების მკაფიო ჰორიზონტალური ნახატი სამზარეულოს მკაცრი გეომეტრიული ფასადებითა და კვადრატული თეთრი ფილითაა შევსებული.
სამზარეუო/სასდილოს ხის იატაკი თეთრ ფერშია შეღებილი, რაც სასაუზმო ზონას ერთგვაროვნებასა და მთლიანობას სძენს.
ბინაში, მთლიანად თეთრ ფერშია შესრულებული ერთი სააბაზანო და მინი სათავსო. ორივე სივრცეში მოხვედრა მომცრო შემოსასვლელიდანაა შესაძლებელი. სარდაფში კი ოჯახური გემრიელობების საწყობია მოწყობილი.