სამზარეულო სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ის მაქსიმალურად კომფორტული და ფუნქციური უნდა იყოს. სკანდინავიური დიზაინი სწორედ ამ პრინციპებს ემყარება. დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ შექმნათ სკანდინავიური დიზაინის სამზარეულო.
გამოიყენეთ ბუნებრივი ხე
ბუნებრივი ხე ხშირად გამოიყენება სკანდინავიურ ინტერიერში და მას განსაკუთრებული სიმყუდროვე და სითბო შემოაქვს, რაც ასე აუცილებელია ჩრდილოური სტილის შესამსუბუქებლად. ის ასევე გამძლეა და დროთა განმავლობაში არ ფუჭდება.
იქონიეთ მოწესრიგებული და მარტივი კარადები
სკანდინავიური სტილის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, დიზაინი იყოს მარტივი და სიმეტრიული. შესაბამისად, ეცადეთ, სამზარეულოს სათავსოები/უჯრები იყოს ერთნაირი ზომის. ამგვარად სამზარეულო უფრო მოწესრიგებული და დახვეწილი გამოჩნდება.
გამოიყენეთ პასტელური ფერები
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი, შავი და ნაცრისფერი გავრცელებულია სკანდინავიურ ინტერიერებში, ამავდროულად, ხშირად ვხვდებით პასტელურ ტონებსაც. გირჩევთ, ეს ელფერები ჩრდილების სახით დაამატოთ ღია ფერებს, რათა მშვიდი და ცოტა მხიარული განწყობა შექმნათ.
დაამატეთ გრაფიკული შაბლონები
გრაფიკული შაბლონები საკმაოდ პოპულარულია სკანდინავიურ დიზაინში და სამზარეულოს “წინსაფარი” შესანიშნავი ადგილია საამისოდ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამ ტექნიკის გამოყენებამ შესაძლოა სივრცე ოდნავ გადატვირთოს, გრაფიკულ შაბლონს მხიარული განწყობა შემოაქვს ინტერიერში და შესაბამისად, ეს არც ისე ცუდი იდეაა.
გამოიყენეთ კონცეფცია “Higgy”
“Higgy” არის დანიური კონცეფცია, რომელიც სიმყუდროვესა და კეთილდღეობაზე აკეთებს აქცენტს. სამზარეულოში კი, სადაც შეიძლება გქონდეთ ბევრი გლუვი და მყარი ზედაპირი, ამგვარი განწყობის შექმნა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, სკანდინავიელები სიმყუდროვის ეფექტს ისეთი ხერხებით აღწევენ, როგორიცაა რბილი ხალიჩა, გამორჩეული მაგიდის აქსესუარები, კერამიკა და ღია თაროების სისტემა.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი