in

მონოქრომული ინტერიერი კლასიკურ სკანდინავიურ სტილში

Banner M2
Banner M2

თუ ინტერიერის შედარებას წელიწადის რომელიმე დროსთან გადავწყვეტთ, მაშინ ამ შვედური ბინის დიზაინი აუცილებლად მოგაგონბთ ცივ და ნისლიან ზამთარს. ნაცრისფერი, რომელიც დიზაინერებმა კედლებისთვის გამოიყენეს, სასიამოვნო და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის და იძლევა დამამშვიდებელ ეფექტს. ამავდროულად, ავეჯი და დეკორი ღია თბილ ფერებშია გადაწყვეტილი და სივრცის ერთიანობას უზრუნველყოფს. ბინის საერთო ფართობი 60 კვადრატული მეტრია.

სკანდინავიური სტილი თავისთავად ითვალისწინებს სიმყუდროვესა და სიმარტივეს. სწორედ იმისთვის, რომ სახლში ზამთრის სიცივე არ იგრძნობოდეს, ასეთი სტილი ხასიათდება თბილი, ღია აქცენტებით, ლაკონურობით, ფუნქციურობითა და სუფთა ხაზებით.

ამ შემთხვევაში მისაღები საკმაოდ დიდი ზომისაა, ერთფეროვანი და მოსაწყენი განწყობის ასარიდებლად მწვანე მცენარეებია გამოყენებული, რომელთა დახმარებითაც სახლში საინტერესო კონტრასტი იქმნება. ოთახებს შორის სასიამოვნო ერთიანობას ქმნის კარების ორმაგი დიზაინიც, ხოლო იმისთვის, რომ ინტერიერი კიდევ უფრო ვრცელი და ნათელი გამოჩნდეს, ოთახს საკმაოდ დიდი ზომის ფანჯრები ამშვენებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხის დეტალებიც, საცხოვრებელში ბუნებრივი აქცენტები სწორედ ხისფერი ავეჯითა და დეკორაციებითაა შექმნილი.

სკანდინავიური სტილის ბინებში ფერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რაც ამ კონკრეტულ პროექტშიც აისახება. სივრცის შესაქმნელად გამოყენებულია ნეიტრალური ტონები, რომლებსაც სინათლის არეკვლა შეუძლია. ფერები თითოეულ ოთახში მეორდება. სამზარეულოს დიზაინიც სადა და მინიმალისტურია. მონოქრომულ ფერთა პალიტრასთან კონტრასტის შესაქმნელად შავი ფერის ზედაპირები და ქოთნის მცენარეებია გამოყენებული, ტექნიკა კი თანამედროვე და დახვეწილ შეგრძნებას გვიქმნის.

ინტერიერი არ არის ავეჯით გადატვირთულ და მინიმალიზმის პრინციპს იზიარებს – “ნაკლები ნიშნავს მეტს (Less is more). შესაბამისად, ავეჯი მაქსიმალურად მცირე რაოდენობითაა, თუმცა არის ფუნქციური, კომფორტული და თანამედროვე. მინიმალისტური სტილი კარგად ჩანს საძინებელშიც. ოთახის ვიზუალურად გასაზრდელად აქ დიდი ზომის სარკე და ნათელი ფერებია გამოყენებული, აივანზე გასასვლელი კარი და ფანჯარა კი საძინებელში ბუნებრივი შუქის შემოსვლას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება აბაზანას, სახლის სხვა ნაწილისგან არც ეს სივრცე განსხვავდება. ძვირადღირებული სანტექნიკა და ავეჯი ელეგანტურ განწყობას აღძრავს, კონტრასტის შესაქმნელად კი კერამიკული ფილებია გამოყენებული. სახასიათო ატმოსფეროს ქმნის ქოთნები და ყვავილებიც.

სიმყუდროვისა და კომფორტისთვის გათვალისწინებულია მცირე ზომის აივანი, რომელიც იდეალურია დამღლელი დღის შემდეგ დასასვენებლად. რადგან სკანდინავიელებს ბუნება ძალიან უყვართ, ბუნების ნაწილი სახლის დეკორშიც გათვალისწინებული აქვთ, აივანზე კი ეს დეტალი კიდევ უფრო ნათლად არის გამოკვეთილი.

როგორ შევარჩიოთ მშვიდი ფერები ინტერიერისთვის? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

7 ადგილი თბილისში, სადაც საწოლის ტუმბოს შეიძენთ