in

სადა ელეგანტურობა – რაში მდგომარეობს სკანდინავიური სტილის საიდუმლო?

სკანდინავიური სტილი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე წლების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს. ის საყოველთაოდ ცნობილია მინიმალიზმით, სიმარტივით, ფუნქციონალურობითა და ბუნებრივი მასალების სიუხვით, რაც ჰარმონიული, კომფორტული და სასიამოვნო გარემოს განმსაზღვრელია.

სკანდინავიურ სტილს საფუძველი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა სკანდინავიურ ქვეყნებში — დანიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში. გარემო ფაქტორებმა (სკანდინავიური ქვეყნები მკაცრი ზამთრითა და ხანგრძლივი ბნელი დღეებით ხასიათდება), სითბოს, კომფორტის, სიმწვანისა და ფუნქციონალურობის საჭიროებამ დიდი გავლენა იქონია სკანდინავიური სტილის ჩამოყალიბებაზე. ასევე მის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდუსტრიულმა რევოლუციამ და მეორე მსოფლიო ომმა, რომლის დასრულების შემდეგ აღნიშნული მიმდინარეობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ამგვარად, ჩრდილოური სტილი სკანდინავიური ქვეყნების უნიკალური კულტურული და ისტორიული კონტექსტით არის განპირობებული. ეს არის დიზაინის ფილოსოფია, რომლის საიდუმლო ბუნებისაკენ სწრაფვა, სიმარტივე, ეკოლოგიური სისუფთავე, ფუნქციონალურობა, კომფორტი და ესთეტიკური სისადავეა. ის რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება.

განათება და სიმსუბუქე — სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელია ვიზუალურად ფართო, ნათელი სივრცეები, რომლებიც პრაქტიკულობით ხასიათდება. ჩრდილოურ ესთეტიკაში მყუდრო და მიმზიდველი ატმოსფეროს მისაღებად უხვად გამოიყენება ბუნებრივი განათება და დეკორატიული სანათები. ღია ფერის კედლები და მინიმალური ავეჯი სიმსუბუქისა და ჰარმონიის შეგრძნებას ქმნის.

Bloomingville-ის წიგნების კარადა

მყუდროება და სითბო — მინიმალიზმისა და სიმარტივის ხაზგასმასთან ერთად, სკანდინავიურ მიმდინარეობაში მნიშვნელოვანია მყუდრო და თბილი ატმოსფეროს შექმნა. სწორედ ამიტომ ეს დიზაინ-ფილოსოფია “Hygge”-ის კონცეფციას ეფუძნება, რომელიც მყუდროებას აღნიშნავს და თბილი განათების, რბილი ტექსტურის, ნაზი, ღია ფერთა პალიტრის, ხის მასალის გამოყენებით და კომფორტული ავეჯით სასიამოვნო გარემოს განაპირობებს, რომელიც კეთილდღეობისა და ჰარმონიის განცდას ტოვებს და მაცხოვრებლების განწყობაზე სასიკეთოდ აისახება.

Bloomingville-ის მოწნული სავარძელი

ბუნებასთან კავშირი და მდგრადობა — სკანდინავიური დიზაინი ბუნებასთან ახლო კავშირისკენ მიისწრაფვის, რაც დიზაინის თითოეულ დეტალში ვლინდება. ამ სტილში მნიშვნელოვანია ბუნებრივი მასალების გამოყენება, რომლებიც უსაფრთხოებით, ხარისხით და ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა, რაც ხელს უწყობს მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც წლების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. ამას გარდა, გარე სამყაროსთან ურთიერთკავშირი საცხოვრებელში ბუნებრივი მცენარეების გამოყენებით და მწვანე დეტალების ხაზგასმითაც მიიღწევა.

&Klevering-ის კერამიკული ლარნაკი

ნეიტრალური ფერები და ბუნებრივი ტექსტურები — სკანდინავიურ დიზაინში გამოყენებული თითოეული ტონალობა თუ ელემენტი სუფთა, მარტივი, ჰარმონიული გარემოს ჩამოყალიბებას ემსახურება. ძირითად ფერთა პალიტრად შერჩეულია ნეიტრალური, ღია ფერები — თეთრი, ნაცრისფერი, პასტელური ტონები, კონტრასტის სახით კი შემოტანილია შავი, მწვანე და ლურჯი აქცენტები. ხოლო ავეჯში, დეკორატიულ ელემენტებსა და აქსესუარებში უმეტესად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები — ხე, ქვა, ტყავი, მატყლი, ბამბა, ტილო, რომლებიც ერთმანეთთან ორგანული სინთეზით მშვიდი, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

Hkliving-ის ხალიჩა

სიმარტივე და ორგანიზებულობა — სკანდინავიური დიზაინის კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც მის ელეგანტურ, სადა და დახვეწილ ესთეტიკას განაპირობებს, სუფთა ხაზები, მარტივი ფორმები და მინიმალიზმია. ასეთი ტიპის დიზაინში დიდი ყურადღება ექცევა ორგანიზებულობასა და წესრიგს, ამიტომ თითოეულ ნივთს თავისი ფუნქცია და როლი აქვს სივრცეში. რის გამოც სახლები ზედმეტი ნივთებით გადატვირთული არ არის, ეს კი მაცხოვრებლების ხასიათზეც დადებითად აისახება.

Hkliving-ის მაგიდა

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების შედეგად იქმნება სკანდინავიური სტილი, რომელიც სისადავით, ელეგანტურობით, ჰარმონიით, მდგრადობით გამოირჩევა და უზრუნველყოფს თბილ, მყუდრო, სასიამოვნო გარემოს, რომელიც არა მხოლოდ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს განსაზღვრავს, არამედ მაცხოვრებელთა ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაზეც პოზიტიურად ზემოქმედებს.

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

რომელი ფერების გამოყენება სჯობს საძინებელში? – რამდენიმე საინტერესო რჩევა ექსპერტებისგან

საკუთარი ხელით გაცოცხლებული ძველი სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე — ანა ციციშვილის და თენგო ალავერდაშვილის ინტერიერი