სტუდიოს ტიპის პატარა ბინაში ცხოვრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ გექნებათ ლამაზი და ფუნქციური ინტერიერი. ამის ნათელი მაგალითი სწორედ ეს უმშვენიერესი საცხოვრებელია, რომელიც შვედეთში მდებარეობს.
ეს არის ეგრეთწოდებული ექსტრემალურად თეთრი ჩრდილოური დიზაინის ნიმუში, რომელიც არც თუ ისე ხშირად გვხვდება სკანდინავიურ პროექტებში, ვინაიდან სრულიად თეთრი ინტერიერის შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი რისკი არის ბანალური, უსიცოცხლო სტილი და ე.წ. “საავადმყოფოს” იერი. თუმცა, ამ შემთხვევაში სივრცე იმდენად დაბალანსებულია სწორი აქცენტებით, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას.
ეს არის 38 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელი სივრცე, რომელსაც გააჩნია მაღალი ჭერი, რამაც შესაძლებელი გახადა ანტრესოლის მოწყობა. ბინის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა უხვი ბუნებრივი განათება, რაც ირეკლება თეთრ კედლებსა და იატაკზე და საერთო ჯამში, სივრცე არის კიდევ უფრო ნათელი.
სამზარეულოს ზონა გამოყოფილია მისაღები ოთახისგან შუშის ტიხრით, შესაბამისად, ბუნებრივი განათების სიმცირე არც სამზარეულოში იგრძნობა.
ბინა მდებარეობს მე-20 საუკუნეში აშენებულ სახლში. სწორედ ამ დროინდელია ხის იატაკი, რომელიც აქ გვხვდება. ინტერიერში ასევე ყურადღებას იქცევს უხვად გამოყენებული ხის დეტალები, რაც საკმაოდ კარგად ეხამება სივრცეში გაბატონებულ თეთრ ფერს და მეტი სითბო შემოაქვს სახლში.