ოჯახში მეორე შვილის დაბადება დიდი სიხარული და ბედნიერებაა. თუმცა, თუ სახლში მხოლოდ ერთი საბავშვო საძინებელია, მაშინ უფროს ბავშვს ოთახის გაზიარება მოუწევს. გარდა ამისა, თუ ბავშვები სხვადასხვა სქესის არიან, მაშინ საძინებლის გაფორმება დიდ თავსატეხად იქცევა. დღეს კი ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ეტაპი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანის გარეშე.
- საერთო სტილისა და ფერის შერჩევა
სხვადასხვა ფერისა და სტილის გამოყენება საძინებელს ვიზუალურად შეამცირებს. საკმარისად ფართო სივრცის შემთხვევაშიც კი ოთახში ქაოსის განცდა გაჩნდება. უმჯობესია ორიენტირდეთ ნეიტრალურ პალიტრაზე და ერთი სტილი შეინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში ოთახი ერთიანი, კომფორტული და მყუდრო სივრცის შთაბეჭდილებას დატოვებს.
- ზონირება
თითოეულ ბავშვს სჭირდება საკუთარი სივრცე ნივთების შესანახად, დასვენებისა და ძილისთვის, კრეატიულობისა და სწავლისთვის. იმისათვის, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი არ წარმოიშვას, უმჯობესია, დაგეგმვის ამ ნაწილს პასუხისმგებლობით და გააზრებულად მიუდგეთ.
სწავლისთვის განკუთვნილი ზონა შეიძლება საერთო იყოს, თუმცა ნივთების შესანახი და დასასვენებელი სივრცეები უნდა განაცალკეოთ. ასევე აუცილებელია, გამოიყოს ადგილი, სადაც ბავშვები შეიკრიბებიან და მეგობრებთან ერთად ითამაშებენ.
- უსაფრთხოება
ეს ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცის ორგანიზების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. იქნება ეს წაწვეტებული კუთხეები, დაბალი ფანჯრები, თუ დაუცველი ფანჯრის რაფები — მონიშნეთ ყველა პოტენციური საფრთხე, რათა ეს ყველაფერი საბავშვო საძინებლის მოწყობისას გაითვალისწინოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოების პირობები განსხვავებულია.
- ოთახის განათება
საბავშვო საძინებლისთვის განათების შერჩევისას მთავარი წესი არსებობს — სინათლე ზედმეტი არასოდეს არის! ამ ოთახის ინტერიერში სწორი განათება ფსიქოლოგიურ კომფორტსა და კარგ მხედველობას უზრუნველყოფს, ამიტომ ამ მიმართულებით ფულის დაზოგვა არ ღირს.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს საკმარისი განათება ნებისმიერი აქტივობის დროს. საბავშვო საძინებელს სჭირდება როგორც დღის შუქი, ასევე განათება სამუშაო სივრცისთვის. ჩაშენებული განათების დახმარებით შესაძლებელია ოთახის სხვადასხვა ზონების ხაზგასმა. ასევე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ სპეციალური განათება ღამით ზღაპრების წასაკითხად — როდესაც მას ჩართავთ, ბავშვებს ეცოდინებათ, რომ დროა ჯადოსნურ ისტორიას მოუსმინონ და შემდეგ დაიძინონ.
- გაითვალისწინეთ ხასიათი
ინტერიერის შექმნისას ყოველთვის გირჩევთ დაიწყოთ მფლობელის ტემპერამენტის, მისი ცხოვრების წესის გათვალისწინებით. როგორია თქვენი თითოეული შვილის ხასიათი? რა ჩვევების დანერგვას და რა ნიჭის აღმოჩენას ისურვებდით მათში? ესაუბრეთ, დააკვირდით ბავშვებს, რათა მათთვის კომფორტული სივრცე შექმნათ.
- საბავშვო საძინებელი, როგორც განმავითარებელი სივრცე
საბავშვო საძინებელი თქვენი შვილების განვითარების საშუალებად აქციეთ. მოაწყვეთ ოთახები ისე, რომ თითოეულმა მათგანმა საკუთარი ნიჭის რეალიზება შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არჩევანის საშუალებაც მისცეთ, რათა მან სხვადასხვა რამ სცადოს და საბოლოოდ მისთვის საყვარელი აქტივობები აირჩიოს.