ძველი კიევური სახლის ამ სხვენის მფლობელი ბავშვებიანი ოჯახური წყვილია, რომლებმაც ის თავიანთი ძირითადი ბინის მახლობლად, საცხოვრებელი ფართის გაფართოვების მიზნით შეიძინეს. გასაფორმებლად „faino decor“-ის სტუდია მოიწვიეს. აი მათი დახმარებით რა გამოვიდა.
ბინა პოდოლში, კიევის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და ისტორიულ უბანში მდებარეობს და მისი მფლობელები რესტორატორები არიან. ახალშენაძენის ფართი 106 კვადრატული მეტრია. სხვენის სართულის ეს ორი ბინა ორ განსხვავებულ ზონად იყო ჩაფიქრებული: „ზრდასრული“ მშობლებისთვის და „საბავშვო“ ძიძისა და ბავშვებისთვის.
„ჩვენ მეორე, „საბავშვო“ ზონისთვის ვმუშაობდით, თუმცა საბავშვო აქ მხოლოდ დასახელებაა, – ამბობს დიზაინერი, – სახლი საბავშვოდ არ უნდა აღქმულიყო. დღეს ეს სრულყოფილი საცხოვრებელი სივრცეა, დამოუკიდებელი შესასვლელითა და სტილისტიკური გადაწყვეტილებებით. მისი განცალკევება ძირითადი საცხოვრებლისგან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ეს ორი ზონა ერთმანეთთან საერთო დიდი აბაზანითაა დაკავშირებული, საიდანაც ერთი ბინიდან მეორეში გადასვლაა შესაძლებელი.
ახალ ბინაში სამი საძინებელი (ორი ქვედა დონეზე და ერთი ზემოთ, დამრეცი სახურავის ქვეშ), სასტუმრო და მომცრო სამზარეულოა. აქ ასევე გარდერობი, საშხაპე და სააბაზანო ოთახია (საერთო ორივე ბინისთვის). გეგმარება პირველი მანსარდის არქიტექტორმა შეადგინა, რომელიც ახალმა დიზაინერებმა შეინარჩუნეს, უბრალოდ სანიტარულ კვანძში შესვლის სქემა შეცვალეს (კარი სასტუმროდან შემოსასვლელში გადაიტანეს და ამ გზით ტელევიზორისთვის ჩამოსაკიდი კედელი გამოათავისუფლეს).
„ასეთი მიკრო გადაადგილებებით, უმნიშვნელო ცვლილებებითა და ეკლექტური დანამატებით, მხოლოდ ავეჯის, დეკორისა და ფერის მეშვეობით, ჩვენ ყოველი ოთახი ახლებურად გადავათამაშეთ და სივრცე უჩვეულო დეტალებით შევავსეთ“, – ამბობს დიზაინერი.
თუ მფლობელების პირველი ბინა ლოფტის სტილში იყო გაფორმებული, ახალ შენაძენში მათ უფრო მყუდრო, „ოჯახური“ სივრცის შექმნა მოისურვეს, რომელიც მეპატრონეების ხელოვნებისადმი, ვინტაჟისა და უჩვეულო ნათელი ნივთების სიყვარულს გამოამზეურებდა. ამიტომაც მეორე სართულზე საძინებლის ყრუ კედლის მაგივრად, კიევური პარკეტის ხის პანო გაჩნდა. მისი შექმნის ისტორია ცალკე განხილვას იმსახურებს.
„ხის პარკეტი, რომელიც 100 წელზე მეტი ხნისაა, ერთ-ერთ შესრულებულ, ძველ ობიექტზე გამოცვალეს – გვიამბობს დიზაინერი – თითქმის მკვდარ მასალას დიზაინერებმა მეორე სიცოცხლე შთაბერეს და მისგან რამდენიმე განუმეორებელი, ნახატებიანი პანო შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი ამ პროექტს მოვარგეთ. საღამოობით, განათების შუქჩრდილები მის უნიკალურ რელიეფს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის“.
„დიასახლისი ქარგვით არის გატაცებული. ამიტომ ინტერიერში მისი 50 წლის წინანდელმა ნამუშევარმა, რომელიც ფაქტიურად უკვე ანტიკვარია, ხელნაკეთ ჩარჩოსთან ერთად ერთ-ერთ კედელზე დამსახურებული ადგილი შეიძინა“.
ბინის გაფორმებისთვის დიზაინის საავტორო და ვინტაჟური სტილის ნივთებია გამოყენებული. ესენია ხელნაკეთი უნიკალური სანათები TV-ზონაში, ჭაღი სასადილო სივრცეში, კერამიკა, სასადილო მაგიდა, რესტავრირებული რეტრო სავარძელი, ასევე მუხის ხელნაკეთი ავეჯი.