in

სკანდინავიური სტილის ინტერიერი ვერაზე – ანანო ბაქრაძის მინიმალისტური ბინა სხვენში

ანანო ბაქრაძე კრეატიული კონსულტანტი და ბაიერია. ამას გარდა, დღესდღეობით იგი ისეთი კომპანიების თანადამფუძნებელია, როგორებიცაა წიგნის კონცეპტუალური მაღაზია “They Said Books,” სტუდია “all tomorrow’s projects” და შოურუმი “kitchen & living.

მიუხედავად იმისა, რომ ანანოს ყოველთვის ხიბლავდა ინტერიერის დიზაინი, აღნიშნულ სფეროსთან მისი მჭიდრო კავშირი სწორედ kitchen & living-ის დაარსებიდან დაიწყო.

ამ ყველაფრით მანამდეც ვიყავი აღფრთოვანებული და მოხიბლული, სანამ პროფესიულად მომიწევდა ჩართვა, მაგრამ kitchen & living-ის სივრცის შექმნამ, იქ წარმოდგენილმა დიზაინ ობიექტებმა, ბრენდებმა და დიზაინერებმა, რომლებიც დღეს მსოფლიო მასშტაბით ქმნიან ტენდენციებს დიზაინის სფეროში, კიდევ უფრო დამაახლოვა აღნიშნულ სფეროსთან,” – გვიამბობს ანანო

შოურუმის შემდეგ იყო საკუთარი ბინის ინტერიერის მოწყობა, რაც ანანოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში, დღეს ის უკვე პროდუქტის დიზაინის ლექტორის საქმიანობასაც ითავსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა V(a)ads-ში.

ბინა, რომელიც ვერაზე, პიერ კობახიძის ქუჩაზე მდებარეობს, ჩვენმა რესპონდენტმა 2019 წელს შეიძინა. როგორც თავად გვიამბობს, საცხოვრებელ სივრცეს უკვე ეძებდა, თუმცა ეს კონკრეტული ფართი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა და მაშინვე იყიდა, რადგან ის მის მთავარ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

ყოველთვის ვიცოდი, რომ არ მინდოდა სტანდარტული ბინა, მაგალითად, ახალ აშენებულ კორპუსში. მე ვოცნებობდი ნიუ-იორკულ ლოფტზე, დიდი ღია სივრცეებითა და ბუნებრივი განათებით. შესაბამისად, სულ ვფიქრობდი, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ჩვენს რეალობაში  ბინის სხვენში მოწყობა იქნებოდა. ვხვდებოდი, რომ საკუთარი პროექტით აშენება მომცემდა საშუალებას, მეტ-ნაკლებად განმეხორციელებინა ჩემი ხედვა.

ახლად შეძენილ ბინაში ანანომ ყველა ის გეგმა განახორციელა, რაც თავიდანვე ჰქონდა დასახული მიზნად, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, დიზაინის კუთხით, გარდამტეხი მომენტი იყო 2021 წლის სექტემბრის მოგზაურობა კოპენჰაგენში.

მოგზაურობამდეც ყოველთვის მხიბლავდა სკანდინავიური სიმარტივე და მინიმალიზმი, ფილოსოფიამდე დაყვანილი ინტერიერის დიზაინი, რომელიც დეტალებში ითვალისწინებს მის ეფექტს და ზეგავლენას ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. სკანდინავიელების მიდგომა – “Hygge”, რომელიც საკმაოდ ბევრი წლის წინ გაცდა დანიის საზღვრებს, ვფიქრობ, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ჩემთვის “Hygge”-ს ფილოსოფიის მთავარი კომპონენტები – სიმარტივე, მყუდროება, სიმშვიდე, ავთენტურობა და ორგანულობა – მართლაც უმთავრესია სივრცის მოწყობისას.”

როგორც ანანო გვიამბობს, მის სახლში მხოლოდ ის ნივთებია, რაც მას რეალურად სჭირდება (თუმცა არის მცირე დეტალები, რის შემატებასაც მომავალში გეგმავს). სწორედ აქედან გამომდინარე, სივრცე არის ძალიან ჰაეროვანი, მსუბუქი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნებრივი განათებით განებივრებული. ეს ყველაფერი კი ინტერიერს ნამდვილად გამორჩეულ ელფერს სძენს.

ბინის საერთო ფართობი 85 კვადრატული მეტრია და ის მოიცავს ერთ საძინებელს, სველ წერტილს და გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა სტუდიოს პრინციპითაა დაგეგმარებული და მასში მყარი ტიხრები არ გვხვდება, ზონირება საკმაოდ კარგად არის შესრულებული და პირველ რიგში, ეს ეფექტი სამზარეულოს კუნძულით მიიღწევა, რომელიც ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს სამზარეულოსა და მისაღებ-სასადილო ზონებს შორის.

თავდაპირველად მთლიანად ინოქსისგან (უჟანგავი ფოლადისგან) შექმნილი კუნძულის დამონტაჟებას ვაპირებდი. სხვათა შორის, ახლაც ძალიან მომწონს ეს ვარიანტი, ბევრ ბრენდს აქვს ფანტასტიკური დიზაინის კუნძულები, რომლებიც სრულად ინოქსით არის შექმნილი. თუმცა, რაც უფრო მეტად იღებდა ჩემი ინტერიერი დასრულებულ სახეს, მით უფრო აშკარა იყო ჩემთვის, რომ რაღაც განსხვავებული მინდოდა – ისეთი, რაც ამ სივრცისთვის ორგანული იქნებოდა. ასე მივედი ამ კონკრეტული კუნძულის დიზაინამდე,”- გვიამბობს ანანო

სამზარეულოს ზონაში ასევე გვხვდება საკმაოდ საინტერესო დიზაინ ელემენტი. ეს არის Hay Design-ის უჟანგავი ფოლადის თარო, რომელსაც დეკორატიულთან ერთად, ესთეტიკური დანიშნულებაც აქვს.

ხანდახან მგონია, რომ ეს თარო ჩემი სახლისთვის შექმნეს კოპენჰაგენში. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა დღეს მართლა ვერ წარმომიდგენია ჩემი ბინა ამ თაროს გარეშე და ის ძალიან მიყვარს. ეს ნივთი ჩემთვის კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა დეტალმა მოიყვანოს სისრულეში სივრცე და მისი მთელი კონცეფცია.

სამზარეულოს კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი შვედური ბრენდის, Wästberg-ის სანათია, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მდიდრული სისადავით.

საერთო სივრცეში აგრეთვე გვხვდება სამუშაო ზონა, რომელიც სახლის სხვა ნაწილების მსგავსად, ასევე მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და იდეალურად ეწერება არსებულ დიზაინში.

სულ თავიდან ისე გამოვიდა, რომ წიგნების განთავსება დროებით იატაკზე და სახლის სხვა კუთხეებში მომიწია, თუმცა მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ასე დამეტოვებინა, რადგან მჯერა, რომ ყოველდღიურობა თავად ანიჭებს ობიექტებს მათთვის იდეალურ ადგილს სივრცეში.”

საკმაოდ ორიგინალურია საძინებელი ზონა, რომელიც ოვალური კედლით არის გამოყოფილი საერთო სივრცისგან. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ გვხვდება ოთახშორისი კარი, სივრცე საკმაოდ ინტიმურია და ამავდროულად გახსნილიც.

რაც შეება ხელოვნების ნიმუშებს, ამ მხრივ ინტერიერში უმეტესად პოსტერები გვხვდება. მათი უმეტესობა ანანოს მიერ არის შეძენილი როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ, სხვადასხვა გამოფენებზე. თუმცა, მის კოლექციაში ასევე გვხვდება გამორჩეულად საყვარელი ნამუშევრებიც, რომლებიც მან ახლო მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ადგილიდან მსოფლიოში ყველაზე მშვიდად და უსაფრთხოდ თავს ჩემს საკუთარ სახლში ვგრძნობ. მამშვიდებს ის ფერები, რომლებიც ინტერიერში მაქვს გამოყენებული. ასევე მომწონს ისიც, რომ ინტერიერი არ არის ზედმეტი ნივთებით გადატვირთული, რის გამოც კიდევ უფრო მეტად იგრძნობა სივრცე.”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე საქართველოს “თბილისის არქიტექტურის ბიენალე” წარადგენს

როგორ დავაღწიოთ თავი დაობებულ კედლებს?