დაფიქრებულხართ, რა აქცევს სახლს კერად?
ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების მოსაზრებები ამ ტრანსფორმაციის შესახებ მრავალფეროვანია. მაგალითად, არა ერთი ბესტსელერის ავტორი დიზაინის საკითხებზე, ნეით ბერკუსი, საკუთარ გამოცემებში ხშირად იკვლევს ამ თემატიკას და თავადვე პასუხობს ხოლმე დასმულ კითხვას: სახლი რომ იქცეს კერად, უმთავრესი პირობაა მისი კომფორტულად მოწყობა და დაგეგმარება.
ბრიტანელი დიზაინერის – ილს კროუფორდის აზრით კი ამ პროცესის არსი დეტალებშია. კერძოდ, ბუნებრივ მასალებში, თბილ განათებაში, სიმყუდროვეში… ზოგიერთი პროფესიონალი კი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია თავად მაცხოვრებლების გარეშე. ამ მოსაზრებებს თუ შევაერთებთ, მივიღებთ ჯაჭვს, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს მფლობელს მისი ბინის შემოქმედთან, კერძოდ, არქიტექტორთან და ინტერიერის დიზაინერთან. იმისთვის, რომ სახლი იქცეს კერად, აუცილებელია ამ ორი რგოლის ჰარმონიული ურთიერთობა.
სწორედ ამ საკითხების მნიშვნელობაზე გვაფიქრებს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი – ნინო გამცემლიძე.
ნინო, გვიამბეთ, რატომ და როდის დაინტერესდით არქიტექტურით
ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. მახსოვს, სულ ვხატავდი, ამიტომ, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ბევრი არც მიფიქრია და არქიტექტურა ავირჩიე, შემდეგ გადავერთე ინტერიერის დიზაინზე. დღეს, ორივე მიმართულებას ერთდროულად ვითავსებ. მთელ პროცესს გავდივარ სახლის დაგეგმარებიდან მის მოწყობამდე.
რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოარჩევდით?
ჩემთვის ყველა პროექტი თავისებურად მნიშვნელოვანია, ამიტომ გამიჭირდება რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა და მასზე საუბარი. როგორც არ არსებობს იდენტური ადამიანი, არც პროექტი გამოდის ხოლმე იდენტური. ვცდილობ, ყველა სახლს მისი მფლობელის სული და ხასიათი ჰქონდეს. სანამ ახალ დიზაინზე ფიქრს დავიწყებ, მანამდე ვეცნობი დამკვეთის ცხოვრების სტილს, სურვილებს, მიდგომებს, რომ მაქსიმალურად მისთვის მისაღები, სასურველი და კომფორტული გარემო შევქმნა. დიზაინერისთვის ბევრად მეტი ენერგია იხარჯება რენდერის აწყობამდე, რადგან სწორედ ამ პერიოდში გიწევს ყველა დეტალის გათვლა და გააზრება. ამ პროცესში, თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, ამიტომ გამოვყოფდი ჩემს ყველა პროექტს, რომელზეც აქამდე მიმუშავია.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც თქვენი საქმიანობისას მიგიღიათ და დაგიძლევიათ?
თითქმის ყველა პროექტი ახალი გამოწვევაა სრულიად განსხვავებული მოთხოვნებით, მიდგომებითა და სტილით. ცდილობ, შექმნა ყველაზე საუკეთესო ვერსია და როდესაც ამას აღწევ, ეს უკვე გამარჯვებაა. კმაყოფილი და ბედნიერი დამკვეთი კი ამ გამარჯვების კულმინაციაა.
ინტერიერის დიზაინში რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
ერთ კონკრეტულ სტილს არ ვირჩევ და არც გამოვარჩევ. მრავალფეროვნების მომხრე ვარ, მაგრამ რადგან მაინც დამკვეთის გემოვნებას უნდა მოერგო, სტილიც მასთან შეთანხმებით იბადება. პირადად მე, არ მიყვარს ზედმეტად გადატვირთული ინტერიერები, როგორც მასალით, ასევე ავეჯით. ვფიქრობ, ვიზუალთან ერთად, სივრცე უნდა იყოს მაქსიმალურად ფუნქციური, პრაქტიკული და ამავდროულად საინტერესო.
ინტერიერი ორგანულად უნდა ერწყმოდეს ექსტერიერს, არ უნდა იყოს ამოვარდნილი სტილისტურად. თუ ბინის ფართი და ბუნებრივი განათება გიწყობს ხელს, ეს დიდი უპირატესობაა, აქ მეტი თავისუფლება გაქვს. თუმცა, პატარა ფართის დაპროექტება და გონივრული ათვისებაც აზარტი და საინტერესო პროცესია.
აქვს თუ არა სახლს “სული” და რამდენად მნიშვნელოვანია მის შექმნაში მაცხოვრებლის ჩართულობა?
მაცხოვრებლის ჩართულობა აუცილებელია, სხვანაირად მისთვის ისეთ გარემოს ვერ შექმნი, სადაც თავს მყუდროდ, კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს. ალბათ უსულო სახლი სწორედ ისეთია, რომელზეც მფლობელს არ უფიქრია. იმისთვის, რომ სახლი იქცეს კერად, მნიშვნელოვანია მაცხოვრებლის დამოკიდებულება მისდამი. სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს შენობებს ცოცხალ ობიექტად.
ბევრი დიზაინერისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ქართულ ბაზარზე პროდუქციის სიმწირე, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
კი ეს ნამდვილად ასეა. ქართული ბაზარი არ გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით. სახლის ავეჯი, სანათები, დეკორი და ბევრი რამ ხშირად ფიზიკურად ადგილზე არაა. სწორედ ამიტომ, გიწევს გამოწერა, ლოდინი და ა.შ. ვისურვებდი ადგილობრივი წარმოების ისეთ ავეჯსა და განათებას, რომელსაც თამამად ვურჩევდი დამკვეთს და რომელიც მართლაც დაამშვენებდა ინტერიერს.
არსებობს მოსაზრება, რომ ძველი ბინის გადაკეთებას ახალი ბინის დაპროექტება ჯობია. საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ამ თემასთან მიმართებაში…
იმისთვის, რომ მიიღო იდეალური შედეგი, სასურველია, ე.წ. “შავი კარკასის” ეტაპიდან ჩაერთო პროცესში. ამ შემთხვევაში ბინა ახალია თუ ძველი, დიდად არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, არსებული ბინის გადაკეთებაც საინტერესო პროცესია. რამდენიმე ეტაპს გადის სახლი თავიდან და შედეგიც გაოცებას იწვევს ხოლმე. ასეთ პროექტებზე ხშირად მიმუშავია და ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ფართი გადააკეთო ისე, რომ მას სული შეუნარჩუნო.
რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, მათთვის, ვინც დღეს ბინის მოწყობას გეგმავს?
ბინის შეძენისას ხშირად მფლობელი ფიქრობს, რომ არსებობს მრავალი ონლაინ რესურსი, რის მიხედვითაც თავად შეუძლია დააგეგმაროს და მოაწყოს საკუთარი სივრცე. ამ პროცესში კი აღმოაჩენს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. როგორც ყველა საქმეში, მნიშვნელოვანია პროფესიონალის ჩართულობა, ასეა არქიტექტურაში და დიზაინშიც. აქედან გამომდინარე, ერთადერთ რჩევას მივცემდი მათ: აუცილებლად ჩართონ პროფესიონალი, რომ სასურველი შედეგი მიიღონ ზედმეტი დანახარჯისა და შეცდომების გარეშე.