იცოდით, რომ როგორც საცხოვრებელი გარემო იგეგმება არქიტექტურულად, ეწყობა მისი დიზაინი, მზადდება რენდერები და შემდგომ ხორციელდება პროექტი, ზუსტად ანალოგიურ გზას გადის მცენარეების დაგეგმარებაც. ზოგჯერ, თავად ინტერიერის დიზაინერები გეგმავენ სივრცის გამწვანებას, მაგრამ ძირითადად ამ პროცესს ლანდშაფტის პროფესიონალები უძღვებიან. ალბათ წარმოუდგენელია სასიამოვნო ინტერიერი მარადმწვანე ხეებისა და მცენარეების გარეშე. სახლში სრული ჰარმონიის მისაღწევად საჭიროა მათი სწორი დაგეგმარება, განლაგება და მოვლა-პატრონობა. იცოდით, რომ ასეთი მომსახურება ჩვენთანაც არსებობს? დღევანდელ სტატიაში სწორედ აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ სოფი ზარაფიშვილს, რომელიც ზუსტად ამ საქმით არის დაკავებული და როგორც ლანდშაფტის დიზაინერი და ფლორისტი, ბევრ საინტერესო რჩევას გვიზიარებს.
სოფი, გვიამბეთ, რას ნიშნავს გამწვანების დაგეგმარება სახლში და რამდენად ხშირად მიმართავენ მსგავს მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში?
სახლში გამწვანების დაგეგმარება გულისხმობს შიდა ან გარე სივრცეების მცენარეებით გაფორმებისა და განლაგების გეგმის შემუშავებას, რაც ესთეტიკური, ფუნქციური და ეკოლოგიური მიზნების მიღწევას ემსახურება.
როგორც გამწვანებაზე, ასევე მცენარეების მოვლის მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ინტერიერში სიმწვანის შეტანა არა მარტო ქოთნის მცენარეებით, არამედ მინიმალისტური ტერარიუმებით, პოლიდარიუმებით და წყალმცენარეებით აწყობილი აკვარიუმებითაც შეიძლება.
მრავალი კვლევა ჩატარებულა საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის გამწვანების მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი კი ფსიქოლოგიური ზეგავლენაა, რომელიც გულისხმობს:
- სტრესის შემცირებას – მწვანე გარემო ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს განტვირთვას.
- კრეატიულობას და პროდუქტიულობას – მცენარეებით გაწყობილი სამუშაო გარემო, ხელს უწყობს კონცენტრაციას და იდეების გენერირებას.
- მშვიდი ატმოსფეროს შექმნას – მცენარეები ქმნიან ჰარმონიულ სივრცეს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.
ამ და სხვა მრავალი დადებითი მახასიათებლის გამო, გამწვანებული სივრცეებისა და კარგად მოვლილი მცენარეების მიმართ დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.
გაგვიზიარეთ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი მცენარეების ჩამონათვალი
საქართველოში მცენარეების შერჩევა ხშირად დამოკიდებულია მათი მოვლის სიმარტივეზე. ყველაზე მოთხოვნადი მცენარეების სია სხვადასხვა გარემოსთვის შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
შიდა მცენარეები:
- სანსევერია – მარტივად მოსავლელი, უხდება სხვადასხვა განათებას და ასუფთავებს ჰაერს.
- ფიკუსი – ესთეტიკური და გამძლე მცენარე მრავალფეროვანი ფორმებით.
- სპატიფილუმი – შთანთქავს ჰაერისთვის დამახასიათებელ ტოქსინებს.
- ფილოდენდრონი – ლამაზი ფოთლებით, შესანიშნავია ვერტიკალური სივრცეების შევსებისთვის.
- კაქტუსები და სუკულენტები – მცირე ზომის, სიმარტივით გამორჩეული და თანამედროვე ინტერიერის შესაფერისი მცენარეები.
გარე მცენარეები:
- ტუია – ეზოს საზღვრისთვის ან დეკორატიული მწვანე სივრცისთვის.
- ლავანდა – არომატული, მშრალ ადგილებში მარტივად მოსავლელი და ესთეტიკურად მიმზიდველი.
- ვარდები – უხვად ყვავილობს და მოთხოვნადია როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებისთვის.
- იაპონური ნეკერჩხალი – ფერადი ფოთლების გამო, ეზოს დეკორატიულ ელფერს მატებს.
- ჰორტენზია – უხვად ყვავილობს და ულამაზეს დეკორაციულ გარემოს ქმნის.
ძალიან ხშირად ხდება, რომ მაღაზიაში მცენარე ჯანსაღად გამოიყურება, სახლში მოტანის შემდეგ კი მალევე იწყებს ხმობას, ფერის დაკარგვას, “მოწყენას”… რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მცენარეების სახლში მოტანის შემდეგ მათი მდგომარეობის გაუარესება, ხშირად, გარემოს ცვლილებასთან და მოვლის პირობებთან არის დაკავშირებული. მაღაზიაში მცენარეები ოპტიმალურ გარემოში იზრდებიან, რაც გულისხმობს იდეალურ განათებას, ტენიანობასა და ტემპერატურას. სახლში ამ პირობების სრულად გათვალისწინება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარე ზუსტად ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორიც მაგალითად, შინაური ცხოველი. მას ახასიათებს დასტრესვა, ნოსტალგია, მოწყენა და ა.შ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სახლში მოტანილმა ახალმა მცენარემ ადაპტაციის პერიოდი სტაბილურ გარემოში გაიაროს, რათა მისი დეპრესიული განწყობა დროებითი აღმოჩნდეს.
როდესაც იწყებთ გამწვანების დაგეგმვას კერძო სახლში ან ბინაში, რა ფაქტორებს აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?
გამწვანების დაგეგმვა სახლში ან ბინაში მოითხოვს დეტალურ მიდგომას, რათა მიღწეული იყოს ფუნქციონალური, ესთეტიკური და მდგრადი შედეგი. პროცესი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: სივრცის ანალიზს, მცენარეების ფუნქციას, მოვლის რეჟიმს, რესურსებს, დიზაინის პრიორიტეტებს და ა.შ
უფრო დეტალურად, რომ აგიხსნათ, პირველ რიგში, მივდივართ ახალ სივრცეში, ვნახულობთ მზის ამოსვლა-ჩასვლის ტრაექტორიას, ვამოწმებთ ტენიანობას და სივრცის ზომას. ამ ყველა ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის თუ რა მცენარე შეძლებს არსებულ გარემოში ადაპტაციას. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ მეპატრონე ახალბედაა და აქამდე სიმწვანის მოვლის გამოცდილება არ ჰქონია, ვიწყებთ იმ მცენარეებით, რომელთა მოვლა-გახარება ჩვეულებრივზე უფრო მარტივია.
გვირჩიეთ, რა გავითვალისწინოთ მცენარეების შეძენისას?
მცენარეების შეძენისას, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. მაგალითად, მცენარის ტიპის შესატყვისობას თქვენს გარემოსთან, რაზეც უკვე დეტალურად ვისაუბრეთ და რაც ყველაზე მთავარია, მცენარის ჯანმრთელობას. ჯანსაღ მცენარეს აქვს მტკიცე და ნათელი ფოთლები, დაზიანებების და ჭკნობის ნიშნების გარეშე. მოერიდეთ მცენარეებს, რომელთა ფოთლებზე ყავისფერი ან ყვითელი ლაქებია, რადგან ეს მავნებლების, ან არასწორი მოვლის ნიშანია.
სოფი, რა მომსახურებას სთავაზობთ სიმწვანის მოყვარულებს?
სიმწვანის მოყვარულებისთვის „ფლანთასთიქთან“ თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, ჩვენ გვაქვს როგორც გამწვანების, ასევე მცენარეების მოვლის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც გადაგვირჩენია ასობით ნარგავი.
ინტერიერის გამწვანების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ქოთნის მცენარეებია, მაგრამ გამოცდილებამ ისიც გვიჩვენა, რომ მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიას არ აქვს დრო ან რესურსი, რომ სახლში ქოთნის მცენარეებს სტაბილურად მოუაროს. სწორედ ამიტომ, ვიფიქრეთ ალტერნატივაზეც, როგორ შეგვეძლო ამ პროცესის გამარტივება. ვიფიქრეთ და დავიწყეთ მსგავსი გარემოს შექმნა მინის კონსტრუქციებში. დღეს ჩვენს დამკვეთებს „ბუნების ნაწილს” (piece of nature) – პირად მინიატიურულ ჯუნგლებს და უღრან ტყეებსაც ვთავაზობთ.
ტერარიუმებითა და აკვარიუმებით გამწვანებული ინტერიერი მინიმალისტური ჟანრის მოყვარულთათვის იდეალური გადაწყვეტაა. მინის კონსტრუქციაში ჩაშენებული ბუნების ნაწილი, რომელიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
არსებული რეალობა ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანები ბუნებას ვშორდებით, მიკროსამყაროებით ბუნების ნაწილის ინტერიერში შეტანა კი გვაახლოებს საწყისთან – ფლორასთან და ფაუნასთან.
დაბოლოს, ხომ ვერ გვირჩევდით კონკრეტული მცენარის ჯიშებს სახლში ჰარმონიული და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად?
მცენარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახლში ჰარმონიული და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ისინი აუმჯობესებენ ჰაერის ხარისხს, ქმნიან სასიამოვნო ატმოსფეროს და დადებით გავლენას ახდენენ განწყობაზე. გთავაზობთ მცენარეების სიას, რომლებიც მარტივად მოსავლელია და განსაკუთრებულად ეფექტურია სახლის პირობებში:
- სპატიფილუმი (Spathiphyllum) – გამწმენდს ფორმალდეჰიდს, ბენზოლს და ტოქსიკურ ნივთიერებებს.
- სანსევერია (Sansevieria) – გამოიმუშავებს ჟანგბადს ღამითაც, რაც მას იდეალურს ხდის საძინებლისთვის.
- ფიკუსი (Ficus elastica) – ეფექტურად შთანთქავს ტოქსიკურ აირებს და აფერხებს მტვრის ნაწილაკების დაგროვებას.
- ნეფროლისი (Nephrolepis exaltata) – გვიმრის სახეობა, რომელიც ეფექტურად ზრდის ტენიანობას და ამცირებს მშრალ ჰაერს. იდეალურია ცენტრალური გათბობის მქონე სახლებში.
- ოქროს პოტოსი (Epipremnum aureum) – ძალიან გამძლე და ტენიანობის მოყვარული მცენარე.