სოციალური კონცეფციის მაღაზია „ESKI”, ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარეობს, ეს არის სოციალური კონცეფციის შოურუმი, რომელმაც პირველად გააერთიანა სოციალური მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში. სივრცის დიზაინ პროექტზე Accent by her– ის დამფუძნებელმა, თაკო უნდილაშვილმა იმუშავა.
მაღაზიის საერთო ფართობი 90 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სივრცე ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: სოციალური კონცეფციის მაღაზია, სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი და სასაწყობე ზონა.
დამკვეთის სურვილისამებრ, დიზაინერმა შეძლო 20-ზე მეტი სოციალური ნაწარმის 350+ დასახელების ნივთის ერთ სივრცეში ისე განლაგება, რომ ჰარმონია არ დარღვეულიყო. პროექტის ავტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის, პირველ რიგში, საინტერესო იყო სივრცის შინაარსი, რის გამოც დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით დაიწყო ინტერიერის დიზაინზე მუშაობა.
„აქ წარმოდგენილ თითოეულ ნივთს სოციალური დატვირთვა აქვს და მისი მომხმარებელი ახლებური იდეის გამზიარებელი ხდება – როდესაც შენაძენით შეგიძლია სამყარო უკეთესი გახადო და დადებითი გავლენა გქონდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაზე“.
თაკოს აზრით, პროექტის კონცეფცია ზუსტად პასუხობს ბრენდის შინაარს. აღნიშნული ფართის 1/3 სამუშაო სივრცეა, რამაც სოციალური მეწარმეებისთვის დამატებითი კომფორტული გარემო შექმნა, საქმიანი შეხვედრების გასამართად.
„პირველ ეტაპზე თითოეულ პროდუქციას წინასწარ შევურჩიეთ ადგილი და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყეთ დიზაინზე მუშაობა. რადგან თავად წარმოდგენილი პროდუქცია იყო მრავალფეროვანი, ნეიტრალური ფონი შევარჩიე. ხის დეტალებისა და მომწვანო-მოცისფრო ფერების კომბინაცია კომპოზიციურად კრავს და გამოკვეთს ნაირფერ ხელნაკეთ ნივთებს“.
ოვალური თაღებით შექმნილ სივრცეებს ფონად განათება გასდევს, რისი დახმარებითაც პროდუქციის გამოკვეთა და ხაზგასმა ხდება. მთავარი აქცენტი ვარდისფერი ჭაღებია, რომელიც დიზაინერმა თავად დაამზადა. ზონირების პრინციპი ისეა დაგეგმილი, რომ კომუნიკაცია იყოს კომფორტული როგორც მომხმარებელსა და მაღაზიის პერსონალს, ასევე მაღაზიის პერსონალსა და ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებს შორის.
დიზაინერული აქცენტები ძირითადად სამომხმარებლო ზონაზე, მაღაზიაზეა გაკეთებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სივრცე უნიკალური კონცეფციის მქონეა, რაც გულისხმობს სოციალური მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გაერთიანებას. შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი პროდუქცია თავადაა „დიზაინერული ნამუშევარი“. შესაბამისად, პროექტის ავტორი შეეცადა, ფონი ყოფილიყო კომპოზიციურად ხაზგამსმელი და არა ყურადღების გადამტანი. სისადავე კიდევ უფრო გამოკვეთს სოციალურ მეწარმეთა შემოქმედებით ღირებულებას და თვალსაჩინოდ წარმოუდგენს მას მომხმარებელს.
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი