in

„სოციალური სივრცე“ — გამორჩეული ექსტერიერის მქონე მრავალფუნქციური ადგილი შეკვეთილში

შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“ მდებარე „სოციალური სივრცე“ პირველი ეკომეგობრული სივრცეა საქართველოში, რომელიც უნიკალური ლანდშაფტით, სახასიათო,  მიმზიდველი ინტერიერით და მრავალფუნქციური კონცეფციით გამოირჩევა. პროექტი ეკომეგობრული იდეის მატარებელია, რომლის მიზანია, ადამიანები ბუნებასთან და ერთმანეთთან დაახლოვოს, ისინი ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს და ჩვენი პლანეტის მნიშვნელობა ახლებურად გადაააზრებინოს. ბუნებისადმი ზრუნვა და სიყვარული კი „სოციალური სივრცის“ თითოეულ ელემენტსა და საგანში გამოიხატება. სწორედ ამის დამადასტურებელია უნიკალური დიზაინ პროექტი, რომელიც სრულად ერწყმის ექსტერიერს და ბუნებრივი, ორგანული, გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რათა გარემოს ზიანი არ მიადგეს.

სოციალური სივრცის“ კიდევ ერთი უპირატესობა მისი მრავალპროფილურობაა, სადაც განსხვავებული ასაკისა და ინტერესების ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემეცნებითი, გასართობი, სოციალური თუ დასასვენებელი აქტივობებით დაკავდნენ, რომლებიც საკუთარ თავში ბალანსისა და ბუნებასთან ჰარმონიისკენ არის მიმართული.

ამ საინტერესო პროექტის ავტორი  „Black Sea Arena“-ს შემოქმედებითი გუნდია, რომლის თითოეული წევრი ყოველდღიურად იღვწის იმისათვის, რომ დამსვენებლებს მაქსიმალური კომფორტი და დროის საინტერესოდ გატარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა შესთავაზოს. დღევანდელ სტატიაში „სოციალური სივრცის“ მნიშვნელობაზე, მისი შექმნის ისტორიაზე, დანიშნულებასა და მახასიათებლებზე ამიკო ჯანელიძე, „Black Sea Arena“-ს აღმასრულებელი დირექტორი და „სოციალური სივრცის“ ერთ-ერთი შემქმნელი გვესაუბრება.

ამიკო, გვიამბეთ როდის და როგორ  გაჩნდა შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“ „სოციალური სივრცის“ შექმნის იდეა?

პირველ რიგში, ალბათ ის უნდა ვთქვა, რომ „სოციალური სივრცე“ ჩვენთვის არ არის პროექტი, ის ჩვენთვის უფრო იდეოლოგიაა, რომლის უკანაც Black Sea Arena-ის გუნდის თითოეული წევრი დგას. ჩვენი გუნდის მიზანი იყო, შეკვეთილი ჩამოგვეყალიბებინა კურორტად, რომელიც დამსვენებელს გართობასთან ერთად, განვითარებასაც შესთავაზებდა.

დროთა განმავლობაში ეს მიზანი უფრო მასშტაბური გახდა და ასე შეიქმნა “სოციალური სივრცე”. ადგილი, სადაც მოსული მოგზაურები გვსურს ჩვენი პლანეტისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დავაფიქროთ – თუ როგორ შევქმნათ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს არის პირველი ეკომეგობრული სივრცე საქართველოში, რომელიც უნიკალური ექსტერიერითა და ბუნებასთან ჰარმონიული კავშირით ხასიათდება. საინტერესოა, როგორ გამოიხატება ბუნებაზე ზრუნვისა და მასთან კავშირის დამყარების სურვილი „სოციალური სივრცის“ მეშვეობით?

სოციალური სივრცის“ იდეაც, სახელიც და ადგილმდებარეობაც ერთდროულად შეიქმნა და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე „მუსიკოსთა პარკის“ გამოძახილია – ადგილის, რომელშიც „სოციალური სივრცე“ უნდა დაბადებულიყო.

მისი შექმნისას გამოსაყენებელ მასალებზეც ბევრი არ გვიფიქრია, თავიდანვე ვიცოდით, „სოციალური სივრცე“  უნდა ყოფილიყო პირველი ეკომეგობრული სივრცე, რომელიც თავის ყველა დეტალში კიდევ ერთხელ გაიზიარებდა ეკოლოგიის და ზოგადად, მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, „სოციალური სივრცის” შექმნისას გამოყენებულია ბუნებრივი, ორგანული და გადამუშავებული მასალა, რათა ბუნებისთვის ზიანი არ მიგვეყენებინა.

როგორც აღნიშნეთ, პროექტში გამოყენებულია ბუნებრივი და გადამუშავებული მასალა, საინტერესოა როგორია თავად სივრცის დიზაინი და ინტერიერი? როგორია პროექტის კონცეფცია, რა უნიკალური დეტალებით ხასიათდება?

ჩვენი მიზანი არ ყოფილა უბრალოდ ლამაზი სივრცის შექმნა, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სივრცე, რომელიც გარემოსთან სრულ ჰარმონიაში იქნებოდა. ვიცოდით რომ გვსურდა „სოციალური სივრცის“ შექმნისას შეგვენარჩუნებინა ნულოვანი დანაკარგის პოლიტიკა, შესაბამისად, აუცილებელი იყო მისი მშენებლობის დროს არ დაზიანებულიყო ხეები. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მოვახერხეთ და პირიქით, გავუფრთხილდით კიდეც ხეებს, რადგან ეს არის პროექტი, სადაც თავიდან ბოლომდე გამოყენებულია მხოლოდ გადამუშავებული მასალა. ვფიქრობ, ჩვენი ვერბალური იდეების საუკეთესო ვიზუალიზაცია მოახდინა ჩვენმა დიზაინერმა და მივიღეთ სივრცე, რომელიც სრულ ჰარმონიაშია ბუნებრივ გარემოსთან.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ განათებებზე, რადგან ეს ნამდვილად არის კიდევ ერთი დეტალი რომელიც „სოციალურ სივრცეს“ უნიკალურს ხდის. განათებას გავყოფდი ორ ნაწილად: ერთია ინტერიერში გამოყენებული სანათები, რომლებიც ჭილოფისგან არის დამზადებული და მეორე ჯადოსნური განათება, რომელიც მთელს პერიმეტრზე, სოციალური სივრცის გარშემო, „მუსიკოსთა პარკის“ ტყეშია გადანაწილებული.

სოციალური სივრცე განსხვავებული კონცეფციის სივრცეებს აერთიანებს, გვიამბეთ დეტალურად თითოეული მათგანის შესახებ.

გვქონდა რამდენიმე მიზანი:

პირველი ეს უნდა ყოფილიყო სივრცე, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად კომფორტული დასასვენებელი ადგილი.

მეორე ეს უნდა ყოფილიყო სივრცე, სადაც მოსული მოგზაური მთელი დღის განმავლობაში შეძლებდა დროის საინტერესოდ გატარებას. შესაბამისად, უნდა ყოფილიყო გათვლილი, როგორც დღის აქტივობებზე, ისე საღამოზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს კურორტია, გვსურდა ეს ყველაფერი ყოფილიყო მორგებული საოჯახო მოთხოვნებზე და ყველა ასაკის მოგზაურზე. ასე გაჩნდა ადგილი ტყის ბიბლიოთეკისთვის, კონცეპტუალური მაღაზიისთვის, მოსასვენებელი და სამუშაო სივრცისთვის, ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრებისთვის, მიქსოლოგიური ბარისთვის და აზიური სამზარეულოსთვის.

აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი ჰოლისტური მაგიდა, რადგან ესეც ჩვენი მცდელობა იყო შეგვექმნა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა უცხო ადამიანებთან ერთად მაგიდის განაწილებასა და ამ ფორმით ახალ ადამიანებთან დაკავშირებას.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის „სოციალური სივრცის“ მომხმარებელი? რა სეგმენტზეა ის გათვლილი?

ამ კონცეფციას არ აქვს ასაკი. „სოციალური სივრცე“ ადგილია ყველასთვის, ვისთვისაც საკუთარი თავის აღმოჩენისა და სიახლის შეცნობის გზაზე მოგზაურობა არასოდეს სრულდება.

დაბოლოს, რა მნიშვნელოვან პროექტებს გეგმავთ მომავალში?   

სამომავლოდ “სოციალურ სივრცეს” დიდი გეგმები აქვს. მაგრამ 2024 წლის კონკრეტული გეგმა არის ის, რომ სოციალური სივრცე ფართოვდება – ამ ზაფხულს შეკვეთილს კიდევ ერთი სივრცე შეემატება სასტუმრო “პარაგრაფის“ ეზოში. ის იქნება “პარაგრაფის” მართვაში, თუმცა კონცეფცია და დიზაინი შესრულებულია ჩვენი გუნდის მიერ.

ეს იქნება კიდევ ერთი ადგილი შეკვეთილში, რომელიც „სოციალური სივრცის“ დიდი მიზნის გამზიარებელია და საბოლოოდ გვჯერა, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მსგავსი სივრცის გაჩენით შევძლებთ ერთ დიდ კომუნად ჩამოვყალიბდეთ, რომელიც იზრუნებს მომავალი სწორი და მდგრადი განვითარებისთვის.

[R]

გულწრფელი ემოციითა და ფერთა მრავალფეროვნებით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ დოდოშკა ჩხეიძესთან

რა უნდა გავითვალისწინოთ თუ ენერგოეფექტური სახლის აშენება გვსურს?