in

როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტი სწორად ინტერიერის მოწყობისას – Spott Studio-ს გიდი

სახლის მშენებლობისას თუ რემონტის მიმდინარეობისას ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ბიუჯეტის სწორი მენეჯმენტია. ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, გარკვეული ეკონომია გააკეთოს მასალებსა თუ ავეჯზე, რათა ფინანსური თვალსაზრისით, შედარებით ნაკლები ხარჯი ჰქონდეს. თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყოველივემ რემონტის ხარისხი არ დააზიანოს. შესაბამისად, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რაზე შეიძლება თანხის დაზოგვა და რაზე არა. დღეს სწორედ ამ საკითხებზე გვიამბობენ Spott Studio-ს დიზაინერები, ელენე ძაძუა და გვანცა ახალბედაშვილი და ჩვენს მკითხველს ბიუჯეტის სწორად დაგეგმარების პრინციპებს უზიარებენ:

ხშირად შეცდომით ფიქრობენ, რომ ინტერიერის დიზაინერები მხოლოდ ძვირადღირებულ ნივთებსა და მასალებს არჩევენ. რეალურად კი დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რომ დამკვეთის ბიუჯეტი სწორად წარმართოს. ეს გულისხმობს იმას, რომ სადაც შესაძლებელია, თანხა დაზოგოს და ის უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართოს. ასევე არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ პრესტიჟულ მაღაზიებში, სადაც ბრენდული პროდუქცია იყიდება, შესვლაც კი საშიშია, თუმცა სინამდვილეში, ძალიან ბევრ მათგანში საკმაოდ ხელსაყრელ ფასად ხარისხიანი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, მთავარია ზუსტად ვიცოდეთ რა გვჭირდება და რა არის პრიორიტეტული,” – აცხადებენ ელენე და გვანცა.

მაინც რა არის ის უმთავრესი დეტალები, რაც ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება? ჩვენი რესპონდენტების თანახმად, ამისთვის 7 მთავარი რეკომენდაციის გათვალისწინებაა საჭირო, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

1. გამართული კომუნიკაციები

ძალიან მნიშვნელოვანია, სივრცეში სწორად იყოს დაგეგმილი და მოწყობილი კომუნიკაციები, განსაკუთრებით ელექტრობისა და სანტექნიკის წერტილები. აუცილებელია, რომ გაყვანილობა გაკეთდეს მაღალი ხარისხის მასალით და იმუშაონ კვალიფიციურმა ხელოსნებმა, რათა მომავალში თავიდან აირიდოთ გართულებები.

2. მაღალი ხარისხის სანტექნიკა

კიდევ ერთი საყურადღებო საკითხია სივრცის აღჭურვა ხარისხიანი სანტექნიკითა და ენერგო ეფექტური რადიატორებით. დაბალი ხარისხის მასალებს, ძალიან დიდი ალბათობით, მალე შეექმნება პრობლემები, რაც მომავალში კედლების გამონგრევის საჭიროებას გამოიწვევს, ეს კი თავისთავად დამატებით პრობლემებსა და ხარჯებს აჩენს. რაც შეეხება ენერგო ეფექტურ რადიატორებს, თავდაპირველად შედარებით მეტის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე სტანდარტული სექციური რადიატორების შემთხვევაში, თუმცა ყოველთვიური გადასახადი შედარებით ნაკლები გექნებათ. მათი უპირატესობა ისიცაა, რომ ამ ტიპის რადიატორები მარტივი მოსავლელია და უმეტესობა სამუდამო გარანტიითაც სარგებლობს.

3. კერამო-გრანიტის ჩანაცვლება

სააბაზანო ოთახების მოწყობა ხარისხიანი კერამო-გრანიტით საკმაოდ მსუყე ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ,  როდესაც ბინასა თუ სახლში რამდენიმე სველი წერტილია. ასეთ დროს, როდესაც ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება გვინდა, მაგრამ არ გვსურს ზედმეტად დიდი თანხის დახარჯვა, საუკეთესო გამოსავალი შეღებილი კედლების შერევის პრინციპია. ამ შემთხვევაში კერამო-გრანიტი გამოყენება მინიმალური დოზით (მაგალითად, იატაკსა და საშხაპეში), დანარჩენი ადგილი კი შესაძლებელია შეიღებოს წყალგამძლე საღებავით.

ამას გარდა, საერთო სივრცეებშიც შეიძლება ძალიან საინტერესოდ ჩანაცვლდეს კერამო-გრანიტი დასხმული იატაკით , იქნება ეს ბეტონი, ეპოქსიდი, მიკროცემენტი თუ მოზაიკა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უხარისხო კერამო-გრანიტი რადიკალურად განსხვავდება ხარისხიანი პროდუქტისგან. მაგალითად, დაბალი ხარისხის კერამო-გრანიტს აქვს დაპრინტული იერსახე, სხვადასხვა ფილაზე მეორდება ნახატი და ის საერთოდ არ ჰგავს ბუნებრივ მასალას. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი გამძლეობაც, სწორი კუთხეები და შემადგენლობაც. ხარისხიანი ფილები კი წარმოებულია ბუნებრივი მასალების მაქსიმალური გამოყენებით, ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით, ბევრ მათგანში ზედაპირული სახე შიდა შრეებშიც მეორდება. ისინი გამოირჩევა სიმტკიცით, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი ფასზეც აისახება.

4. ავეჯის კეთილმოწყობა

როცა საქმე სახლის ავეჯით მოწყობაზე მიდგება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩასაშენებელი ავეჯი, იქნება ეს სამზარეულო თუ სათავსოები. თუ ადგილობრივ მწარმოებლებთან ვამზადებთ ავეჯს, ძირითადად შეღებილ მდფ-სა და ხის ანათალს ვიყენებთ. ამგვარად, დამუშავებული მასალები გამოირჩევა ბუნებრიობით და შესაძლებლობას გვაძლევს, მივიღოთ ზუსტად ის შედეგი, რაც ჩაფიქრებული გვაქვს ფერისა თუ ტექსტურის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბიუჯეტი უფრო მცირეა, ვიდრე ამ მასალებისგან დამზადებული ავეჯი ითვალისწინებს, გირჩევდით შეარჩიოთ ქარხნულად დამზადებული მდფ-ის ფილები, რომლებსაც ნეიტრალური ფერის მქონე ზედაპირები აქვს და მაქსიმალურად ახლოს არის ოთახის  კედლის ფერთან ან პირიქით, კონტრასტს ქმნის მათთან. არ გირჩევდით ხის ტექსტურის მქონე მზა მასალების გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთი ტიპის, რომელსაც აქტიური ნახატი აქვს, ვინაიდან მასზე დატანილი ტექსტურა ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება დასრულებულ ავეჯზე. იქიდან გამომდინარე, რომ სამზარეულოს და გარდერობების შეცვლა არც ისეთი მარტივია მოკლე პერიოდში, გირჩევდით, ამ ნაწილში არ დაზოგოთ ბიუჯეტი.

5. იატაკის ზედაპირად პარკეტის გამოყენება

ხშირად ისმის კითხვა: პარკეტი თუ ლამინირებული იატაკი? ჩვენ ერთპიროვნულად პარკეტს ვუჭერთ მხარს, რადგან ის არაერთი უპირატესობით სარგებლობს: პარკეტი წარმოადგენს ბუნებრივ მასალას, რომელიც სუნთქავს, გააჩნია ბუნებრივი იერსახე და საკმაოდ მაღალი გამძლეობით ხასიათდება. ხარისხიანი პარკეტი შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში გემსახუროთ. აღნიშნული პროდუქტი, საჭიროებიდან გამომდინარე, საშუალებას გაძლევთ, 8-10 წელში განაახლოთ ის, დაზიანების შემთხვევაში კი შესაძლებელია მისი სეგმენტურად ჩანაცვლება. რაც შეეხება ლამინირებულ იატაკს, ყველაზე მაღალი ხარისხის ლამინირებულ იატაკსაც კი ხის იატაკისგან ვიზუალური განსხვავება აშკარად ეტყობა. ყველა წესის დაცვით დაგების შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 10-15 წლის მერე, ის მთლიანად შესაცვლელი იქნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ არასასიამოვნო ხმასაც სიარულის დროს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ევროპული სერტიფიცირებული პარკეტის შეძენა, უფრო ბიუჯეტური ალტერნატივა ქართული წარმოების მასიური პარკეტია. ის განსაკუთრებით ლამაზი „ფრანგული წყობის“ შემთხვევაშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კარგი ხარისხის ლამინატი საკმაოდ მაღალ ბიუჯეტთანაა დაკავშირებული.

6. კედლების მოპირკეთება

რომელია უპირატესი: შეღებილი კედელი თუ შპალერი? ეს კიდევ ერთი აქტუალური შეკითხვაა. ძირითად მასალად ჩვენ ყოველთვის შეღებილ კედელს გირჩევთ. დეკორის სახით კი ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პანელებსა (ხის ანათალის, მეტალის ან თაბაშირის) და პანოებს. მნიშვნელოვანია, რომ თუ დეკორის სახით აქცენტირებულ კედელს ვქმნით, მასში გამოყენებული მასალა აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მოგეხსენებათ, საშუალო კლასის შპალერის გაკვრაც კი უფრო მაღალ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული, ვიდრე კედლის შეღებვა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვირჩევთ პროპორციას – მეტი შეღებილი კედელი – ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი დეკორატიული აქცენტები.

7. ქართული ნაწარმის გამოყენება ინტერიერში

როცა საქმე ისეთ მოძრავ ავეჯს ეხება, როგორიცაა დივანი, საწოლი, მაგიდა, კომოდი და ა.შ, დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაში, გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქციის შეძენას, ჩვენ ყოველთვის ვამჯობინებთ ადგილობრივ წარმოებას. დღესდღეობით საქართველოში არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს ამზადებს და დიზაინის შექმნაშიც არ გვზღუდავს. ამრიგად, ჩვენთვის სასურველ იერსახეს მისაღებ ფასში ვიღებთ.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, შესაძენი მასალა თუ ავეჯი დააჯგუფოთ და არ შეიძინოთ ყველაფერი სხვადასხვა მაღაზიაში, რადგან კომპანიები ხშირად გვთავაზობენ კარგ ფასდაკლებას დიდი რაოდენობის შენაძენზე.

8 ადგილი თბილისში, სადაც ფანჯარას შეიძენთ

რა უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზებული, ფუნქციონალური სამზარეულოს შესაქმნელად