in

სტაბილიზებული ხავსი — გამოყენება, უპირატესობები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

სტაბილიზებული ხავსი სპეციალურად დამუშავებული ბუნებრივი ტყის ხავსია, რომელიც ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება და 7-8 წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ მდგომარეობასა და სირბილეს.

სტაბილიზებული ხავსი ინტერიერისა და დეკორის ბუნებრივი ელემენტია, რომელიც სივრცეს სახასიათო ელფერსა და მიმზიდველ იერს სძენს. მას დიზაინში ხშირად იყენებენ სხვადასხვა ზონების გასაფორმებლად და ოთახისთვის სიჯანსაღის, სიმწვანისა და მიმზიდველი სახის მისაცემად.

სტაბილიზებული ხავსი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება:

მოვლის სიმარტივე — ცოცხალი მცენარეებისგან განსხვავებით, საგანგებოდ დამუშავებულ ხავსს მოვლა არ სჭირდება და ყოველგვარი დამხარე საშუალებების გარეშე, მრავალი წელი ინარჩუნებს ბუნებრივ ფორმას, ფერსა და დიზაინს. შესაბამისად, მას ხშირად იყენებენ, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე კომერციულ ობიექტებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.

ჯანსაღი ატმოსფერო და ბუნებრივი ესთეტიკა — სტაბილიზებული ხავსი კარგი საშუალებაა ინტერიერის გასამწვანებლად და სივრცეში ბუნებრივი გარემოს მისაღებად. ის გვეხმარება მშვიდი, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში და ბუნებასთან სიახლოვის განცდას ბადებს.

ნაკლოვანებების დაფარვა და ხმის იზოლაცია — სტაბილიზებულ ხავსს ხშირად იყენებენ გარკვეული ნაკლოვანებებისა და დეფექტების დასაფარად, როგორც კედელზე, ისე ავეჯსა და სხვადასხვა  დეკორატიულ ელემენტებზე. აგრეთვე, კედელზე მასიურად დატანილი სტაბილიზებული ხავსი დამატებითი საშუალებაა ხმის დასახშობად და ხმაურის დონის შესამცირებლად.

ამ სფეროში მოღვაწე კომპანია „Moss Signior“-ის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ სტაბილიზებული ხავსი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც არ საჭიროებს არანაირი მოვლას და სირბილესა თუ ბუნებრივ მდგომარეობას 7-8 წლის განმავლობაში ინარჩუნებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ  ხელით შეხება და მასზე დიდი რაოდენობით წყლის მოხვედრა ხავსს აფუჭებს.

ტყის ხავსი ჩრდილოეთის ქვეყნებში მოიპოვება და ბუნებრივად თეთრი ფერისაა, რომელსაც შემდეგ სპეციალისტები საგანგებოდ ამუშავებენ და სასურველ ფერად ღებავენ.

„სტაბილიზებული ხავსი გლიცერინით მუშავდება, რაც ყველა სასიცოცხლო პროცესს — ზრდასა და გამრავლებას აჩერებს, შემდეგ კი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, არაალერგიული საღებავებით სხვადასხვა ფერად იღებება. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს: მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი, ვარდისფერი ფერები და მისი დახმარებით ინტერიერის სხვადასხვა ზონა გააფორმოს“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

სტაბილიზებულ ხავსს, როგორც წესი, შიდა სივრცეების მოსაპირკეთებლად იყენებენ, თუმცა მისი მეშვეობით შესაძლებელია ექსტერიერის გაფორმებაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წვიმა არ მოხვდება, რადგან ჭარბი რაოდენობით წყალი ხავსს აზიანებს. დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ ხავსის სირბილე და ჯანსაღი იერი დამოკიდებულია ტენიანობაზე, ამიტომ უმჯობესია, სტაბილიზებული ხავსი ტენიან სივრცეში მოვათავსოთ.

„დაბალი ტენიანობის პირობებში ხავსი, შესაძლოა, ერთ-ორ წელში გახმეს,  მაგრამ თუ მას ადგილს შეუცვლით და ტენიან ადგილას გადაიტანთ, ბუნებრივ სირბილესა და პირველად იერსახეს დაუბრუნებთ“, —გვიხსნის კომპანიის წარმომადგენელი.

სტაბილიზებული ხავსის მონტაჟი და სასურველ ადგილას განთავსება ძალიან მარტივია, ამიტომ ამის გაკეთება თავად მომხმარებელს, სპეციალისტის დახმარების გარეშეც შეუძლია. სასურველი ზომის სტაბილიზებული ხავსი სპეციალურ პანელებზეა დამაგრებული, წებოს მეშვეობით კი პანელები ზედაპირს ეკვრის.

რაც შეეხება ღირებულებას, „Moss Signior“-ში აცხადებენ, რომ სტაბილიზებული ხავსის ფასი 1მ2-ის გათვალისწინებით, საშუალოდ, 900 ლარია. ფართობის ზრდასთან ერთად კი ღირებულება იკლებს. მაგალითად, 3 მ2-დან — 5 მ2-მდე სივრცის პირობებში ხავსის ფასი დაახლოებით 880-870 ლარი, 5მ2-ის ზემოთ კი 850 ლარი იქნება.

მონტაჟის ფასი დამოკიდებულია ხავსის პროფილის ზომაზე. პატარა პანელების შემთხვევაში, მათი დამაგრება დიდ დროსა და სიფრთხილეს მოითხოვს, დიდი პანელები კი ერთიანად ეკვრის ზედაპირის, რაც პროცესს ამარტივებს. საშუალოდ, სტაბილიზებული ხავსის ინსტალაცია 1  მ2-ზე 45-60 ლარი ჯდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი – ნინო იმნაძის ხედვა

რა უნდა გავითვალისწინოთ ძველი ბინის დიზაინის განახლების დროს? — მარიტა ჭანჭალეიშვილის გზამკვლევი