in

სტეისი ბენდეტის ხელოვნებით აღსავსე ბინა ნიუ-იორკში

Banner M2
Banner M2

პირველი, რასაც სტეისი ბენდეტის სახლში შესვლისას დაინახავთ არის მისი სამი ქალიშვილის საოცარი პორტრეტი, რომელიც ოჯახის მეგობარმა – ჯულიან შნაბელმა დახატა. ამ შესანიშნავი ხელოვნების ნიმუშის წინ კი იატაკზე კალათებს შეამჩნევთ. თითოეულ მათგანს ოჯახის წევრის სახელი აქვს მინიჭებული (მათ შორის არის ძაღლი – Blue და კატა – Princess) და განკუთვნილია ყოველდღიური ნივთების მოსათავსებლად.

ბენდერი მოდის დიზაინერი და ტანსაცმლის კომპანიის – Alice + Olivia-ს დამფუძნებელია, ხოლო მისი მეუღლე – ერიკ ეიზნერი კინოპროდიუსერი და ინვესტორი. წყვილი სახლში სამ ქალიშვილთან, ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებლის რემონტი სამ წელიწად-ნახევარს გაგრძელდა. როგორც ამ მასშტაბის ნებისმიერ პროექტს, მასაც უნიკალური გამოწვევები ჰქონდა.

„თუ კრეატიული ადამიანი ხარ, შეგიძლია შეამჩნიო, რომ არსებობს გარკვეული სივრცეები, რომლებიც თითქოს შენთვისაა შექმნილი – უბრალოდ გრძნობ ამ ენერგიას“ – ამბობს ბენდეტი და ამ ისტორიული ადგილით თავის გატაცებას აღწერს. ბევრი ნიუ-იორკელის სურვილია იცხოვროს ისეთ ზღაპრულ შენობაში, სადაც ათწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან, მაგალითად, ლეონარდ ბერნშტეინი და ჯონ ლენონი.

„მე ვეძებდი ისეთ ადგილს, სადაც შენობის მთელ ელეგანტურობას შევინარჩუნებდი და, იმავდროულად, შევქმნიდი სივრცეს, რომელშიც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გართობას შევძლებდი“ – ამბობს ბენდეტი. „იქიდან გამომდინარე, რომ სამი შვილი მყავს, არ მსურდა დიდი ბინა, რომელიც მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის შეიქმნა და სადაც დივნებზე ხტუნაობა აკრძალულია.“

თავდაპირველად ეს იყო ორი რეზიდენცია, რომლებიც შემდგომ გააერთიანეს: ერთს 80-იანი წლების დისკოს ატმოსფერო ჰქონდა, ხოლო მეორეში, როგორც ბენდეტი ირწმუნება, იატაკი ძალიან ჭუჭყიანი იყო. იგი ცდილობდა, რომ, შეძლებისდაგვარად, ადგილისთვის პირვანდელი ხასიათი დაებრუნებინა. „ბუხრები უნდა აღგვედგინა და მინდოდა, რომ მაჰაგონის ულამაზესი ხის ნაკეთობები ხელახლა შემექმნა.“

ბენდეტი თავის მეგობართან, ინტერიერის დიზაინერ ლუიზა კუგელბერგთან ერთად მუშაობდა, რათა სივრცე გაეცოცხლებინა. „ვფიქრობ, ეს საერთაშორისო სტილის ჩემი საკუთარი ვერსიაა“ – აღნიშნავს კუგელბერგი სახლის ეკლექტიზმის შესახებ საუბრისას. „აქ არის ვენეციური ჭაღები, 30-იანი წლების ესპანური ხალიჩები მადრიდის Ritz Hotel-დან, ფრანჩესკო კლემენტესა და ხორხე გალინდოს, ასევე ჩემი მეუღლის – ჯულიან შნაბელის თანამედროვე ნახატები და 3.6 მეტრის სიგრძის სასადილო მაგიდა ლოლა შნაბელის მიერ ხელით მოხატული ფილებით.“ ეს ბრინჯაოს მაგიდა განსაცვიფრებელია, მაგრამ ამ სახლში ხელოვნების სხვა ნიმუშებსაც შეამჩნევთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთახები მხოლოდ იმას არ ასახავდეს, რაც მე მომწონს – მინდოდა მეგრძნო, რომ სახლს მთელი ოჯახი იზიარებდა“ – ამბობს ბენდეტი. მისი ქალიშვილების საძინებლები თითოეული მათგანის ინდივიდუალიზმს გამოხატავს, ამიტომ ეს ოთახები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. „თუ რომელიმე საკუთარი ოთახის შავად შეღებვას მოისურვებს, ამის განხილვა მოგვიწევს, მაგრამ მინდა, რომ მათ თავიანთი ოთახები უყვარდეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცე ოჯახის თითოეული წევრისთვის განსაკუთრებული იყოს.“

Homeis.ge-ს რჩეული კერამიკული ფილები თბილისის 5 მაღაზიიდან – #Homeisსაყიდლები

როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი ბინიდან პროფესიონალების ჩარევის გარეშე