in

რომელია სწორი ფერი ჩემი ინტერიერისთვის? – ფერის ფსიქოლოგების რჩევები

საყვარელ ფერთან ერთად, სახლისთვის მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც შფოთვისგან გათავისუფლებაში და დადებითი ემოციებით დამუხტვაში დაგეხმარებათ. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და გაგიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, რომლებსაც ფერის ფსიქოლოგები გვთავაზობენ.

განსაზღვრეთ, რისი მიღება გსურთ ფერისგან

ფერებზე ყველანი განსხვავებულად ვრეაგირებთ, მაგრამ არსებობს გარკვეული უნივერსალური ეფექტები. კვლევებზე დაყრდნობით, ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მწვანეს, ლურჯსა და იასამნისფერს დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია, ასევე ემოციურ სიმშვიდეს იწვევს თბილი ნეიტრალური და პასტელური ელფერები.

ფერთა პალიტრის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ოთახის განათება, ზომა და განლაგება, ასევე ატმოსფერო, რომლის შექმნაც სახლში გსურთ და იმ ადამიანების განსაკუთრებული საჭიროებები, რომლებიც ამ სივრცეს გამოიყენებენ.

ფერები, რომლებიც მთელი სახლისთვის უნდა განიხილოთ

თუ სახლის ინტერიერის ხელახლა შეღებვაზე ფიქრობთ, ამასთან დამამშვიდებელი და ნეიტრალური ფერი გსურთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ მსუბუქი და გრილი ტონები, როგორიც არის, მაგალითად, ზღვისფერი, სატაცურისფერი ან ღია მწვანე. ასეთი ელფერები გონების სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ამ ფერების ხაზგასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ნეიტრალური ტონები, როგორიც არის მკრთალი ყვითელი, რძისფერი და შვრიისფერი.

ფერები მისაღები ოთახისთვის

მისაღები ოთახისთვის უნდა განსაზღვროთ, თუ რომელ ასპექტზე გსურთ ორიენტირება: ფიზიკურად დამამშვიდებელი ფერი შეიძლება იყოს ლურჯის ყველა ელფერი, ემოციურად დამამშვიდებელი — ღია ვარდისფერი, ატმისფერი და იასამნისფერი ტონები, ხოლო გონებრივად დამამშვიდებელი — სპილოს ძვლისფერი, იისფერი, კრემისფერი და მწვანე.

მისაღები ოთახი არის სივრცე, რომელშიც ჩვენ დიდ დროს ვატარებთ, ამიტომ მხოლოდ ერთი ფერის გამოყენება შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს. ორიენტირდით თქვენ მიერ შერჩეული ფერის სხვადასხვა ელფერების გამოყენებაზე და ასევე გამოიყენეთ აქცენტის ფერები.

ფერები საძინებლისთვის

საძინებელი საჭიროებს დამატებით ზრუნვასა და ყურადღებას, რადგან ყოველი დღე სწორედ აქ იწყება და მთავრდება. საწოლის თავთან არსებული კედლისთვის გამოიყენეთ უფრო მუქი ტონი, რომელიც ღამის სიბნელეს განასახიერებს. დანარჩენი სივრცე კი ღია, თბილ ტონში გააფორმეთ, რათა დილით უფრო ხალისიანად გაიღვიძოთ.

თუ ისეთი შთამბეჭდავი ტონები, როგორიცაა ნაცრისფერი-ლურჯი, მუქი ღვინისფერი ან ტყისფერი მწვანე ზედმეტად გეჩვენებათ, გამოიყენეთ მუქი შეფერილობის საწოლის თავი. ოთახის დანარჩენი ნაწილი კი შეგიძლიათ გააფორმოთ უფრო თბილ ტონებში, როგორიც არის ატმისფერი, მაგნოლიისფერი ან კარაქისფერი.

ფერები აბაზანისთვის

ნეიტრალური ფერების (თეთრი და კრემისფერი) უფრო ენერგიულ აქცენტებთან შერწყმა სააბაზანოს სისუფთავისა და კეთილგანწყობილ ეფექტს სძენს. საოჯახო სველი წერტილები, განსაკუთრებით მხოლოდ საშხაპეები ან პატარა საპირფარეშოები, შეგიძლიათ გამამხნევებელი ატმოსფეროს შექმნისთვის გამოიყენოთ. ამის მისაღწევად შეარჩიეთ პალიტრა, რომელიც უფრო ნათელი და თბილია — ყვითელი, ნარინჯისფერი ან თუნდაც მეწამული ელფერები.

ფერები სახლის ოფისისთვის

ახლა, როცა სახლიდან მუშაობა ჩვეულებრივი მოვლენაა, სახლის ოფისი გახდა სივრცე, რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა. შემოქმედებით ადამიანებს შეუძლიათ უპირატესობა მიანიჭონ გამამხნევებელ გარემოს უამრავი ცოცხალი ფერით, მაგრამ ადამიანებისთვის, რომელთა საქმეც მეტ კონცენტრაციას მოითხოვს, უფრო შესაფერისია ისეთი ვარიანტები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას მიიქცევს — ნაცრისფერი, კრემისფერი, რუხ-ყავისფერი ან თუნდაც კეფირის ფერი. წითელი და ნარინჯისფერი ტონების გამოყენებას უნდა მოერიდოთ, რადგან ისინი ადამიანს ფიზიკურად ასტიმულირებს და შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან თუნდაც თავისტკივილი.

სასურველია თავიდან აიცილოთ კომერციული საოფისე კლიშეები და შეარჩიოთ ფერები, რომლებიც გამოავლენს თქვენს პიროვნებას, მხარს დაუჭერს თქვენს უნარებსა და ნიჭს.

როგორც ამბობენ, ვარდისფრის პასტელური ან თბილი ტონები ხელს უწყობს კონცენტრაციას და აუმჯობესებს ყურადღებას. მეორეს მხრივ, თამამმა ლურჯმა ან მწვანემ შეიძლება გაზარდოს პროდუქტიულობა და თქვენში მედიტაციური შეგრძნებები აღძრას.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ძველებური ბინის ახლებური სახე – ინტერიერი ცისფერი დარაბებით ტაბიძის ქუჩაზე

12 ადგილი თბილისში, სადაც ლამინირებული და ხის იატაკის საფარს შეიძენთ