in

ქართველი სტუდენტების პროექტი “Intersection for Interaction” TerraViva-ს საერთაშორისო კონკურსის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა

საქართველოს  უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების გუნდმა: ვანო გვენცაძემ, ნინა ავდალიანმა, ბექა ყალბეგაშვილმა და მარიამ მეგენეიშვილმა TerraVivas-ს საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. თავდაპირველად ისინი 30 ფინალისტს შორის მოხვდნენ, ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად კი მათი პროექტი – “INTERSECTION FOR INTERACTION” საუკეთესო შვიდეულში აღმოჩნდა, რომელიც ერთადერთი სტუდენტური ნამუშევარი იყო და „ოქროს წოდება“ დაიმსახურა.

TerraViva არის კულტურული სივრცე, რომელიც ორიენტირებულია არქიტექტურისა და დიზაინის კონკურსების ინოვაციურ იდეებზე სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ერთსა და იმავე ფაკულტეტზე სწავლობენ, ეს იყო მათი ერთად მუშაობის პირველი გამოცდილება.

„ქალაქგეგმარების  საფუძვლების  გავლისას, ლექტორებმა, სალომე გუგუნავამ და ნოდარ კვანჭიანმა, შემოგვთავაზეს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. აქამდე ურბანულ პროექტებთან და პრობლემებთან შეხება არ გვქონია, ამიტომაც, ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა ჩვენი თავის ამ კუთხით გამოცდა და პარალელურად ახალი, მონათესავე სფეროს გაცნობა. კონკურსის შესახებ სემესტრის დასაწყისში, ვადის ამოწურვამდე მხოლოდ თვენახევრით ადრე გავიგეთ, ამიტომ გვიხარია, რომ სხვადასხვა სირთულის მიუხედავად, ყველაფერი ასე წარმატებულად დაგვირგვინდა’’– აღნიშნავენ სტუდენტები.

პროექტი ეხებოდა Plaza de la Revolución-ს, რომელიც ვედადოს რაიონში, ძველი ჰავანას დასავლეთით მდებარეობს. ის არის არა მხოლოდ ერთ-ერთი უდიდესი საჯარო მოედანი მსოფლიოში (72,000 კვადრატული მეტრი), არამედ მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვის მქონე ადგილი. მოედანი წარმოადგენს კუბის რევოლუციის რამდენიმე მთავარი მოვლენის ეპიცენტრს და ადგილს, სადაც სამოქალაქო აქტივობების დროს, მილიონამდე ადამიანი ერთდროულად იკრიბებოდა. დღესდღეობით მან სრულად დაკარგა ფუნქცია და მხოლოდ ტურისტებისთვის, ჩე გევარას მემორიალის წინ, ფოტოს გადაღების ადგილად იქცა. შეიძლება ითქვას, ქალაქის ისტორიული ნაწილი დროში გაიყინა და ახლიდან აღმოჩენას ელოდება.

მოცემული დავალება მდგომარეობდა შემდეგში: რევოლუციის მოედნის ხასიათისა და მისი შესაძლებლობების გააზრება, რათა შემუშავებულიყო ისეთი საკონკურსო წინადადება, რომელიც მოედანს ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა და ახლიდან აღმოსაჩენს გახდიდა მას ქალაქისთვის.

საკონკურსო დავალებაში ასევე ხაზგასმული იყო საპროექტო არეალის გეოგრაფიული ლოკაციის, კლიმატის მნიშვნელობა და მაქსიმალურად ეკომეგობრული ხერხების გამოყენების აუცილებლობა.

რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიდგომას, მათ სურდათ საკონკურსო წინადადებით მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ და ხაზი გაესვათ ადგილის ისტორიული და კულტურული ღირებულებებისთვის. პროექტში გამოყენებული იქნა ისეთი დეტალები, რომლებიც ჰავანასათვის დამახასიათებელ კლიმატს, კუბაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს, ვინტაჟური მანქანების გამონაბოლქვს, ტყის მასივების შემცირებას, უშუალოდ საპროექტო ადგილისთვის დამახასიათებელ ხმაურის პრობლემას ითვალისწინებდა.

კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ქალაქის ისტორიაც და მისი განვითარება, კერძოდ, მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და კონტრასტული ურბანული ქსოვილი.

დიზაინში გამოყენებული არქიტექტურული ფორმები, მოცულობები, რელიეფის ცვლილებები და მრავალფეროვანი ფუნქციების დამატება, შესაძლებლობას აძლევს ვიზიტორს ახლებურად შეხედოს მოედანს და განსხვავებულად, უფრო საინტერესოდ აღიქვას იგი.

საკმაოდ მცირე დროის გამო, მუშაობის პროცესი სისტემატურად დატვირთული იყო, რაც კიდევ ერთ რთულ, თუმცა საინტერესო გამოწვევას წარმოადგენდა სტუდენტებისთვის. ამ პროცესში და მის დაძლევაში დიდი წვლილი შეიტანეს მენტორებმა: ნოდარ კვანჭიანმა და სალომე გუგუნავამ. სწორედ მათი დახმარებით შეძლო გუნდმა დროის სიმცირის, პროექტის სირთულისა და ურბანულ საკითხებთან მცირედი გამოცდილების მიუხედავად, შეექმნა ისეთი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევდა ასეთი დონის საერთაშორისო კონკურსზე. უნდა აღინიშნოს საქართველოს უნივერსიტეტის როლიც, რომელმაც სტუდენტებს არაერთხელ მისცა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა.

არქიტექტურა, როგორც მამოძრავებელი ძალა – ინტერვიუ ლიკა ფანჯიკიძესთან

საახალწლო დეკორი გამომშრალი ფორთოხლებისგან