in

სტუდია 9 – ძველისა და ახლის სინთეზით მიღებული არქიტექტურა და ინტერიერი

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურული სახელოსნო, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, არ შეიძლება, ჩაითვალოს ერთ-ერთ რიგით სტუდიად. ამაში დარწმუნდებით, როცა მათ მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობასა და მასშტაბს შეაფასებთ.  გამორჩეული სტილისა და ხელწერის გამო მათ მიერ დაპროექტებული ობიექტები ხშირად გამხდარა   ამა თუ იმ  ქალაქის, უბნის არქიტექტურული სახე.

საუბარი გვაქვს სტუდია 9-ზე, რომელიც წლების წინ არქიტექტორმა მამუკა ჩხაიძემ დააფუძნა. მამუკა ჩხაიძე არაერთი ცნობილი პროექტის ავტორია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; მათ შორის, აუცილებლად უნდა გამოვყო სასტუმრო Crown Plaza ბორჯომში და რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ , რომელიც წელს  ნომინირებულია  ევროკავშირის მის ვან დერ როეს პრიზზე, ნომინაციაში “თანამედროვე არქიტექტურა”.

მამუკა ჩხაიძის პროფესიული ბიოგრაფია საკმაოდ ვრცელია –სხვადასხვა დროს მას ეკავა ფოთის ვიცე მერის, ფოთის მთავარი არქიტექტორის, თბილისის მთავარი არქიტექტორის პოზიცია. თუმცა, დღეს იგი მთავარ გამოწვევად  სტუდია 9-ის მასშტაბურ „არქიტექტურულ სახლად“ გარდაქმნას ასახელებს.

მამუკა ჩხაიძე

– როგორი იყო სტუდია 9-ს პირველი ნაბიჯები და როგორია ის ახლა?

სტუდია 9 2012 წელს დავაფუძნე, თუმცა პირველი წლები არც თუ ისე აქტიური იყო, რადგან მე უმეტესად უკრაინაში, ასევე ჩემ მიერ დაარსებულ საპროექტო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ხშირად აქაურ პროექტებსაც უკრაინაში ვაკეთებდი. ბოლო 3-4 წელია საქართველოში ვარ და აქტიურად შევუდექი საქმიანობას. შემოვიკრიბე საინტერესო გუნდი – გამოცდილი, კვალიფიციური კადრები, რომლებიც უშურველად უზიარებენ გამოცდილებას ახალგაზრდა, ნიჭიერ არქიტექტორებს. ავაშენეთ თანამედროვე ოფისი, არქიტექტურულ სახელოსნოსთან ერთად გავხსენით ინტერიერის სახელოსნო.

დღეს  ჩემი მიზანი, ქართველი და უცხოელი პროფესიონალების გაერთიანება და საერთო პროექტებზე მუშაობაა. მინდა, „სტუდია 9“ არა მხოლოდ საპროექტო, სამშენებლო, დიზაინერულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს, არამედ ერთგვარ სკოლადაც იქცეს, სადაც სხვადასხვა თაობა საინტერესო იდეების ირგვლივ გაერთიანდება.

ამის პრეცედენტები უკვე გვაქვს – ამჟამად  ერთ-ერთ მასშტაბური სასტუმროს ინტერიერზე ვმუშაობთ იტალიურ კომპანია D73-თან ერთად. მიდის ყოველდღიური ინტენსიური მუშაობა. ჩვენი ინტერიერის სახელოსნოსათვის ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება და გამოწვევა.

ბოლო წლებში არაერთ საერთაშორისო ბრენდთან გვაქვს ნამუშევარი, მსოფლიო ბრენდი Crown Plaza შემოდის მაგ. მახინჯაურში, სადაც ამჟამად მათი სტანდარტებით ვაპროექტებთ „მზიური გარდენსის“ სასტუმრო კომპლექსის ინტერიერს. ასევე ჩვენ გვეკუთვნის ამ კომპლექსში ეზოს კეთილმოწყობის, სანაპირო რესტორნისა და საფეხმავლო ხიდის პროექტი.

“მზიური გარდენსი”

ხშირად ხდება, რომ დამკვეთი, კმაყოფილი ჩვენი არქიტექტურული გადაწყვეტებით, ინტერიერსაც ჩვენ გვანდობს და ამ დროს მთლიანობაში ობიექტი გამოდის საინტერესო, შეკრული, საერთო ხასიათით.

მრავალფუნქციური კომპლექსი რიყეზე

– კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს სტუდია 9 მომხმარებლებს?

სტუდია 9, პირველ რიგში, არის საპროექტო ორგანიზაცია – ის აკეთებს პროექტებს თავისი სრული მუშა-დოკუმენტაციით. თუმცა, ჩვენი სტუდია მხოლოდ არქიტექტურულ მომსახურებას არ უწევს მომხმარებლებს – ჩვენ ყველა იმ სერვისს უზრუნველვყოფთ, რაც პროექტის დასრულებისთვის არის საჭირო. ზოგადად, დღესდღეობით პროექტის შემადგენლობა იზრდება – ადრე თუ მხოლოდ არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი კეთდებოდა, ახლა უკვე მას დაემატა საინჟინრო ნაწილი და ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც ჯამში საკმაოდ დიდ მოცულობას ქმნის. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანს შევთავაზოთ “ერთი ფანჯრის პრინციპი” – ყველა მომსახურება მიიღოს ერთ სივრცეში (არქიტექტურა, კონსტრუქტორი, ინტერიერის დიზაინი).

– ქმნით ინტერიერსაც…

დიახ, ეს კი იმიტომ, რომ შენობა და მისი ინტერიერი ბოლომდე ერთი შინაარსის იყოს – ეს ეხება სასტუმროსაც, ინდივიდუალურ სახლსაც და ნებისმიერი ტიპის სივრცეს.

– დღეს ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი არქიტექტურული კომპანია იქმნება – თქვენი უპირატესობა რაში მდგომარეობს?

მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურულმა სტუდიამ შექმნას ისეთი პროექტი და მხატვრული სახე, რომელიც მომხმარებელს მიიზიდავს. შექმნას არა პროექტი პროექტისთვის, არამედ სახასიათო, გამორჩეული ობიექტი. მე ხშირად ვამბობ, რომ თუ სწორად და ხარისხიანად დააპროექტებ ინდივიდუალურ სახლს, სასტუმროს თუ სხვა ბიზნეს ობიექტს, დასრულების შემდეგ ამ ობიექტის ფასი მინიმუმ სამჯერ უნდა გაიზარდოს. თუკი ყველა პროექტს ინდივიდუალურად უდგები, თუკი შემოქმედებით პროცესში გადადიხარ და რასაც ქმნი, ქალაქისთვისაც საინტერესოა, დამკვეთისთვისაც საინტერესო იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროექტები ერთმანეთს არ გავს და არ არის შაბლონური.

საბოლოო ჯამში კი, ჩვენ გვაქვს კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა – მაქსიმალურად ვცდილობთ, შევუქმნათ მომხმარებელს კომფორტი. ყველა პროექტს ჰყავს მენეჯერი, საკონტაქტო პირი, რომელიც დამკვეთს უგვარებს სხვადასხვა ბიუროკრატიულ დაბრკოლებას.

– როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი და სტუდია 9-ს ხელწერა?

მე ძალიან მიყვარს ძველისა და ახლის სინთეზი. ხანდახან ისე შევტოპავ ხოლმე ამ შემოქმედებით პროცესში, რომ შენობა სულაც მავიწყდება – თუმცა, ამ ძიების პროცესსა და იდეების გონებაში დაწმენდას, საბოლოო ჯამში, მივყავარ მკაფიო სურათამდე. ვფიქრობ, ყველაზე უკეთ მაინც ტრადიციული და თანამედროვე ტენდენციების შერწყმა გამომდის – თუ არ გამომდის, ვცდილობ მაინც…

სასტუმრო ასათიანის ქუჩაზე

– გვიამბეთ სტუდია 9-ს განხორციელებულ პროექტებზე.. 

ბევრი საინტერესო, მაღალი დონის ობიექტი აქვს შექმნილი სტუდია 9-ს, თუმცა, ალბათ, ბორჯომის სასტუმროთი (Crown Plaza Borjomi) უნდა დავიწყო, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებში. მაშინ, როცა ამ სასტუმროზე მუშაობა დავიწყე, აქტიურად დავდიოდი ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში, რომელიც ძალიან ჰგავს ბორჯომს. იმ ქალაქზე სულ ვფიქრობდი და ხანდახან იქიდან წამოსული თვითმფრინავში ვხატავდი კიდეც მის ქუჩებს. საბოლოო ჯამში, ამ ქალაქზე იმდენი ინფორმაცია მივიღე, რომ ბორჯომის სასტუმრო მას დავუკავშირე და მდინარის პირას რამდენიმე შენობა გავაშენე.

ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია “წისქვილი”. ეს პროექტი 2002 წელს დავიწყე და ეტაპობრივად, 20 წელია ვაშენებ. თავდაპირველად, სანამ მის მშენებლობას დავიწყებდი, იმ ადგილზე ტრანსპორტი არ დადიოდა. იყო ჩანჩქერი, რომელთანაც პატარა წისქვილი იდგა და ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი აქ რაღაც გაკეთდებოდა. წისქვილის იერსახის შთაგონება მომცა რომმა, სადაც 2 თვის განმავლობაში ვცხოვრობდი და მომინდა, რომ არა თანამედროვე, არამედ ეგზოტიკური რესტორანი გამეკეთებინა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, პატარა ქალაქივით გამოვიდა და გაშენდა. წისქვილმა მისცა ბიძგი შემდგომ ბელიაშვილის ქუჩაზე  რესტორნების რიგის განვითარებას.

რესტორნების კომპლექსი “წისქვილი”
რესტორნების კომპლექსი “წისქვილი”

მესამე მნიშვნელოვან პროექტად დავასახელებ ფოთის ტაძარს, რომელსაც თავისი ისტორია გააჩნია. თავის დროზე ის ნიკო ნიკოლაძემ ააშენა, თუმცა, ბოლშევიკებმა სრულიად შეცვალეს ამ შენობის იერსახე, რათა ის ტაძარს არ დამსგავსებოდა. 100 წელი, ფაქტობრივად, ამ მდგომარეობაში იყო ეს შენობა. საბედნიეროდ, მე მომეცა იმის საშუალება, რომ ტაძრისთვის პირვანდელი სახე დამებრუნებინა და კომპლექსად მექცია. 2005-2012 წლებში, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის აქტიური ჩართულობით და ლოცვა-კურთხევით  განხორციელდა ტაძრის რეკონსტრუქცია.

ასევე უნდა ვახსენოთ ღვინის მუზეუმი მცხეთაში, რომელიც  მასშტაბური და საინტერესო ობიექტია. ამჟამად იქ ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ჩვენმა სტუდიამ იმუშავა როგორც არქიტექტურაზე, ისე ინტერიერის დიზაინზე.

ღვინის მუზეუმი ქ. მცხეთაში

– დღევანდელი გადმოსახედიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორია დამკვეთთან ურთიერთობა – რა პროცესია ეს თქვენთვის?დამკვეთთან ურთიერთობისას დიდი ემოციური მზაობა გჭირდება, ზუსტად უნდა მიხვდე, რა მოლოდინები აქვს დამკვეთს და შეეგუო იმასაც, რომ შესაძლოა შენი ნამუშევარი გადააკეთონ.  შემოქმედებით პროცესში, როცა არ გამოდის საქმე ისე, როგორც მინდა, უგუნებოდ ვარ. თუმცა, თუკი გაჩნდა შტრიხი, რაც სიტუაციას გამოასწორებს, მაშინვე მიკეთდება ხასიათი. თუ დამკვეთისთვის ეს ყველაფერი სულერთია და რაღაცას ხელაღებით ცვლის, არქიტექტორი ამ დროს ემოციურად ინგრევა. ალბათ ამიტომაა, რომ დამკვეთთან ურთიერთობა კომპლექსური საკითხია და საჭიროა, რომ მისი და არქიტექტორის ღირებულებები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ლისზე

ისე მოხდა, რომ ძირითადად საზოგადოებრივ სივრცეებზე, სასტუმროებსა თუ მრავალბინიან კომპლექსებზე ვმუშაობთ. ინდივიდუალურ სახლებსაც ვაპროექტებთ, ოღონდ, სწორად გამიგეთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დამკვეთს ესმის რამდენად მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი და სწორად დადგმული სახლი.. ქართული ბუნებაა ასეთი, შეიძლება მანქანაში გადაიხადო ათეულობით ათასი დოლარი, არადა ამ მანქანას გამოცვლი როცა მოგინდება და სახლს, სადაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო და ხარისხიანად უნდა იცხოვრო, სათანადო რესურსს არ უთმობ. საუკეთესო შედეგი მაშინ იდება, როდესაც დამკვეთიც აცნობიერებს კომფორტული საცხოვრისის მნიშვნელობას.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ენერგოეფექტური სახლი შეერთებულ შტატებში – Salmela Architect-ის ნამუშევარი

ნათელი ბინა პასტელური ფერებით ვაკის პარკთან – რუსუდან თუმანიშვილის ნამუშევარი