in

გულწრფელობა არქიტექტურაში — ინტერვიუ სახელოსნო „კერას“ დამფუძნებლებთან

დღეს გაგაცნობთ არქიტექტურულ სახელოსნო „კერას“ დამფუძნებლებს — კოტე გუნიას, სანდრო ბახტაძესა და ბექა გუჯეჯიანს, რომლებიც საკუთარი კარიერული გზის, შემოქმედებითი პროცესის, სამუშაო პრინციპებისა და სტუდიის დაარსების შესახებ გვიამბობენ.

კოტე და სანდრო ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, ისინი დეიდაშვილები არიან და ხატვაზეც ერთად დადიოდნენ. როგორც კოტე გვიყვება, ხელოვნების ეს სფერო  ღრმა ბავშვობიდან მისი ყოველდღიურობის  მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, განსაკუთრებით უყვარდა სახლების ხატვა, სიამოვნებით ათვალიერებდა ინტერიერის დიზაინის გამოცემებსაც. საყვარელი საქმიანობა კი ე.წ. „შტაბის“ აშენება იყო, რომლის რომანტიკა დღემდე არსად გამქრალა და ახლა უკვე შვილებთან ერთად ზაფხულობით სიამოვნებით უთმობს დროს ამ საქმეს.

შტაბის მშენებლობა ახალდაბაში

ბექა იხსენებს, რომ მისი საყვარელი ბავშვობისდროინდელი საქმიანობა სპეციალური საზომით სხვადასხვა საგნის გაზომვა იყო, ხოლო სანდრო ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბუნებასთან კავშირზე, რაც დღემდე მისთვის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.

ბავშვობის შემდეგ მათი კარიერული გზა არქიტექტურის ფაკულტეტს დაუკავშირდა. ბექას შემთხვევაში, რომელმაც თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო. რაღაც პერიოდი ბარსელონაშიც, რიკარდო ბოფილის სტუდიაში მუშაობდა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი „რუმს სტუდიაში“ გააგრძელა საქმიანობა მანამ, სანამ საკუთარ სახელოსნოს შექმნიდა.  როგორც კოტე გვიყვება, განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, თუმცა არქიტექტურა ოდნავ მოგვიანებით, პირველ პროექტზე მუშაობისას შეუყვარდა. სანდროს გზა კი ოდნავ განსხვავებულად წარიმართა – თავდაპირველად მან სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო შემდეგ  არქიტექტურის ფაკულტეტზე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. პირველი სერიოზული, რომანტიკული დამოკიდებულება პროფესიის მიმართ კი მუშაობის პროცესში და მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში გაუჩნდა.

„კერას“ საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა, როდესაც სანდრომ და კოტემ ერთად პირველი პროექტი შეასრულეს. პანდემიის პერიოდში კი სახელოსნოს მათი მეგობარი – ბექაც შემოუერთდა. სწორედ ასე დაიწყო „კერას“ ისტორია, რომლის შემოქმედებისა და მუშაობის ფილოსოფიის შესახებ დღეს თავად დამფუძნებლები გვიყვებიან….

გვიამბეთ, როგორი იყო სტუდიის პირველი ნაბიჯები და როგორია „კერას“ მუშაობს ფილოსოფია?

თავდაპირველად, ალბათ, მთავარი სირთულე სტუდენტური მიამიტობის დაძლევა და რეალურ ცხოვრებაში ადაპტირება იყო. თუმცა, ეს სირთულე, ნაწილობრივ, “ჩვენი ენის” პოვნაში დაგვეხმარა.

„კერას“ სამუშაო გარემო ნაკლებად მოგაგონებთ სტანდარტული არქიტექტურული სტუდიის სამუშაო გარემოს, რადგან ჩვენს მაგიდაზე ყოველთვის შეხვდებით ხერხს ან ქაფჩს. მუშაობის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს მაკეტირება და მასალებზე ექსპერიმენტების ჩატარება წარმოადგენს, რაც შემდეგ მიმდინარე პროექტებში აისახება. ამიტომ ვეძახით „კერას“ სახელოსნოს და არა ოფისს. ჩვენთვის ეს ვნება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ წელს ხის დასამუშავებელი დანადგარები შევიძინეთ და ორი პატარა მასშტაბის პროექტი ჩვენი ხელით ავაშენეთ. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან სიღრმისეულად გავიაზრეთ, რას ნიშნავს პროექტის ფურცლიდან სივრცეში გადატანა და რა დაბრკოლებებსა თუ სირთულეებს აწყდებიან მშენებლები პროექტის რეალიზების პროცესში.

საქათმის მშენებლობა ვაზისუბანში

მუშაობის პროცესში საიდან იღებთ შთაგონებას და როგორია თქვენი ხელწერა?

მუშაობის დროს ყოველთვის დიდ დროს ვუთმობთ საპროექტო ადგილის გაცნობას, რაც ამ ადგილზე ხანგრძლივი დროის გატარებას და მასთან ემოციური კავშირის დამყარებას გულისხმობს. ეს კავშირი ყოველთვის ბადებს შეხების წერტილებს, რაზეც პროექტი იგება. მნიშვნელოვანია ასევე სხვა ავტორების თუ უავტორო ნამუშევრების გაცნობა, ხალხური არქიტექტურიდან მიღებული შთაგონება, რაც კოლექტიური გამოცდილების გადააზრებისა და გაგრძელების ნაწილია.

ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს პროექტებს გააჩნდეს კულტურული ნიშანი და გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ისტორიული კონტექსტითაც. შესაბამისად, ჩვენი სახელოსნოს ხელწერა, ალბათ ამ ფაქტორებზე დაკვირვება და რეფლექსიაა. ეს ყველაფერი მოიაზრებს მუდმივ ქექვას ხალხურ და ხშირად მივიწყებულ სამშენებლო ტექნიკებსა თუ მასალებში და მათ გადათარგმნას თანამედროვე არქიტექტურის ენაში. ხშირად ვიყენებთ სიტყვა გულწრფელობას, რაც თავის თავში მოიაზრებს შენობის ავთენტურობას ადგილის მიმართ და ისეთი მასალების გამოყენებას, რაც ცოცხალია, დროსთან ერთად იცვლება და ადამიანებთან ერთად ბერდება.

რომელ პროექტებს გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან?

გამოვარჩევდით ჩვენს პროექტს, რომელიც თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში განსახორციელებლად შეირჩა, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი გასაჯაროების უფლება არ გვაქვს, ამიტომ მანამდე სხვა პროექტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც გახლავთ — ხის ბილიკი „ვაზისუბნის მამულის“ ტერიტორიაზე. ეს პროექტი ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავს იმ ფილოსოფიასა და მუშაობის პროცესს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ბილიკის გაკეთების იდეა ამ ტერიტორიაზე სხვა პროექტზე მუშაობისას გაგვიჩნდა. ეს ტყე ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტისას აღმოვაჩინეთ და დანახვისთანავე შეგვიყვარდა. დამკვეთს პროექტის განხორციელება შევთავაზეთ, ხოლო პროექტზე მუშაობისას გაჩნდა ბილიკის კულმინაციური დასასრულის – ვენახში გადმოსახედი კოშკის დადგმის იდეა, რომელიც ახლა შეთანხმების პროცესშია.

ბილიკი ტყეში – ობიექტები
ბილიკი ტყეში – გეგმა
ბილიკი ტყეში – გენგეგმა
ბილიკი ტყეში – კოშკი
ბილიკი ტყეში – კოშკის მაკეტი

როგორ ფიქრობთ, როგორია თანამედროვე სამყაროში არქიტექტურის როლი, რა მიზანს ემსახურება ის?

არქიტექტურის როლი ოდითგანვე ადამიანის სამყოფი სივრცის მოწყობა იყო. ფორმები ვითარდება, მაგრამ როლი დიდად არ შეცვლილა. ამ პროფესიის შედეგი პირდაპირ აისახება ადამიანის ყოველდღიურობაზე, ამიტომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. თანამედროვე სამყაროში, ჩვენი აზრით, არქიტექტურის როლი კულტურულ ექსპრესიაშია. მთელი სამყარო გლობალიზმისკენაა მომართული, რაც არქიტექტურის კულტურული იდენტობისგან დაცლის საფრთხეს შეიცავს. ასევე საგულისხმოა ეკოლოგიის საკითხიც, რომელიც შეიძლება მრავალშრიანი პრობლემა იყოს და ბევრ სხვა სფეროს მოიცავდეს, მაგრამ არქიტექტურის როლი მდგრად განვითარებაში მაინც საკვანძოა.

თქვენ ახსენეთ მდგრადი განვითარება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გააზრებულია ეს გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში და რა არის ის უმთავრესი ნაბიჯები, რაც ამ მხრივ უნდა გადაიდგას? 

მდგრადი განვითარების საკითხი ჩვენს ქვეყანაში ჯერ მხოლოდ გარემოს დაცვით შემოიფარგლება და ისეთ ელემენტარულ თემებს ეხება, როგორიც ხეების ჭრა და დაბინძურებაა. უნდა ითქვას, რომ ჯერ-ჯერობით ქვეყანა ამ ელემენტარულ თემებსაც ვერ უმკლავდება და ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ არც სახელმწიფო და არც კერძო სექტორი არ არის მომართული მომავალზე ფიქრზე. შესაბამისად, დღის წესრიგში, ფაქტობრივად, საერთოდ არ დგას მშენებლობის სფეროსა და მდგრადი განვითარების კავშირი. ამას ემატება რთული სოციალური გარემო, რომელშიც ეკოლოგიაზე ფიქრი ფუფუნება უფროა, ვიდრე აუცილებელი საჭიროება. ამ საკითხის გასაუმჯობესებლად უმთავრესი ნაბიჯები სახელმწიფოს გადასადგმელია, არა ფასადური და მიკრო გადაწყვეტილებებით, არამედ მასშტაბური ეკოლოგიური პოლიტიკით.

ვისაუბროთ ქართულ არქიტექტურულ სივრცეზე, განვითარების რა ეტაპზეა და რა გამოწვევების წინაშე დგას ის?

ქართული არქიტექტურული სივრცე ნამდვილად განვითარების ეტაპზეა, რომელსაც მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი აფერხებს. ჯერ-ჯერობით ამ პროფესიის როლსა და მნიშვნელობაზე, არათუ სახელმწიფო და კერძო სექტორი, არამედ თვითონ პროფესიის წარმომადგენლებიც არ არიან ბოლომდე გათვითცნობიერებულნი. ეს მრავალშრიანი პრობლემაა და თავის საწყისში, ალბათ, სოციო-ეკონომიკურ მოწყობასა და განათლების სისტემამდე დადის. ხოლო ქაოტური განაშენიანების გამოწვევაზე (რაც თბილისსა და ბათუმში ხდება), უსისტემო და დეველოპერული კომპანიების ხეირზე მორგებულ განვითარებაზე (ბახმაროსა და „ორბის“ მაგალითზე), ისედაც ბევრი იწერება.

ჩვენ ყურადღებას გავამახვილებდით კიდევ ერთ პრობლემაზე, რომლის წინაშეც ჩვენი სფერო დგას და, ნაწილობრივ, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების საწყისია. როგორც უმრავლეს კოლონიზებულ ქვეყნებში, საქართველოშიც მოხდა ადგილობრივი კულტურის ეგზოტიზაცია და სამუზეუმო ექსპონატად გარდაქმნა. შესაბამისად, როგორც არქიტექტორებში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში, ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ტრადიციული მშენებლობის გამოცდილება არა პრაქტიკული, არამედ თეორიული, ეგზოტიკური და რომანტიზებული კატეგორიაა.

დამოუკიდებლობის შემდეგ, ლოგიკური და მნიშვნელოვანი მიდგომა ამ გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენის და დაკონსერვებულ ტრადიციად ქცეული მშენებლობის გადააზრება უნდა ყოფილიყო, თუმცა, ველური კაპიტალიზმის პირობებში, უხარისხო, კომერციაზე გათვლილმა და შინაარსისადმი გულგრილმა მშენებლობამ დაამახინჯა სამშენებლო გამოცდილება, რაც არამარტო დეგრადირებულ გარემოზე, არამედ მშენებლების შესაძლებლობებსა და ტექნიკის მრავალფეროვნებაზეც აისახა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში შეინიშნება იმედის მომცემი ძვრები და თითქოს გვირაბის ბოლოს სინათლეც ჩანს, თუმცა, როგორც სლავოი ჟიჟეკი შენიშნავდა, ეს სინათლე შეიძლება ჩვენკენ დიდი სისწრაფით მომავალი მატარებელი აღმოჩნდეს.

თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი პროექტები მსოფლიო მიდგომებს და რამდენად ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ ადგილობრივი არქიტექტორები მომხმარებლებს?

ჩვენი ფილოსოფიიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ პროექტი, პირველ რიგში, ადგილთან და კონტექსტთან შესაბამისი უნდა იყოს, რაც არამარტო ფიზიკურ ნაწილს გულისხმობს, არამედ ადგილზე არსებულ სამშენებლო გამოცდილებას, მასალებს და სხვა სპეციფიკებს. შესაბამისად, არ არსებობს ერთი კონკრეტული მიდგომა, ან სტანდარტი, რომელიც მთელ მსოფლიოში საერთო იქნება. თანამედროვე ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლიც სწორედ ეს არის, რომ ხშირად ვხვდებით მცდელობას, რომ პროექტები შეესაბამებოდეს გარკვეულ ტენდენციებს, იდენტობისა და რელევანტურობის ხარჯზე.

რაც შეეხება მომსახურებას, მთავარი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დღესდღეობით საქართველოში არქიტექტორის პროფესია სერვისის პრინციპზე დგას, რაც კონფლიქტში მოდის ამ საქმის არსთან. ჩვენ გვჯერა, რომ არქიტექტორისა და დამკვეთის ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ არის ერთ-მიმართულებიანი, არამედ ერთობლივ მუშაობასა და სინერგიაზე დგას. არქიტექტორის როლი დამკვეთის მოსმენა და მისი წარმოდგენის შენობაში თარგმნაა. ჩვენი დაკვირვებით, ეს ხშირად არ ხდება და დამკვეთის ხშირ შემთხვევაში ჩამოუყალიბებელი ხედვა პირდაპირ ისახება პროექტებში.

საკმაოდ საინტერესო თემას შეეხეთ… ერთი მხრივ, დამკვეთის სურვილები, მეორე მხრივ კი არქიტექტორის შემოქმედებითი ხედვა – როგორც ცნობილია, ამ პროცესში საკმაოდ რთულია კომპრომისის მიღწევა. თქვენი გამოცდილებით, რაში მდგომარეობს მთავარი საიდუმლო? როგორ ხდება დამკვეთის “ჩამოუყალიბებელი ხედვების” გამართულ არქიტექტურაში გადათარგმნა? 

ამ საკითხში მთავარი, ალბათ, ნდობის ფაქტორია – დამკვეთი უნდა ირჩევდეს ისეთ არქიტექტორთან მუშაობას, რომლის შემოქმედებით ხედვასაც მისი სურვილები ემთხვევა და არა უბრალოდ „სერვისის გამწევთან“, რაზეც ზემოთ ვსაუბრობთ. ასეთ შემთხვევაში, სამუშაო პროცესი ბევრად ორგანული და ჰარმონიულია, ვიდრე მუდმივ კომპრომისებზე და კამათზე დაყვანილი. მეორე მხრივ, არქიტექტორს არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ შენობა არ არის სკულპტურა, არამედ ადამიანის სამყოფი სივრცეა და მისი შემოქმედებითი ხედვის ამომავალი წერტილი სწორედ ადამიანი უნდა იყოს.

დაბოლოს, გვიამბეთ მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისის არქიტექტურული ბიენალესთვის ვემზადებით, ვგეგმავთ ჩვენი ხის სახელოსნოს კიდევ უფრო განვითარებას და პარალელურად რამდენიმე კომერციულ დაკვეთაზეც ვმუშაობთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ღია სამზარეულო – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის

ძველი ნაგებობისა და თანამედროვე შენობის საინტერესო ნაზავი – Jones Architects-ის ნამუშევარი