სტუდიოს ტიპის ბინებს თანამედროვე პროექტებში ხშირად ვხვდებით. ამ სახის გეგმარირება გვეხმარება სივრცის მაქსიმალურად ათვისებაში. სტუდიოს ტიპის ბინა გულისხმობს საცხოვრებელს, სადაც მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ნაწილები გაერთიანებულია, რაც განსაკუთრებით კომფორტულია შედარებით პატარა ზომის სივრცეების დაგეგმარებისთვის. თუმცა, ხშირად რთულია ოთახების ისე გაერთიანება, რომ მათი სტილი, ფერები თუ ავეჯი ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში 7 ქართულ პროექტს გიზიარებთ, რაც შთაგონების ძიების პროცესში დაგეხმარებათ.
ბინა ვერაზე
ამ ბინის დიზაინი ირმა გოგიაშვილს ეკუთვნის, მისი საერთო ფართობი 56 კვადრატული მეტრია. პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ პატარა სივრცის მიუხედავად, საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ინტერიერი გამოვიდა, რომელშიც სამზარეულო და მისაღები ფერთა ჰარმონიული ტონებით არის გაერთიანებული.
ბინა ბაგებში
ბაგებში, საკანდელიძის ქუჩაზე მდებარე სახლი თათია ქარჩხაძეს და გიორგი ნასყიდაშვილს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 130 მ2-ია. წყვილმა სახლის გეგმარება ოდნავ შეცვალა. შედეგად, იზოლირებული სამზარეულოს ნაცვლად ეს ზონა მისაღებ ოთახთან გაერთიანდა და თავისუფალ სივრცეში სამუშაო ადგილი მოეწყო, რომელსაც ხანდახან ფიტნეს ოთახის დანიშნულებაც აქვს.
ბინა პლეხანოვზე
ეს სახლი პიტო სეთურს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 60 კვადრატული მეტრია. სარემონტო სამუშაოების პარალელურად შეიცვალა სამზარეულოს მდებარეობაც და ის მისაღებ ოთახთან გაერთიანდა, ხოლო სამზარეულოს ადგილას, რომელიც პატარა და არაკომფორტული იყო, სააბაზანო მოეწყო.
ბინა ლისის ტბის მიმდებარედ
ეს სახლი ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 91,7 კვადრატული მეტრია. გაერთიანებული მისაღებისა და სამზარეულოს ინტერიერი თბილი, მყუდრო და მიმზიდველია.
მინიმალისტური ბინა ბაგებში
დიზაინერ თამა კალანდიას პროექტი ბაგებში მდებარეობს. ობიექტის საერთო ფართობი 55 კვადრატული მეტრია, სადაც 45 კვადრატული მეტრი საცხოვრებელ ფართს უკავია. ბინა საძინებელს, სველ წერტილსა და სტუდიოს ტიპის გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს მოიცავს. საბოლოო ჯამში, სახლი შედარებით პატარა, თუმცა საკმაოდ მომხიბვლელია.
ბინა კრწანისის ქუჩაზე
ეს ბინა კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 100 კვადრატული მეტრია, სადაც 80 კვადრატული მეტრი საცხოვრებელ სივრცეს, 20 კვადრატული მეტრი კი აივანს უკავია. მისაღებსა და სამზარეულოს ერთმანეთისგან ნატურალური, მუქი კაკლისფერი კუნძული მიჯნავს, რომელიც ღია ფერის სამზარეულოს ბუნებრივად ეხამება.
ბინა ბაგებში
ბაგებში მდებარე 75 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სადა და დახვეწილი ბინის დიზაინი ანუკა თავართქილაძეს ეკუთვნის. ბინაში შესვლისთანავე ვხვდებით სტუდიოს ტიპის ოთახს, სადაც სამზარეულო და მისაღები ოთახებია გაერთიანებული და მისი ფართობი 30 კვადრატული მეტრია.