in

სტუმართმოყვარე ინტერიერის მოწყობის 10 წესი

დღეს რამდენიმე მარტივი ხერხი გვინდა შემოგთავაზოთ, რაც სტუმრების განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ და სტუმართმოყვარე მასპინძლად წარმოგაჩენთ.

წესი #1: კედლები

შეღებილ კედლებს საუკეთესო ეფექტი აქვს.  ბევრს ჰგონია, რომ მრავალგვარი ორნამენტების გარეშე მათი ბინა არასაკმარისად მყუდრო და დახვეწილი იქნება. ეს მცდარი მოსაზრებაა. სწორედაც რომ სუფთა, სადა კედლები სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და ნათელს ხდის. სინათლითა და ჰაერით ავსებს ყველაზე პატარა და დაბალჭერიან ოთახებსაც კი. ნათელი ფერები კი ინტერიერის ინდივიდუალურობასა და ხასიათის აქცენტირებას ახდენს.

წესი #2: ოქროს წესი

კარგი ინტერიერი სიმეტრიის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი თვალი წესრიგისკენ ილტვის. ეს დასვენებისა და დამშვიდებისათვის ბრწყინვალე ხერხია.

წესი #3: მასალები

მოძველებული, ოდნავ გაცრეცილი მასალები, ანტიკვარიატი, ქვა და ხე შენობას სტუმართმოყვარე ატმოსფეროს სძენს. მეტი ტექსტილი! შალი, ბამბა, აბრეშუმი. ბალიშები, მოსასხამები, გადასაფარებლები ოთახის გარემოს არბილებს და თბილს ხდის, ასეთ სახლი მაგნიტივით იზიდავს. მაგალითად, ერთმა გადასაფარებელმა შესაძლებელია მთიანად შეცვალოს სურათი. ყველაზე თანამედროვე სერვისიც  კი მაქმანებიან ზედაპირზე ელეგანტური და მომხიბვლელი გამოჩნდება. კიდევ ერთი სასურველი ატრიბუტი – იატაკზე დაგებული რბილი ხალიჩაა.

წესი #4: შუქი

კიდევ ერთი მითი სქელ ფარდებს ეხება. იმისთვის, რომ ბუნებრივი შუქი ინტერიერის სრულუფლებიანი ელემენტი გახდეს, სასტუმროში ფარდები ან საერთოდ არ უნდა ეკიდოს, ან მაქსიმალურად გამჭვირვალე და სადა უნდა იყოს. ასე მზის სხივებს ინტერიერში თავისი წვლილის შეტანის მაქსიმალური საშუალება მიეცემა.

წესი #5: დეტალები

კიდევ ერთი რჩევა დიზაინერებისგან, რომელიც თვალის დასვენებას ემსახურება, აქსესუარებს ეხება. მათი დიდი რაოდენობა საერთოდ არ გჭირდებათ. ინტერიერი წყნარი და სიმშვიდის მომგვრელი უნდა იყოს. სტუმრებს ასეთ გარემოში დასვენებისა და მოშვებისთვის დაბრუნების სურვილი ხშირად გაუჩნდებათ. არ შეგეშინდეთ რამდენიმე სტილის შერევა. ეს სისადავის თეორიას სრულიადაც არ ეწინააღმდეგება. თუ თქვენ სტუმართმოყვარეობის ეტალონებს, რაფინირებულ ინგლისელებს, ეწვევით, მათთან ხშირად შეხვდებით თანამედროვე ავეჯისა და ვინტაჟური დეტალების ნაზავს. ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ ინტერიერი უფრო ინდივიდუალური იყოს და ამავე დროს, მასპინძლების ხასიათის ერთგვარ ანარეკლსაც წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია ეკლექტიკის წესების დაცვა. სივრცეში მოთავსებული ყველა ნივთი ერთმანეთთან უნდა ურთიერთობდეს და არა ლიდერობისთვის “კინკლაობდეს”. ამ მიდგომით ჰარმონიული ინტერიერის შექმნას შეძლებთ.

წესი #6: ფერი

ოქროს წესი „ნაკლები და უკეთესი“ ფერსაც ეხება. ინტერიერში მაქსიმუმ 3-4 ელფერი გამოიყენეთ. უმჯობესია მყვირალა ფერებისგან თავი შეიკავოთ და რამე ნეიტრალური აირჩიოთ. ყველაზე მყუდრო თეთრი და ბუნების ოდნავ მინავლებული ფერებია. კარგი ვარიანტია რუხი, ის სხვებზე ნაკლებად ირეკლავს შუქს. ინტერიერისთვის ყველაზე საფრთხილო ფერი კი წითელია, მისი ჰარმონიული შეფარდება რთულია და ამავე დროს ის დამღლელიცაა.

წესი #7: არომატი

განსაკუთრებული ყურადღება სახლის არომატებს დაუთმეთ. სტუმრებს უყვართ ცხვირით! სწორად შერჩეულ სურნელს ყველაზე მოსაწყენი ინტერიერის ტრიუმფალური წარმოჩენა და პირიქით, მასპინძლების მიერ სტუმართმოყვარე აურის შექმნაში დახარჯული კოლოსალური რესურსებისა და ძალისხმევის სრული გაბათილება შეუძლია. ყველაზე „საშინაო“ საკვების სუნებია, სადაც სანელებლების, ნელსაცხებლების, ბლითებისა და ხილის მსუბუქი სურნელის დაჭერაა შესაძლებელი. არ დაგავიწყდეთ ინტენსივობის კონტროლი, სუნი არ უნდა იყოს მკვეთრი.

წესი #8: დატენიანება

აუცილებლად დააყენეთ შენობაში ჰაერის დამატენიანებელი სისტემა. სწორი მაჩვენებელია 18-24  °С ტემპერატურის პირობებში 40-60%.

წესი #9: რაოდენობა

თუ სახლს რეგულარულად ბევრი ადამიანი სტუმრობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩამოჯდომისთვის ყველასთვის იყოს მყუდრო ადგილი. თუ ფართი ამის საშუალებას იძლევა, შესაძლებელია ჯგუფურად დასასხდომი ადგილების მოწყობა, ასე ურთიერთობა ყველასთვის კომფორტული იქნება.

წესი #10: ფოტოსურათები

ფოტოსურათები ბინაში განუმეორებელ, პირად ატმოსფეროს ქმნის. ის  დღევანდელი ციფრული საუკუნის პირობებში განსაკუთრებით ძვირფასია. ინტერიერის სურათებით მორთვის მრავალი ხერხი არსებობს: ორიგინალური ინსტალაციის შექმნა და მისი შემოსასვლელში მოთავსება, ჩარჩოებში ჩასმა და ჯგუფურად კედელზე დაკიდება („მოგონებების ღრუბელი“), ასევე მაგიდაზე შუშის ქვეშ მოთავსება (თუმცა არა კაბინეტში, არამედ სამზარეულოში ან სასტუმრო ოთახში).

 

პატრიცია ურკიოლას თანამედროვე დიზაინი

სახლი თეთრი, მინიმალისტური ინტერიერით – Kuba & Pilař architekti-ს ნამუშევარი