in

არქიტექტურა, როგორც სოციუმის დაკვეთა — ინტერვიუ სულხან სულხანიშვილთან

სულხან სულხანიშვილი თანამედროვე ქართული არქიტექტურის კიდევ ერთი წარმომადგენელია, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროექტები მოიცავს როგორც კერძო ნამუშევრებს, საცხოვრებელ ობიექტებს, ისე საზოგადოებრივ სივრცეებს. დღევანდელ ინტერვიუში არქიტექტორი საკუთარი კარიერის პირველ ნაბიჯებს, იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იხსენებს, რომლებმაც აქამდე მოიყვანა. აფასებს ქართული არქიტექტურის სფეროს, სამშენებლო სექტორს და მის გამოწვევებზე საუბრობს. ასევე გვიზიარებს მისთვის რჩეულ თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნიმუშებს და საკუთარ პროექტებს განიხილავს.

გვიამბეთ, როდის დაინტერესდით ხელოვნებით, კერძოდ არქიტექტურით და რატომ დაუკავშირეთ თქვენი პროფესია ამ სფეროს?  

სკოლის პერიოდში სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. მიუხედავად იმ პერიოდის უშუქობის, უწყლობისა და არეული მდგომარეობისა, სამხატვრო სკოლაში ვიღებდი იმ დადებით ემოციებს, რაც გარემოს აკლდა. იქ შევიძინე უამრავი მეგობარი, ვესწრებოდი სხვადასხვა საინტერესო გაკვეთილს —  ხელოვნების ისტორიას, გრაფიკას, ჭედურობას, კომპოზიციას და ქანდაკებას. განსაკუთრებით მიყვარდა ძერწვა – შემეძლო დღეები არ გავსულიყავი სახლიდან და ლამფის შუქზეც მეძერწა. მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოქანდაკის პროფესიას პერსპექტივა არ ჰქონდა, წარმატების მიღწევა კი ძალიან რთული იყო, ჩემი არჩევანი არქიტექტურის ფაკულტეტზე შევაჩერე. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ჩემმა მეგობარმა, საბოლოოდ, სამხატვრო აკადემია აირჩია და ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა დედამ, რისთვისაც მადლობელი ვარ, რადგან სწორი გზისკენ მიბიძგა.

ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრი

შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული გზა?

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  მუშაობა დავიწყე დიზაინერად ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც წელიწადზე მეტი დავყავი. შემდეგი ჩემი სამუშაო გამოცდილება, როგორც არქიტექტორის, გაგრძელდა ART-Studio-ში, სტუდია 24-ში, რივერსაიდში და სტუდია ORRI-ში. პარალელურად კერძო დაკვეთებსაც ვასრულებდი კურსელებთან ერთად.

ამასთან ერთად, ვმუშაობდი „ქართუ ჯგუფში“ არქიტექტორის პოზიციაზე, კერძოდ კი საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროექტზე მერაბ ნათაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ასევე ბათუმის დელფინარიუმის პროექტზე, თუმცა ერთი წლის თავზე დავასრულე ყველა კომპანიასთან თანამშრომლობა და 2007 წელს საკუთარი სტუდია შევქმენი ჩემს ჯგუფელ, გივი მაჭავარიანთან ერთად.

უკვე სტუდიის ფარგლებში გავიმარჯვეთ „ქართუ ჯგუფის“ ორგანიზებულ კონკურსში ბოტანიკის ინსტიტუტის და ჰერბარიუმის შენობის პროექტით ქ.თბილისის ბოტანიკურ ბაღში. აქტიურად ჩავერთეთ მის განხორციელებაში, აქტიურად ვასრულებდით კერძო პროექტებსაც ბათუმსა და თბილისში. 2008 წელს გავხდით ლაურეატები არქიტექტურული პრემიის ორ ნომინაციაში — ,,წლის საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“ – გაიმარჯვა თუშეთის ვიზიტორთა ცენტრმა ომალოში, ხოლო ,,წლის საუკეთესო პროექტი“-ს ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელიც ასევე ლაურეატი იყო  2010 წლის არქიტექტურული პრემიის ნომინაციაში  ­— ,,წლის საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“. ზედიზედ ამდენი წარმატების შემდეგ, მოულოდნელად დაიწყო 2008 წლის ომი, რომელსაც მოჰყვა მსოფლიო კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფინანსებით ვცდილობდით სტუდიის შენარჩუნებას, ერთი წლის თავზე მოგვიწია კომპანიის დახურვა. ამის შემდეგ მალევე მივიღე შემოთავაზება ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც ლეგენდარული არქიტექტორის, ბატონი ლერი  მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ვმუშაობდი. 2012 წლიდან ისევ დავუბრუნდი კერძო სექტორს და ზაალ ხვიჩიასთან ერთად დავაფუძნეთ კომპანია Green Studio, რომელსაც დღემდე ვხელმძღვანელობთ. შეიძლება ითქვას, დღეს გვყავს გუნდი, რომელსაც სრულად ვენდობით და ვეყრდნობით, თამამად ვიღებთ მონაწილეობას როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო პროექტებში. ამას გარდა, გვაქვს კომპანია, რომელიც ამზადებს ავეჯს ჩვენი პროექტებისა და კერძო შეკვეთებისთვის.

ბოტანიკის ინსტიტუტი და ჰერბარიუმი თბილისის ბოტანიკურ ბაღში

ვისაუბროთ სამუშაო პროცესზე და იმ გამორჩეულ ნამუშევრებზე, რომელსაც თქვენი პროექტებიდან გამოყოფდით 

ვფიქრობ, ყველა ჩემი პროექტი ინდივიდუალური მიდგომით სრულდება, ყველგან ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ლანდშაფტი, გარემო და დამკვეთის მოთხოვნა. ალბათ ამ მხრივ გამორჩეულები არ ვართ, რადგან ყველა პროფესიონალი ასე უდგება საქმეს. სამწუხაროდ, დღეს იმ დოზით ვეღარ ვახერხებ პროექტში ჩართულობას, როგორც ვისურვებდი, რადგან პროექტზე მუშაობისას ყველაზე მეტად სიმშვიდე და კონცენტრაციაა საჭირო. დღევანდელი ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე კი ამ ყველაფერს ვერ ვახერხებ, რადგან სრულად გადართული ვარ კომპანიის მენეჯმენტზე. გუნდში გვყავს ახალგაზრდა არქიტექტორები, რომლებიც ახლებური ხედვით და ჩვენი მინიმალური ჩართულობით დამოუკიდებლად მუშაობენ პროექტებზე, რაც კარგია. მიმაჩნია, რომ დროა, გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ.

რაც შეეხება განხორციელებულ პროექტებს, ალბათ, გამოვყოფდი თუშეთის ვიზიტორთა ცენტრს ომალოში. 2006 წელს მომიწია მუშაობა ირაკლი მუშკუდიანის სტუდიაში, სადაც ვახორციელებდით თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის პროექტს. ეს იყო ჩემი პირველი შეხება თუშეთთან, რის შემდეგაც კარგად მოვინახულე ეს ულამაზესი, ყველასგან გამორჩეული მხარე და მოვიწამლე თუშეთის სიყვარულით. დღემდე ვცდილობ, თავისუფალ დროს თავიდან ვნახო ყველა კუთხე კუნჭული, ათასჯერ მაქვს შემოვლილი ეს ადგილები, მაგრამ მაინც არ მბეზრდება.

ვიზიტორთა ცენტრი თუშეთში

საინტერესოა, თავად როგორ აფასებთ ამ პროფესიას? რა როლი აქვს მას თანამედროვე სამყაროში?  

არქიტექტურა არის პროფესია, რომელიც არსებული პერიოდის სოციუმის დაკვეთას გამოხატავს. ის ყველა სფეროზე ზემოქმედებს და ბიზნესისა და ცხოვრების სწორად დაგეგმვაში გვეხმარება. არქიტექტურა, თავისთავად, მუდამ  ცვლადი და განვითარებადი პროფესიაა, რომელიც დროსთან და ეპოქებთან ერთად ვითარდება. მაგრამ ბოლო წლების ტექნოლოგიური გარღვევის პერიოდში, მსოფლიო არქიტექტურა საერთოდ გასცდა ყველანაირ საზღვრებს და თითქოს ყველაფრის აშენება და დაპროექტება გახდა შესაძლებელი.

ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად ქართულ რეალობაზე, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?   

საქართველოში ჩვენი პროფესია დროსთან ერთად ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წელია თითქმის აღარ ტარდება კონკურსები, რაც პროფესიულად ყველაზე მეტად ზრდის არქიტექტორს. ამასთან ერთად, აღარ არის იმ დოზით გემოვნებიანი დამკვეთი, თუმცა მაინც ვახერხებთ და ვცდილობთ ყველა პროექტში მეტ-ნაკლებად სიახლის შეტანას.

დღესდღეობით ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია, რომელიც უცხოურ პროექტებზე მუშაობს ევროპული სტანდარტებით, რასაც ცხადია მივესალმები. უამრავი სტუდენტია, რომელმაც საზღვარგარეთ გააგრძელა სწავლა. ბევრია ისეთიც, ვინც უცხოურ ძალიან ცნობილ სტუდიებში მუშაობს. სწორედ ეს ახალგაზრდა თაობაა ჩვენი ქვეყნის მომავალი, მათ უნდა დააპროექტონ და ააშენონ ეს ქვეყანა, რომელიც სრულად აღსადგენია.

თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სამშენებლო სექტორი და როგორ ხედავთ ამ პრობლემებიდან გამოსავალს?  

სამწუხაროდ, განვითარების თვალსაზრისით, იმავეს ვერ ვიტყვი სამშენებლო სექტორზე, რადგან არქიტექტორებისგან განსხვავებით, მათ არ უყვართ სიახლეები, არ უნდათ განვითარება და ურჩევნიათ ძველი სტანდარტებით აშენონ მაშინ, როდესაც მსოფლიო განვითარების სრულიად სხვა მასშტაბზეა ასული. დღეს ძალიან ძნელია ნახო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მშენებელი (ალბათ ერთეულებს გამოვყოფდი), უმეტესობა თვითნასწავლი მშენებელია, რომელსაც არც შესაბამისი ცოდნა აქვს და არც სურვილი, რაიმე ახლის სწავლის. ბევრმა მათგანმა, სამწუხაროდ, პროექტის კითხვაც არ იცის, ამ დროს კი დამკვეთი მათ ანდობს საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, სადაც ათობით ოჯახმა უნდა იცხოვროს. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. სახელმწიფომ მშენებლებს უნდა მოსთხოვოს ლიცენზია და არა არქიტექტორებს, რომლებსაც შესაბამისი განათლება, გამოცდილება და დიპლომი აქვთ. მშენებელს კი მხოლოდ წინა საუკუნის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. რა თქმა უნდა, არსებობენ კომპანიები, რომლებსაც პროფესიონალი, გადამზადებული კადრები ჰყავთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმ რეალობასთან შედარებით, რაც ქვეყანაში ხდება.

მკითხველისათვის საინტერესოა, რომელ ქართულ არქიტექტურულ ნამუშევრებს გამოარჩევდით? 

გამოვარჩევდი ყოფილი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობას (1974 წ), დღევანდელ საქართველოს ბანკის სათავო ოფისს, გიორგი ჩახავას და ზურაბ ჯალაღონიას გენიალურ პროექტს, რომელმაც დროს გაუძლო. პროექტი ურთულეს  რელიეფთან  უმარტივესად არის შერწყმული, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორებს კომუნისტურ ჩარჩოებში მოუწიათ მუშაობა, მაინც მოახერხეს და ისეთი პროექტი შექმნეს, რაც აგერ უკვე 50 წელია ინტერესს არ კარგავს როგორც ქართველ, ისე უცხოელ არქიტექტორებში, რადგან ხშირად უცხოელი კოლეგები თბილისში სტუმრობისას სწორედ ამ შენობის ნახვის დიდ სურვილს გამოთქვამენ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ პროექტის ავტორებთან მომიწია შეხება.

ასევე თანამედროვე ქართული პროექტებიდან ძალიან მომწონს არქიტექტურული პროექტი ავლაბარში — ,,მოედანი“, ანა ნაცვლიშვილის ნამუშევარი, რომელიც იდეალურად ეწერება ძველ, ისტორიულ გარემოში. თამამი ფერები განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის პროექტს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნამუშევარში არც მასშტაბია დარღვეული, რაც დღესდღეობით ქართული არქიტექტურის დიდი პრობლემაა.

“მოედანი”

ინტერვიუს დასასრულს, გაგვიზიარეთ თქვენი მიმდინარე და სამომავლო გეგმები

ცოტა ხნის წინ დავასრულეთ ქალაქის რამდენიმე ფასადის რეაბილიტაციის პროექტი, ასევე სულხან-საბას ქუჩაზე არსებული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძეგლის სტატუსის მქონეა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათზე მუშაობა თამარ ამაშუკელთან ერთად, რომელმაც ამ შენობების ისტორია და წარსული თავიდან გამოიკვლია და გააცოცხლა. ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ობიექტზე, ხოლო რომელი იქნება მათგან უფრო საინტერესო, დრო გამოარჩევს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ხე ინტერიერში — რამდენიმე შთამაგონებელი იდეა ქართული პროექტებიდან

პატარა საოჯახო თავშესაფარი ურუგვაის სანაპიროზე