სუფრის ორიგინალურად გაფორმება დღეს საკმაოდ პოპულარული ტრენდია. გარდა იმისა, რომ მთელი ეს პროცესი საკმაოდ საინტერესო და შთამაგონებელია, მიღებული შედეგი იმდენად დიდ ესთეტიურ სიამოვნებას იძლევა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს საკუთარი თავისა და სტუმრების გახალისების ამ ფორმას. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ მოგიმზადეთ რამდენიმე მარტივი რჩევა, რაც დაგეხმარებათ მაგიდის ორიგინალურად გაფორმებაში პროფესიონალების დახმარების გარეშე.
- მოიფიქრეთ თემა
იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ მაგიდის გაფორმების საინტერესო დიზაინის შექმნა, თემის არჩევა არც თუ ისე ცუდი იდეაა. თემა ყოველთვის გვაძლევს მიმართულებას და გვკარნახობს კონკრეტულ იდეებს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას. მაგალითად, „გაზაფხული“, „ფერწერა“, რომელიმე უცხო ქვეყნის კულტურა („იტალია“, „იაპონია“), დღესასწაულები (შობა, აღდგომა, სიყვარულის დღე, დედის დღე…) და სხვა. აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული ემოციები ამ შემთხვევაში სუფრის აქსესუარებით გადმოიცემა და მთელი ეს პროცესი ძალიან პოზიტიური და დასამახსოვრებელი ხდება.
- გამოიყენეთ დახვეწილი ჭურჭელი და აქსესუარები
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ გარემოში ზედმეტი პომპეზურობა არ არის საჭირო, პანდემიის პირობებში ყველას გვენატრება ცოტა გადაპრანჭული გარემო. სწორედ ამიტომ, თამამად გამოაწყვეთ ვიტრინაში გადანახული ძვირფასი ფაიფურის ჭურჭელი, ბროლის ჭიქები და ვერცხლის დანა-ჩანგალი. თქვენ ამას იმსახურებთ. ასევე გახსოვდეთ, რომ თქვენი სუფრა ბევრად ელეგანტური შესახედაობის იქნება თუ ქსოვილის ხელსახოცებს გამოიყენებთ
- არ დაივიწყოთ ყვავილები
სუფრის გაფორმების აუცილებელი ატრიბუტი ყვავილებია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი განსხვავებული დიზაინის ხელოვნური მცენარე არსებობს, ჩვენ გირჩევთ, რომ ყოველთვის ცოცხალი ყვავილები შეარჩიოთ. ბუნებრივი მცენარეები სიცოცხლის სიმბოლოს განასახიერებენ და ისინი ძალიან დიდ ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებენ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თემიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა ვარიანტის შერჩევაა შესაძლებელი, რაც მუდმივი ექსპერიმენტებისა და მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.
- დეკორის ელემენტები მაგიდაზე
სხვადასხვა აქსესუარების გამოყენება ყოველთვის განსაკუთრებულ ხასიათს სძენს სუფრის გაფორმებას. ეს შეიძლება იყოს სტანდარტული დიზაინ ობიექტები (ლარნაკები, პატარა ფიგურები და სკულპტურები, შანდლები და სურნელოვანი სანთლები) ან სულაც თქვენთვის ძალიან საყვარელი ნივთები (მაგალითად, თქვენი პატარა შვილის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევარი). ამას გარდა, სუფრის დეკორის ნაწილად შეიძლება იქცეს ისეთი ბანალური რამ, როგორიც არის ხილი და ბოსტნეული. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ხასხასა ყვითელი ფერის შემოტანა გსურთ, საკმაოდ ორიგინალურია ლიმონის გამოყენება აქსესუარის დანიშნულებით. შეგიძლიათ მოათავსოთ ბევრი ლიმონი ერთად ჯამში ან სულაც მიმოფანტოთ ისინი მაგიდაზე. განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტის მიღება აგრეთვე შესაძლებელია ისეთი საკვებით, როგორიც არის ავოკადო, ლეღვი, გოგრა და სხვა. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დეკორის გამოყენების დროს აუცილებელია ზომიერება. მაგიდის გადატვირთვის შემთხვევაში თქვენ უბრალოდ ადგილი არ დაგრჩებათ კერძების მოსათავსებლად.
- გაითვალისწინეთ სუფრის ეტიკეტი და სერვირების წესები
ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მეტად ფორმალური და საზეიმო განწყობის შექმნა სურს. როგორც ცნობილია, ქართული სუფრის სერვირების წესი განსხვავდება ევროპული სუფრის სერვირებისგან. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ სუფრაზე ბევრი სხვადასხვა საერთო კერძი გვხვდება, ევროპულ სუფრაზე კი კერძები ინდივიდუალურია თითოეული სუფრის წევრისთვის და შესაბამისად, მაგიდაზე უფრო მეტი ადგილია დეკორაციის განსათავსებლად. ამას გარდა, ევროპული სერვირების თანახმად, სუფრის აქსესუარების მთელი ნაკრები წინასწარ (კერძების მორთმევამდე) არის განთავსებული მაგიდაზე, განსხვავებით ქართული სუფრისა, სადაც მხოლოდ ერთი წყვილი დანა-ჩანგალი ხვდება სტუმარს.
რაც შეეხება ევროპული სერვირების წესებს, როგორც „თბილისის პროტოკოლის სკოლის“ დამფუძნებელი, ნინო ახალაია განმარტავს, ამაში რთული არაფერია. “ცენტრალური (ე.წ. „სერვის თეფშის“) მარჯვნივ განლაგებულია წვნიანის კოვზი და დანები (მარჯვნიდან მარცხნივ: სალათის დანა, თევზის დანა, მთავარი კერძის დანა). ცენტრიდან მარცხნივ კი ჩანგლები გვხვდება (მარცხნიდან მარჯვნივ: სალათის ჩანგალი, თევზის ჩანგალი, მთავარი კერძის ჩანგალი). ზედა ნაწილში მოთავსებულია დესერტის ჩანგალი და კოვზი. „სერვის თეფშიდან“ მარცხენა ზედა კუთხეში გვხვდება პატარა ზომის თეფში (იგივე პურის თეფში) და მასზე მოთავსებული კარაქის დანა. ხოლო ცენტრალური თეფშის მარჯვენა მხარეს განლაგებულია სასმისები (წყლის, წითელი ღვინის, თეთრი ღვინის, ცქრიალა ღვინის, კონიაკის ან სხვა). სუფრის აქსესუარების ხმარებას ვიწყებთ „გარედან შიგნით“ პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ვიყენებთ უკიდურესად მარჯვნივ და მარცხნივ მოთავსებულ დანას და ჩანგალს, ბოლოს კი იმ წყვილს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თეფშთან,” – ამბობს ნინო ახალაია