არქიტექტურის, დიზაინის და ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის Domus-ის 10x10x10 პროექტის ფარგლებში, 2021 წელს ჟურნალის რედაქტორი ცნობილი არქიტექტორი ტადაო ანდო იქნება. 10x10x10 პროექტი გულისხმობს 10 წლის განმავლობაში, ყოველ წელს 10 სხვადასხვა არქიტექტორის მოწვევას რედაქტორის პოზიციაზე. ჟურნალი 1928 წელს შეიქმნა ცნობილი დიზაინერი ჯო პონტის მიერ და 2028 წელს 100 წლის გახდება. დომუსმა ეს წამოწყება 2018 წელს დაიწყო და რედაქტორების პოსტზე ჰყავდა ისეთი არქიტექტორები, როგორებიც არიან მიკელე დე ლუკი 2018 წელს, ვინი მაასი MVRDV-დან 2019 წელს, დევიდ ჩიპერფილდი 2020 წელს. ტადაო ანდო იქნება პირველი პრიცკერის ლაურეატი რედაქტორი ჟურნალისთვის.
“ყველაფერი რაღაც დროის აუცილებლად იმსხვრევა – შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურა ამ მოსაზრების წინააღმდეგ მიდის და მუდემივად მარადიულის ძიებაშია.” – ამბობს ტადაო ანდო “მეც მსურს შევქმნა მარადისობა. დომუსის 2021 წლის თემაც სწორედ ეს იქნება”. არქიტექტორი, რომელმაც იბარაკის სინათლის ეკლესიის პროექტი შექმნა, ასევე Punta della Dogana ვენეციაში, Bourse de Commerce პარიზში და მილანში Armani Silos პროექტი, რედაქტორად მოღვაწეობას ამ ციტატით იწყებს იმ სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე, რასაც დღევანდელი პანდემიური გარემო ქმნის. “ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილების გზაზე შუაში ვართ. ეს ძვრები სავარაუდოდ გააძლიერებს და შექმნის ახალ სამყაროს, როგორის გააზრებაც ჯერ არ შეგვიძლია”. ანდო ფიქრობს, რომ ადამიანისთვის გარემოს შესაქმნელად მეხსიერების ისტორიის და კულტურის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ურბანულ ლანდშაფტთან ერთად.”
“ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ტადაო ანდო ჩვენი გუნდის ნაწილი ხდება” – ამბობს მარია ჯოვანა მაზოჩი, DOMUS-ის პრეზიდენტი. “ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა დომუსის მკითხველთათვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ანდოს მსგავსად, ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ არქიტექტურას საზოგადოების შეცვლა შეუძლია”. დომუსის რედაქტორი ვალტერ მარიოტი კი ამბობს, რომ 2020-მა წელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რაოდენ სასწრაფოა ჩვენი ცხოვრების სტილის გადახედვა “საზოგადოებრივი სივრცის მენეჯმენტი, მუშაობა და გადაადგილება – ეს საკითხები გადახედვას საჭიროებს. ტადაო ანდო გავლენიანი არქიტექტორის გარდა თანამედროვეობის დიდი ინტელექტუალია, დომუსისთვის მასთან მუშაობა დიდი პატივი იქნება.” – ამბობს ვალტერ მარიოტი.