in

“ტალღოვანი” სახლი კანადაში – არქიტექტურული სტუდია PARTISANS-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

პროექტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ტორონტოში, კანადაში მდებარეობს და ის 2022 წელს დასრულდა. არქიტექტორებმა შექმნეს ტალღოვანი ფასადი, რომელიც მას მოქმედ ხელოვნების ნიმუშად აქცევს. სახლი არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, არამედ დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და კეთილდღეობაზეც, ამიტომ ის უნდა აერთიანებდეს ფუნქციურ თვისებებს, იყოს ესთეტიკური და ხელი შეუწყოს კომფორტსა და ჰარმონიას.

Canvas House-ს სახელით ცნობილი ეს შენობა თითოეულ ამ კომპონენტს მოიცავს და ის არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია PARTISANS-ის მიერ შეიქმნა. ნამუშევარი წარმოადგენს ინოვაციური საცხოვრებლის მაგალითს, რომელიც იდეალურად აერთიანებს თანამედროვე ცხოვრებასა და კლასიკურ დეტალებს. ის სცდება სტანდარტულ ნორმებს არა მხოლოდ აგურის გამორჩეული ფასადით, არამედ ხელოვნების, სინათლისა და სივრცის ჰარმონიული სინთეზით.

თუმცა, მისი ნახვისას ყურადღებას, პირველ რიგში, სწორედ ეს აგურის ფასადი იქცევს. მონოქრომატული, თეთრი ფერის ნიმუშები ქმნის კავშირს მეზობელ სახლებთან და პროექტებთან. ამერიკელი მხატვრის, Lary Poons-ის ადრეული ნამუშევრებით შთაგონებული ფასადი განლაგებულია ხუთი აგურის განმეორებითი მოდელის გამოყენებით, რაც საბოლოო ჯამში, ტალღოვან ეფექტებს ქმნის.

სახლმა, თავისი არატრადიციული გარეგნობის გამო, თავდაპირველად აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ტრადიციული შენობებისკენ მიდრეკილ სამეზობლოში, მაგრამ საკუთარი ადგილის დამკვიდრება მალევე შეძლო. ეს დინამიკური ექსტერიერი, რომელიც ხელოვნების ნიმუშს გვაგონებს, არა მხოლოდ მხატვრობას უკავშირდება, არამედ პატივს სცემს ტორონტოში უკვე არსებული აგურის შენობების სტილსაც.

ფასადი საკმაოდ გონივრულად არის დაპროექტებული. ის იშლება წინა ნაწილში და ქმნის გადახურვას. ეს მიზანმიმართული გეგმარება ქმნის როგორც ვიზუალურ, ასევე ფუნქციურ თვისებებსაც და პასუხობს მაცხოვრებლების საჭიროებებს.

სინათლისა და ჩრდილის ეს ჰარმონიული ნაზავი გრძელდება სახლის შიგნით, სადაც ბუნებრივ შუქში გაჟღენთილი სივრცეები ჩრდილოვანი ადგილებით არის დაბალანსებული. გარე ფასადის ხიბლი გრძელდება შიდა ინტერიერში. კარების სახელურები, მოაჯირები და ბუხარიც კი ელეგანტურად არის მოჩუქურთმებული, რაც ქმნის სკულპტურულ ეფექტებს. ინტერიერის დიზაინში სინათლის გამოყენება მას სიმშვიდეს მატებს და ქმნის ჰაეროვან, მყუდრო ატმოსფეროს.

ეს პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი, ის ასევე ფუნქციონირებს როგორც კერძო გალერეა, აქედან გამომდინარე, არქიტექტურულმა სტუდიამ შექმნა ისეთი სივრცე, სადაც ხელოვნება და ყოველდღიურობა ჰარმონიაში თანაარსებობენ. ის ეწინააღმდეგება დაწესებულ ნორმებს და ქმნის გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს, რომელიც დიდ წილად ხელოვნებაზეა დაფუძნებული. Larry Poons-ის მიერ შთაგონებული ტალღოვანი აგურის ფასადიდან დაწყებული, ზედმიწევნით შემუშავებულ ინტერიერებამდე, Canvas House-ის თითოეული ელემენტი ასახავს გააზრებულ ბალანსს ფორმასა და ფუნქციას შორის.

არქიტექტურული სტუდია: PARTISANS

ფოტოები: DoubleSpace Photography, UNO, Younes Bounhar, Teddy Shropshire

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

როგორი იატაკის საფარის შერჩევა სჯობს აივნისთვის? – ექსპერტების რჩევები

კონტრასტული აქცენტებით შექმნილი სახლი შინდისში — ტატა ქათამაძისა და დათკა გელაშვილის ინტერიერი