in

რენოვაცია, როგორც ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების ხელოვნება – ინტერვიუ ტასო რაზმაძესთან

ტასო რაზმაძე ქართველი ხელოვანია, რომელიც უნიკალური, განუმეორებელი ხედვისა და პროფესიონალიზმის წყალობით ავეჯს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. მისი ბრენდი, “ტასო დიზაინი”, ავეჯის რენოვაციის მხრივ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიად იქცა, რომელიც ჭეშმარიტ, გასაოცარ ხელოვნების ნამუშევრებს ქმნის. ინტერიერის დიზაინის ეს დარგი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და დეტალებზე ორიენტირებულია. იმისთვის რომ უკეთ გავერკვეთ ამ სფეროში, Homeis.ge ტასო რაზმაძეს გაესაუბრა:

ტასო რაზმაძე

-ავეჯის რენოვაცია დიზაინის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე რთული განხრაა. რამ გადაგაწყვეტინათ ამ სპეციალობის დაუფლება და როგორ შეძელით პროფესიული ცოდნის მიღება?

-მე პროფესიით გრაფიკოსი ვარ. დამთავრებული მაქვს სამხატვრო ათწლედი და თბილისის სამხატვრო აკადემია. განათლებით არ ვარ ავეჯის დიზაინერი. ეს ურთულესი და ძალიან საინტერესო სფეროა. მართალია, მე ამ განხრით კლასიკური განათლება არ მიმიღია, მაგრამ დღეს იმდენი საშუალებაა მონდომებული ადამიანისთვის ნებისმიერ სფეროში გარკვევისა და სურვილისამებრ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რომ ფაქტობრივად, თავად შეგიძლია ხელობის დაუფლებაც და მისი პროფესიად ქცევაც. დანარჩენი და, ჩემი აზრით, უმთავრესი, გემოვნება და ინდივიდუალიზმია.

ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი

-გვიამბეთ თქვენი კარიერული განვითარების შესახებ, როგორ მიხვედით საკუთარი კომპანიის დაარსებამდე? როგორ შეიქმნა „ტასო დიზაინი?“

– ქედმაღლობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ “ტასო დიზაინი” დღეს უკვე ბრენდია. ყველაფერი რვა წლის წინ დაიწყო, როცა ძალიან დამენანა გადასაყრელად გამზადებული ძველი ხის ტუმბო და გადავწყვიტე, ხელი შემევლო. საბოლოოდ საოცარი შედეგი მივიღე. განახლებულმა ავეჯმა ახლობლებში ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ უეცრად ჩემი სახლი დიდ სახელოსნოდ გადაიქცა. მალე მივხვდი, რომ ამ საქმეს თავს ადვილად ვეღარ დავაღწევდი. გავხსენი პირველი სახელოსნო და ასე შეიქმნა “ტასო დიზაინი”.  კმაყოფილი მომხმარებლებისა და სოციალური ქსელის დახმარებით “ტასო დიზაინი” ფაქტობრივად შესვენების გარეშე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაცილებით მეტი საინტერესო შეთავაზება მაქვს მომხმარებლისთვის, ვიდრე წლების წინ, მაინც ბევრი იდეაა განსახორციელებელი. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან ვგეგმავ სახელოსნოს გაფართოებას, როგორც სამუშაო სივრცის გაზრდით, ასევე ახალი, ბევრად მრავალმხრივი მომსახურების შეთავაზებით.

ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი

-თქვენ მიერ განახლებული თითოეული ავეჯი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია და სრულიად სხვადასხვა ესთეტიკას ესადაგება. როგორ არჩევთ და ქმნით დიზაინს სხვადასხვა ნივთისთვის?

-ავეჯის დიზაინის შექმნისას მისი საბოლოო იერსახის წარმოსადგენად ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მიწევს. ერთია ჩემი ხედვა, სურვილი და შესაძლებლობა, მეორე კი – დამკვეთის სურვილის გათვალისწინება. ვცდილობ, ნამუშევრები ერთმანეთისგან განსხვავებული გამოვიდეს. ეს ჩემთვის ბევრად საინტერესოა. მაგრამ ხშირად შაბლონებს ვერ გავურბივარ.  დამკვეთის სურვილი გადამწყვეტია. თუმცა, აუცილებლად ავისრულებ ოცნებას და გავხსნი მთლიანად ჩემი სურვილითა და გემოვნებით შექმნილ ავეჯის შოურუმს, სადაც სრულად ვაჩვენებ ყველაფერს, რაც ბოლომდე ჩემია.

ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი

-რამდენადაა ჩართული დამკვეთი თქვენს სამუშაო პროცესში? 

-რა თქმა უნდა, დამკვეთი აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში და ეს ნორმალურია. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ბოლომდე გენდობა. საოცრად ემოციურია, როცა თავისი ნივთის წასაღებად მოსული სასიამოვნოდ განცვიფრებული და გახარებული რჩება. ეს ემოცია მეც ძალიან მავსებს და მაბედნიერებს. დამკვეთის აქტიურ ჩართულობასაც თავისი კომფორტი მოაქვს. ეს ერთგვარად გიმარტივებს შრომას. იგებ იმ ინტერიერის სტილის, ფერთა გამის, ნივთების განლაგების შესახებ, სადაც განახლებულმა ავეჯმა უნდა დაიდოს ბინა. ყველაფერს დამკვეთთან შეთანხმებით წყვეტ და ისიც იღებს იმ შედეგს, რასაც ელის.

ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი

-რა არის მთავარი გამოწვევა ავეჯის რენოვაციაზე მუშაობისას? 

-მთავარი გამოწვევა და ის, რაც მამოძრავებს მუშაობის პროცესში, ყოველ ნივთში ჩემი ინდივიდუალიზმის ჩადება და საბოლოოდ კმაყოფილი დამკვეთის კმაყოფილი სახეა.

ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი
ტასო რაზმაძის ნამუშევარი

-თქვენ მიერ შესრულებულ რომელ პროექტს გამოარჩევდით? 

-რთულია, გამოარჩიო რომელიმე ნამუშევარი. ყოველ მათგანთან საოცარი სენტიმენტები გვაკავშირებს. ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით ვიღებ სასურველ შედეგს, ზოგიერთი პროექტი კი საშინლად “მაწვალებს”, თუმცა საბოლოოდ ყველა ჩემი ნამუშევარი ძალიან მიყვარს. ვერც კი დავითვლი რამდენი ძველი, გადასაგდებად გამზადებული ნივთისთვის მიჩუქებია ახალი სიცოცხლე, თუმცა ყველაზე მეტად ის ჩემი ცისფერი ტუმბო მიყვარს, რომელმაც ჩემი ცხოვრების მთავარ პროფესიას დაუდო საფუძველი.

– რას ურჩევდით პროდუქციის დიზაინის სფეროში დამწყებ ინდივიდებს?

-ძალიან მერიდება ვინმეს რამე ვურჩიო… ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ბედნიერებაა, მიაგნო შენს საყვარელ საქმეს, იშრომო თავდაუზოგავად და არ დაკარგო ინდივიდუალიზმი.

ტასო რაზმაძის ნამუშევარი

ტასო რაზმაძის ნამუშევარი

საოცნებო აბაზანა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – გაიგეთ როგორია თქვენი სტილი

მიკრო სამზარეულო ძველ თბილისში – რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული გარდასახვა