ლეგენდის მიხედვით, კიევი 7 ბორცვზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანია ტატარკა – ისტორიული, დაკლაკნილი ადგილი ქალაქის ცენტრში, რომელიც პოდოლსა და ლუკიანოვკას შორის მდებარეობს. სწორედ ამ ადგილას აიგო სახლი, რომელიც საკმაოდ რთულად მისაღწევ ლოკაციაზე დაპროექტდა – აქ მოხვედრა მხოლოდ ნაგორნაიას ქუჩით არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტორებს უნდა გაეთვალისწინებინათ ამფითეატრის ფორმის ველი და მისი კომპლექსური რელიეფი.
სახლის საინტერესო დაპროექტების საშუალებით ტერასიდან და სასადილო ოთახიდან ობოლონის რაიონის მშვენიერი ხედი იშლება. პროექტირებისას არქიტექტორებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი საკმაოდ ციცაბო იყო და ის ტერასის დონეზე „გადაჭრეს“. ამ გადაწყვეტის საშუალებით ნაკვეთის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი გაიზარდა და გამოჩნდა დასასვენებელი სივრცის ადგილი.
შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს არსებული ხეები ისე გადაიჭრა, რომ ტერასას მზე მაქსიმალურად მისდგომოდა იქ, სადაც აუზი მდებარეობს. ლანდშაფტის არქიტექტურის ამგვარი დაგეგმარების საშუალებით სახლში ზამთარშიც აღწევს მზის ნანატრი სხივები.
სახლი ვერტიკალურადაა დაგეგმილი, რაც ბორცვიდან ჩამომავალი წვიმის წყლის დაგროვებას უწყობს ხელს. სახლის მისაღები ფოიედან ორმხრივადაა შესაძლებელი ბაღში გასვლა. სასტუმრო ოთახი ინდივიდუალურია – გამოყოფილია სამზარეულოსა და სასადილო ოთახისგან და ვიზუალურად იზოლირებულია სახლის აქტიური ნაწილისგან.
იქმნება ილუზია, რომ სასტუმრო ოთახი მთლიანად ბაღში მდებარეობს და მასთან სრულიადაა გაერთიანებული, თუმცა რეალურად ეს ორი სივრცე ერთმანეთს არ კვეთს. ბავშვების საძინებელი ოთახები მთავარი საძინებლისგან კიბითაა გამოყოფილი. კაბინეტსა და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახს საკუთარი ტერასა აქვთ. სახლის სრული ფართობი 310 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ფოტოგრაფი: Andrey Avdeenko, Vitaliy Pravik