რაც დრო გადის, სულ უფრო მრავლდება თბილისში ისეთი ადგილი, სადაც სიამოვნებით წავალთ, მივირთმევთ ჭიქა ყავას, ან თუნდაც ღვინოს და ინტერიერითა თუ ექსტერიერით დავტკბებით. სწორედ ასეთი ადგილების სიმრავლემ გვიბიძგა, კიდევ ერთხელ გიამბოთ ჩვენს რჩეულ კაფეებზე, თუმცა, ამჟამად იმ კაფეებზე, რომლებსაც განსაკუთრებული გარე სივრცე აქვთ. მაშ ასე, დავიწყოთ:
ნინიას ბაღი ამ წელს მოევლინა თბილისს და ეს ცნობილი “ფრთიანი” ფრაზა მერიკო გუბელაძემ კაფედ გადააქცია. ნათელი ტონები, ხის ავეჯი და ფანჯრების სიმრავლე აქაურობას ძალიან მშვიდ და განსაკუთრებულ იერს ანიჭებს. თუმცა, ნინიას ბაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსება უდავოდაა მისი ეზო – მცენარეებით, კოხტა სკამებითა და მაგიდებით დატვირთული, სასიამოვნო გარე სივრცე. აქვე გეტყვით, რომ ნინიას ბაღის ინტერიერი პროფესიით ფოტოგრაფ ირა კუდრიაშოვას ეკუთვნის.
კაფე ალუბალი რუსთაველის ერთ ვიწრო ჩასახვევში, ეკალაძის ქუჩაზე მდებარე მყუდრო კაფეა. ჩვენ თუ გვკითხავთ, ამ კაფის მთელი გრაციოზულობა მისივე ხის ნათელ ავეჯსა და ძალიან ბევრ და გამორჩეულ მცენარეში მდგომარეობს. როდესაც ალუბალის პატარა კარში შეყოფთ თავს, მაშინვე ბაღი გადაგეშლებათ თვალწინ – სწორედ ისეთი, რომ ვერც კი იფიქრებთ, თუ ამ პატარა კარის მიღმა ასეთი სილამაზე იმალება.
თუკი თბილისში გაიკითხავთ, რომელ კაფეს აქვს ძალიან ლამაზი გარე სივრცე, ერთ-ერთ ვარიანტად აუცილებლად “შავ ლომს” დაგისახელებენ – ადგილს საოცარი ეზოთი. აქაური ხეები და მაგიდები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შავი ლომის ლუდი უყვართ – აქაურობა ხომ სწორედ ამითაა განთქმული. თუმცა, აქ მოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში ღირს, საამისოდ კი დაიმახსოვრეთ მისამართი – ქვლივიძის 30.
სანამ ლისის ტბამდე მიხვალთ, ამაშუკელის ქუჩაზე, მარცხნივ ერთი ასეთი ლამაზი კაფე “ვერდე” მდებარეობს. ის აუცილებლად მოგხვდებათ თვალში, რადგანაც ეს ადგილი კაფესთან ერთად, მცენარეების მაღაზიაცაა და აქაური სიმწვანე დაუყოვნებლივ მიიქცევს თქვენს ყურადღებას. თუკი ერთხელ მოხვდებით ვერდეში, აუცილებლად დაგამახსოვრდებათ აქაური ზეთისხილის ხეები, რომლებიც მთელ ეზოში გაბნეულადაა. მასთან ერთად კი უამრავი ტიპის მცენარეს გადაეყრებით. და მაინც – გირჩევთ “ვერდე” საღამოს ნახოთ, როცა ეს მცენარეები ღამის განათებაზე სულ სხვაგვარად და მაგიურად გამოიყურებიან.
აი, ეს კი ის ადგილია, რომელსაც არამხოლოდ ლამაზი შიდა და გარე სივრცე, არამედ ლამაზი ისტორიაც აქვს. ეს სახლი მაყაშვილებს ეკუთვნოდათ – ოჯახს, სადაც უამრავი სახეობის კერძი მზადდებოდა. გავიდა დრო და ერთ-ერთმა მაყაშვილმა გუგა კოტეტიშვილს აქ კაფეს გაკეთება თხოვა. ჰოდა, გუგამაც არ დაიშურა ენერგია და ძველებური მასალებით ახალი და ძალიან ორიგინალური კაფე შექმნა. კანდელაკის დასაწყისში მდებარე ამ კაფეს საოცარი ეზო აქვს – აქ ნამდვილად მოწყდებით ქუჩის ხმაურსა და ყოველდღიურ რუტინას.
Cafe Flowers თბილისის ერთ-ერთი საკულტო კაფეა, რომელიც მრავალმხრივ გამოირჩევა. ამ ადგილიდან თბილისის საოცარი ხედი იშლება – ის ხომ რიყის პარკის თავზე მდებარეობს და მთელ ძველ თბილისს გადაჰყურებს. თუმცა, თუკი აქ ერთხელ მოხვდებით, აუცილებლად სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ აქაური მცენარეების სიმრავლე, ერთგვარი ბაღი, რომელიც დასაჯდომ ადგილებთან სულ ახლოს მდებარეობს. ჩვენი რჩევა იქნება, აქაურობას გაზაფხულზე ესტუმროთ – წელიწადის ამ დროს, როცა ნებისმიერი ბაღი განსაკუთრებულად ლამაზია.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე