in

ტელევიზორი, რომელიც კედლის ნახატად იქცევა და სხვა ჭკვიანი ნივთები თანამედროვე სახლისთვის

XXI საუკუნეში ადამიანებს აქვთ ყველაფერი, რაზეც საუკუნეების წინ მეცნიერები მუშაობდნენ. მარტივი აპლიკაციებით დაწყებული, “ჭკვიანი” ნივთებით დასრულებული, ბაზარზე მომხმარებლის კომფორტზე მორგებული უამრავი პროდუქტი არსებობს. სახლის მოწყობის პროცესში მომხმარებლების უმრავლესობა სწორედ ამ სახის ნივთებზე აკეთებს არჩევანს.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე ჭკვიანი ნივთის შესახებ, რომელთა შეძენაც სახლში კომფორტისა და სიმდიდრის ეფექტის შექმნაში დაგეხმარებათ.

ჭკვიანი ჩარჩო

ტელევიზორის ეს უცნაური მოდელი „სამსუნგს“ ეკუთვნის და მთავარი იდეა ისაა, რომ როდესაც ტელევიზორს არ უყურებთ და ის გათიშული გაქვთ, ეკრანის ნაცვლად, სხვადასხვა ნახატები ჩნდება, რომლებიც კედლის ნახატების შთაბეჭდილებებს ქმნიან. ტელევიზორი სხვადასხვა დიზაინით იყიდება და მათ შორის “მონა ლიზას” ნახატსაც კი შეხვდებით.

რობოტი მტვერსასრუტი

სტანდარტული მტვერსასრუტი რობოტის მოდელით უკვე უამრავმა დიასახლისმა ჩაანაცვლა, რადგან რობოტ მტვერსასრუტს შეუძლია ადამიანური ძალისხმევის გარეშე მაქსიმალურად ეფექტურად გაწმინდოს და დაასუფთაოს სახლი. ამას გარდა, ის იმართება ტელეფონში ჩაწერილი აპლიკაციის ან სპეციალური პულტის მეშვეობით, რაც დასუფთავების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

ჭკვიანი საკეტი

ამ საკეტებს თავდაპირველად კორპუსების მაცხოვრებლებისთვის იყენებდნენ და ის კორპუსის მთავარ შესასვლელ კარზე მონტაჟდებოდა, თუმცა ამჟამად ის საცხოვრებელ ბინებსა და აგარაკებზეც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჭკვიანი საკეტი არის მოწყობილობა, რომლის გაკონტროლებაც სახლის მეპატრონეს ტელეფონში ჩაშენებული სპეციალური პროგრამის საშუალებით შეუძლია და ის ელექტრო გასაღების ფუნქციას ასრულებს.

ჭკვიანი კამერა

ჭკვიანი კამერა არის მცირე ზომის მოწყობილობა, რომელიც ზარის ღილაკს უკავშირდება და საშუალებას გაძლევთ, ტელეფონიდან ან ნებისმიერი მოწყობილობიდან ადევნოთ თვალი სახლის გარეთ მიმდინარე პროცესებს, ამისთვის მხოლოდ ინტერნეტთან უწყვეტი კავშირია საჭირო.

ჭკვიანი თერმოსტატი

ეს მოწყობილობა უკავშირდება გათბობის სისტემებს და უზრუნველყოფს ტემპერატურის ბალანსს. როდესაც სახლში ტემპერატურა საგრძნობლად იწევს, ის ავტომატურად თიშავს გათბობას. სასურველი ტემპერატურის დაყენება შეგიძლიათ ტელეფონსა და კომპიუტერში ჩაშენებული პროგრამით, რომლის მართვაც დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.

ჭკვიანი მაღვიძარა

ეს მოწყობილობა ისეა დაპროგრამებული, რომ ის შეიცავს სხვადასხვა ეტაპებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თქვენს გაღვიძებაზე. მოწყობილობა იყენებს ფსიქოლოგების მიერ რეკომენდებულ ხმებს, განათებას და სხვა ტექნოლოგიებს.

ჭკვიანი სანათი

სანათის ეს მოდელი განსაკუთრებით უხდება მინიმალისტური სტილის მქონე ინტერიერის დიზაინს. მისი ნათურები იმართება დისტანციურად და სინათლის რეგულირებას ახდენს ავტომატურად, ოთახის ბუნებრივ განათებასთან შეთანხმებულად.

მართალია, ამ მოწყობილობების უმრავლესობას საკმაოდ დიდი ღირებულება აქვს, თუმცა მათი შეძენა სახლის საქმეებს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ, შეგიქმნით თქვენს კომფორტზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს და მოგცემთ საკუთარი საცხოვრებელის შორი მანძილიდან გაკონტროლების შესაძლებლობასაც.

ხელსაბანი პლინტუსების გარეშე – რატომ არიდებენ ამ საქმეს თავს ქართველი ხელოსნები?

6 რჩევა საცხოვრებელი სახლის ინტერიერის მოწყობასთან დაკავშირებით — Art Line Group-ის გზამკვლევი