სისტემა „ჭკვიანი სახლი“ ყველა საცხოვრებლისთვის აუცილებელი ასისტენტია, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით სახლში დამონტაჟებული თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა მართოთ.
ჭკვიანი სახლის სისტემის ისტორია
პირველად ტერმინი „ჭკვიანი სახლი“ აშშ-ში 70-იან წლებში გამოიყენეს. უპირველეს ყოვლისა, ის განიმარტება, როგორც სისტემა, რომელიც სივრცის რაციონალური გამოყენებისთვის და ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის არის შექმნილი. ოთხმოციან წლებში „ჭკვიანი“ ტენოლოგიის შექმნის სურვილი გაჩნდა. ეს მიმართულება ძალიან ნელა გავრცელდა, მაგრამ ზოგიერთმა ევროპულმა კომპანიამ ჭკვიანი ტექნოლოგიების წარმოება დაიწყო.
„ჭკვიანი სახლის“ სისტემის ძირითადი ფუნქციები
ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ განათების სისტემა, მაგალითად:
- შუქის ჩართვა მოძრაობის სენსორის დახმარებით;
- სმარტფონის ან პლანშეტის საშუალებით განათების დისტანციურად მართვა;
- სინათლის დონის სურვილისამებრ შეცვლა;
- სახლში მაცხოვრებლის არსებობის სიმულაცია, რაც ნიშნავს, რომ შუქი პერიოდულად ჩაირთვება.
„ჭკვიანი სახლის“ სისტემაში უსაფრთხოების ფუნქციაც არსებობს. შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით ვიდეო ჩანაწერები იხილოთ და მიიღოთ გაფრთხილება თქვენს ტელეფონზე იმ შემთხვევაში, თუ სისტემა ჩაირთვება ან გამოირთვება.
„ჭკვიანი სახლის“ კიდევ ერთი თვისება არის კლიმატის კონტროლის სისტემის არსებობა, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ სახლში სასურველი ტემპერატურა შეინარჩუნოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ტემპერატურა დისტანციურად შეცვალოთ.
ეს არის ყველაზე მინიმალური ფუნქციური ნაკრები, რომელიც შეიძლება სახლში დამონტაჟდეს. შეგიძლიათ ეს სისტემა სხვა სასარგებლო ვარიანტებითაც გააფართოოთ, რაც თქვენს პრეფერენციებზე და ფინანსებზეა დამოკიდებული.
რისთვის არის საჭირო ჭკვიანი სახლი?
ჭკვიანი სახლი სიმშვიდის შექმნაში და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ. თუ გაწუხებთ, რა ხდება სახლში თქვენი არ ყოფნის დროს, ხშირად გავიწყდებათ რაიმე მოწყობილობის ან შუქის გამორთვა, მაშინ ჭკვიანი სახლი თქვენთვისაა. გარდა ამისა, თუ, მაგალითად, თქვენი სარეცხი მანქანიდან წყალი გამოჟონავს მაშინ, როდესაც შინ არ ხართ, გაჟონვის სენსორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ.