in ,

ჭრებალოს მარანი – DODO Designs-ის მიერ გაცოცხლებული ისტორია რაჭაში

Banner M2
Banner M2

სულ ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ახალი ღვინის მარანი გაიხსნა. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მოიცავს ტურისტულ მარანს, სადეგუსტაციო სივრცეს, რესტორანსა და საკონფერენციო-სატრენინგო ზონას.

შენობა, რომელშიც აღნიშნული მარანია განთავსებული, 1896 წელს არის აშენებული და შესაბამისად, პროექტის დაწყებამდე მას მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა. აქედან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ნაგებობას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც აღნიშნული პროექტის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენდა.

იქიდან გამომდინარე, რომ შენობა არის ძალიან ძველი და მას აქვს საკუთარი ისტორია, ჩვენი მთავარი სურვილი იყო, ნაგებობას არ დაეკარგა ავთენტურობა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვენარჩუნებინა ის იერსახე, რაც რაჭულ ოდას ახასიათებს. ეს არის ქვის კედლები, ხის აივანი, ავეჯი და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ორნამენტი, რომლითაც ჩვენი აივნის მოაჯირია შექმნილი, ერთ-ერთი უნიკალური ორნამენტია რაჭაში. აქ ყველა ნივთი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სათითაოდაა შერჩეული,” – გვიამბობს სალომე ლეკიშვილი, “ჭრებალოს მარნის” თანადამფუძნებელი.

აღნიშნული პროექტის დიზაინზე სტუდია DODO Designs-მა იმუშავა. გუნდი მოცემულ დავალებას ჩვეული პასუხისმგებლობითა და საინტერესო ხედვით მიუდგა.

ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ, თუ რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს ობიექტი და შესაბამის იდეებს ვამუშავებთ როგორც ფუნქციური, ისე დიზაინის კუთხით. ასევე ძალიან გვეხმარება დამკვეთთან საუბარი – რა წარმოდგენა აქვს შედეგზე, ან რა ისტორია აკავშირებს მას თუნდაც ადგილთან. ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიმარტივდა დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონცეფციაზე შეთანხმება, რადგან კარგად ვიცნობდით მათ, ვიცოდით მათი ხასიათი და გემოვნება. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისუფლება მოგვცეს იდეებში და ჩვენი ნდობა ჰქონდათ. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე კარგ შედეგს ვიღებთ ხოლმე. ჭრებალოს ღვინის ეტიკეტი ძველი ქართული ორნამენტით, შენობის კარ-ფანჯრის ავთენტური ფერი, ქართული სოფლის ხასიათი, ბევრი ხელნაკეთი ნივთი, ცოტა თანამედროვე შტრიხი და ზღაპრებში დახატული სახლები – ეს იყო ჩვენი დიზაინის შემადგენელი ელემენტები,” – დოდოშკა ჩხეიძე

როგორც პროექტის ავტორებისგან ვიგებთ, აღნიშნულ ობიექტზე მუშაობა მათთვის გარკვეულ სირთულეებთანაც იყო დაკავშირებული.

“პირველ რიგში, უდიდესი გამოწვევა იყო ადგილმდებარეობა, რადგან ისე ხშირად ვერ ვახერხებდით ობიექტზე სიარულს, გაანალიზებას, ადგილზე ფიქრსა და დაგეგმვას. მეორე სირთულე კი იმაში მდგომარეობდა, რომ პირველად ვაკეთებდით პროექტს რეგიონში და არ გვინდოდა დაგვეკარგა სოფლის და კონკრეტულად რაჭის ხასიათი, მაგრამ ამავდროულად გვსურდა, ნამუშევარს დასტყობოდა დიზაინერული ხედვა და ყოფილიყო ოდნავ გამორჩეული ადგილობრივი სივრცეებისგან,” – დოდოშკა ჩხეიძე

საბოლოო ჯამში, მიღებული შედეგი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. დიზაინერებმა ნამდვილად შეძლეს ნაგებობის ავთენტურობის შენარჩუნება და ამავდროულად მას ახლებური შტრიხებიც ძალიან ოსტატურად შემატეს. პროექტის ავტორების თავდაპირველი ჩანაფიქრის შესაბამისად, “ჭრებალოს მარანი” წარმოადგენს თბილ, ფერად, მხიარულ და ზღაპრულ სახლს, სადაც ერთდროულად არის შესაძლებელი დასვენება და დროის სასიამოვნოდ გატარება კარგი ღვინისა და კერძების თანხლებით.

დიზაინ სტუდია: DODO Designs

პროექტის ავტორი: დოდო ჩხეიძე

გუნდის წევრები: ლიკა ვეშაპელი, თაკო ჩხეიძე

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

 

ტერაკოტას ფერი მისაღებ ოთახში: 6 ელეგანტური იდეა

როგორ გავხადოთ პატარა მისაღები ოთახი უფრო დიდი და კომფორტული